ვირუსიდან კრიზისამდე ანუ როგორი იქნება 2021 წელი?! - კვირის პალიტრა

ვირუსიდან კრიზისამდე ანუ როგორი იქნება 2021 წელი?!

"თუ გვინდა ექვს თვეში გაიაფდეს ტარიფები, ძალიან ხისტად უნდა მოვეკიდოთ ეროვნულ ბანკს. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არსებობდა შესაძლებლობა, დოლართან მიმართებით ლარის კურსი მაქსიმუმ 2.7-ზე შეგვენარჩუნებინა..."

ურთულესი 2020 წელი ჩააბარა მსოფლიომ ისტორიას. ყველა იმედით შევყურებთ ახალ 2021 წელს. საქართველომ პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად, მძიმე პოლიტიკური ბრძოლებიც გადაიტანა. გასული წლის მოვლენებს და მომავლის პერსპექტივებს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად ვაფასებთ:

- უპირველესად, ყველას მინდა მივულოცო ახალი წელი. ვისურვო, რომ ყველა ოჯახში დაბრუნდეს ღიმილი და მომავლის იმედი. ყველაფერი ცუდი, პანდემია და ყველა სხვა სიძნელე ძველ წელს წაეღოს. 2020 იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი ჩემს ცხოვრებაში, არადა, პატარა ნამდვილად აღარ ვარ... ბევრი ცუდი რამ დაემთხვა ერთმანეთს. ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოსთვის "კოვიდ 19"-ის პანდემიაა, რომელიც ჯერაც არ გამქრალა, მაგრამ გვირაბის ბოლოს პატარა სინათლე უკვე გამოჩნდა ვაქცინის სახით. იმედი მაქვს, წელს მსოფლიო გაუმკლავდება კორონავირუსულ ინფექციას და მეტ-ნაკლებად ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება ცხოვრება, თუმცა ეს ადვილი არ იქნება...

რაც შეეხება საქართველოს, გასულ წელს ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევა იყო, ზოგს ვუმკლავდებოდით, ზოგსაც - ვერა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემთვის ყველაზე პოზიტიური იყო პანდემიის პირველი თვეები, როდესაც ერი თითქოს შეიკრა, გაერთიანდა, თითქოს ჩვენმა პოლიტიკოსებმაც იგრძნეს, რომ არსებობს გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი რაღაც, ვიდრე მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებია, რასაც გლობალური უბედურებისგან ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავაც ვერთიანდებით მხოლოდ რაღაც დიდი უბედურებისას და ისიც - მხოლოდ კრიტიკულ ვითარებაში... როგორც კი პანდემიის შიში ოდნავ გაფერმკრთალდა, ისევ დაიწყო არნახული სისასტიკით დაპირისპირება, შემდეგ მოვიდა არჩევნების დრო და ვნახეთ, რა და როგორ მოხდა... საბოლოოდ წელი დავასრულეთ ისეთი დაპირისპირებით, რომ ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება. ამაზე დამთრგუნავი რა უნდა იყოს, როდესაც ერთი ქართველი მეორე ქართველთან ლაპარაკს ამერიკელი და გერმანელი შუამავლების დახმარებით თუ ახერხებს?!. სად წავიდა ძველი ქართული ადათი, წესი, ვაჟკაცობა, ერთმანეთის გვერდით დგომა?! ძალაუფლებისთვის ბრძოლა საკუთარი ცხოვრების უმაღლეს მწვერვალად მიაჩნიათ, არადა, ეს ყველაფერი წარმავალია, ამაოებაა. ყველა პოლიტიკური ძალა ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ქვეყანა დაინგრევა, თუ სწორედ ისინი არ მოვლენ ხელისუფლებაში... ასე არ არის, ბატონებო! 100 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ანეკდოტურ ამბად მოეჩვენებათ ისტორიკოსებს.

ერთი რამაც უნდა ითქვას - მთავრობას, გიორგი გახარიას მეთაურობით, როგორც შეეძლო, მეტ-ნაკლებად მოახერხა პანდემიასთან გამკლავება. თუ დააკვირდით, ხანმოკლე საარჩევნო პერიოდის გარდა, გახარია საერთოდ გამოთიშული იყო პარტიულ საქმიანობას... არ ვიცი, სხვა მის ადგილას რას გააკეთებდა, მაგრამ მისი მეთაურობით მთავრობის საქმიანობით ვიგრძენი, რომ სახელმწიფო არსებობს და ის ზრუნავს მოქალაქეზე. გავიხსენოთ თუნდაც ის სპეცრეისები, რომლებითაც ჩვენი მოქალაქეები ხელმისაწვდომ ფასად ჩამოიყვანეს უცხოეთიდან. 20 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ მათგან, მგონი, კრიტიკის მეტი არაფერი მოგვისმენია. ყველა ჭკუას ასწავლიდა ხელისუფლებას, არადა, სახელმწიფო და მთავრობა თავის საქმეს აკეთებდა მეტ-ნაკლებად კარგად, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ჩვენს პატარა ქვეყანას აქვს.

შეიძლება სხვა ვინმეს უკეთესად გაეკეთებინა, მაგრამ ახლა გვყავს ეს ხელისუფლება და მან მეტ-ნაკლებად გაართვა საქმეს თავი. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მათ შორის - უხეშიც, მაგრამ ვინც არაფერს აკეთებს, ის არც შეცდომებს უშვებს. ვფიქრობ, რომ ტრაგიკული შეცდომები არ დაუშვიათ...

- როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ასეთ პოლარიზაციას, რაც მერე მთელ საზოგადოებაში იჩენს თავს?

- სიძულვილი. ჩვენ გვირჩევნია ერთმანეთი გვძულდეს, ვიდრე ერთმანეთს იოტისოდენა რამ დავუთმოთ. "თუ ჩემთან არ ხარ, ჩემი მტერი ხარ" - ეს არის ბოლშევიკური, "ნაროდნიკების" ფილოსოფია. ეს დამოკიდებულება ჩვენი ავადსახსენებელი ისტორიის გადმონაშთია. თან ეს შეეხება ყველას, ვინც პოლიტიკაშია გარეული, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში. მე მათ რიტორიკაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ოფიციალური პირები მაინც ცდილობენ, ლექსიკა მეტ-ნაკლებად გააკონტროლონ - მთლად ლანძღვა-გინებაზე არ გადადიან, თუმცა ყველაფერი მაინც სიძულვილით არის გაჟღენთილი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება და ეს უბედურება მოდის რამდენიმე გარემოებიდან. პირველი არის ის, რომ უმრავლესობას ჩვენში პირველკაცობა უნდა, ცდილობს, სამი ან ხუთი მეხოტბე მაინც ჰყავდეს. ამის ნიშანია ის, რომ გასულ წელს არჩევნებში 60 პარტია იღებდა მონაწილეობას. ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!.. აშშ-ში ორი პარტიაა, სამი თუ ოთხი - გერმანიაში და რა გახდა ეს პატარა საქართველო, რომ ამდენი პარტია გვაქვს?! წესით, პოლიტიკაში ხალხი იბრძვის იდეებისთვის, პარტიებს შორის არის იდეოლოგიური განსხვავება, აქ კი პარტიები იქმნება მხოლოდ ლიდერების გარშემო, მხოლოდ პირველკაცობის სურვილით. ამის ყველაზე კარგი მაგალითია მეორე "გირჩის" შექმნა. ამაზე ტრაგიკომიკური სიტუაცია არ არსებობს! არც ერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი რამ არ მოხდებოდა. ნორმალურ ქვეყნებში თუ პარტიიდან მიდის ვინმე, როგორც წესი, პოლიტიკიდანაც მიდის, იწყებს სხვა საქმიანობას ან ძირითად პროფესიას უბრუნდება, აქ კი ხალხი პარტიიდან პარტიაში დამოგზაურობს, ისე, რომ არანაირი იდეა არ აქვთ.

ეს არის ხელმოცარული ხალხი. თუ მოუსმენთ, ნახავთ, რომ გარდა ძალიან ზედაპირული დისკურსისა, სიღრმე არც ერთს არ აქვს, არც ერთი არ ეხება მსოფლმხედველობრივ ფასეულობებს, არც ერთი არ ლაპარაკობს იმაზე, რა არის ჩვენი ქართული იდენტურობა, რით განვსხვავდებით სხვა ერებისგან, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ერი იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ჰქვია გლობალიზაცია, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და ა.შ.

ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და როცა მოდიან, მერე მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ეს რაც შეიძლება დიდხანს როგორ შეინარჩუნონ... მეტი არაფერი აინტერესებთ. ჩვენი პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლები დაკავშირებულია მხოლოდ მეტოქის ლანძღვა-გინებასთან. იმას კი არ ამბობენ, რომ თვითონ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რადგან კარგი იდეები და შესაძლებლობები აქვთ ქვეყნის წინ წასაყვანად, იმას გაიძახიან, რომ სხვა ცუდია, თვითონ კი კარგები არიან... ისინი შავ-თეთრ ინფანტილურ სამყაროს ქმნიან, არადა, შავ-თეთრი არის ზღაპრების მითოლოგია, რომელსაც ბავშვებს უყვებიან. ამიტომ ასეთი პოლიტიკა არის ინფანტილური პოლიტიკა. გარდა ამისა, ჩვენს პოლიტიკოსებს ახასიათებთ გაუმართლებელი სიჯიუტე, დათმობის უნარის არქონა. ისინი მცირე დათმობას და უკან დახევას, როგორც მარცხს, ისე აღიქვამენ. არ შეუძლიათ, შეცდომა აღიარონ და ბოდიში მოიხადონ. თან ამ ბრძოლაში ყველაფერი მისაღებია - ტყუილიც, გაყალბებაც, ქვის სროლაც... თურმე აშშ-ის ელჩი არის რუსეთის აგენტი, რადგან ის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს. თურმე ყოფილან აშშ-ის კარგი და ცუდი ელჩები... იმას არ ფიქრობენ, რომ ელჩი აშშ-ის ინტერესებს გამოხატავს. ამ ვითარებაში დიდ შესაძლებლობებს ვკარგავთ.

ნახეთ, რა ხდება თურქეთში ისლამიზაციის გამო - ახლო აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში, დიდი ალბათობით, ის ნატოს საყრდენი ვეღარ იქნება. ასეთ საყრდენად შეიძლება იქცეს საქართველო... იმის მაგივრად, რომ ეს გავითვალისწინოთ, ყველაფერი გავაკეთოთ ნატოში დროულად შესასვლელად, გამუდმებით ვჭამთ ერთმანეთს!.. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში, როცა ქვეყნის ბედსა და ხანგრძლივ პერსპექტივებზეა ლაპარაკი?!

ვერ ააგორეს მეორე "ვარდების რევოლუცია", რადგან 2003 წელს სულ სხვა ვითარება იყო, მათ შორის - გეოპოლიტიკურიც. ახლა არავინ დაუჭერს მხარს აქ არეულობას... ოპოზიციის ეს რევოლუციური გათვლები იყო აბსოლუტურად არასწორი და რეალობას მოწყვეტილი. თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი და ამით დასრულდება ყველაფერი. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ არჩევანი გვაქვს არა ორ კარგ, არამედ ცუდსა და უარეს ვარიანტებს შორის. ასეთ დღეში ჩაგვყარეს პოლიტიკოსებმა ყველამ ერთად - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც.

- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს 2021 წელს? მართლაც ვერ შეძლებენ ისინი, ფასილიტატორების დახმარებით, შეთანხმების მიღწევას? - ვფიქრობ, ოპოზიციიდან ვიღაც-ვიღაცები, ალბათ, შევლენ პარლამენტში... ფართო შეთანხმების იმედი არ მაქვს, თუმცა - ვისურვებდი... "ქართული ოცნება" ვადამდელ არჩევნებს რომ არ ჩაატარებს, აშკარაა. ამის საფუძვლიანი არგუმენტები არსად ჩანს. ვერავინ დაარწმუნა ოპოზიციამ, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების გარდა სხვა სცენარს არ განიხილავს.

ნახეთ, რა ხდება? როდესაც ყველა ერთად გაიძახოდა, გაყალბებულია არჩევნებიო, ერთმანეთი ძალიან მოსწონდათ, მაგრამ აგერ, ალეკო ელისაშვილმა თქვა, "სამართლიანი არჩევნების" მიერ პარალელური დათვლისას დაშვებული შეცდომა სიტუაციას ცვლისო და ოპოზიციის ნაწილისთვის ის უცებ გახდა ივანიშვილის ფინია. რა სიტყვებით არ მოიხსენიებენ მას ძველი თანამებრძოლები!

ისევ ის დაწყევლილი მიდგომა მუშაობს - "ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია..." რა გამოდის? ეს დასავლურად მოაზროვნე "ევროპული საქართველოც" კი ნეობოლშევიკური მენტალიტეტის ყოფილა, სხვებზე აღარაფერს ვამბობ!.. როგორც ჩანს, პოლიტიკოსების ეს თაობა უნდა დაბერდეს და წავიდეს პოლიტიკური არენიდან, რამე რომ გვეშველოს. დრო უნდა გავიდეს, ეტყობა, რომ დედის რძესთან ერთად მივიღოთ თავისუფლების გაკვეთილები, სხვანაირად არ გამოდის.

- ქვეყანაში ისედაც რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება პანდემიამ უფრო დაამძიმა. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, მოსალოდნელია უმუშევრობისა და სოციალურად დაუცველთა რაოდენობის გაზრდა... აშკარაა, ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზაფხულზე სოციალური ბუნტის ფონზე შეძლებენ პოლიტიკური პროცესის რევოლუციურად წარმართვას... - ეს არარეალური სცენარია ბევრი მიზეზის გამო. ვფიქრობ, ოპოზიციის გათვლები არასწორია. მათ რევოლუციის იმედი არჩევნების მერეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ... იმის მთავარი მიზეზი, რომ სოციალური მღელვარება მასშტაბური არ იქნება, მგონია ის, რომ ძალიან ღატაკი ქვეყანა კი გვაქვს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ შიმშილობს. მაგალითად, სოფელში ხალხს ფული არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, იმდენის მოყვანას ახერხებენ, რომ წლიდან წლამდე თავი გაიტანონ. ჩვენი მოსახლეობის 58% დაკავშირებულია სოფელთან და ვხედავთ, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობამ მკვეთრად წაიწია წინ. უნდა ვაღიაროთ, ამ მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა სოფლისთვის. მოკლედ, ეს ხალხი ქუჩაში ნამდვილად არ გავა. გაცილებით სახიფათო არიან ის დეკლასირებული ელემენტები, რომლებიც სოფლიდან წამოვიდნენ, მაგრამ ბოლომდე ქალაქშიც ვერ ჩამოვიდნენ, ერთი სიტყვით, თავიანთი ადგილი ვერსად იპოვეს. ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი სწორედ მათ შორისაა...

უმუშევართა რაოდენობა ბოლო წლებში 13-14% იყო. სავარაუდოდ, 17%-მდე ან ცოტა მეტადაც გაიზრდება, მაგრამ ასეთი ვითარება გვქონდა 2008-2009 წლებშიც, უფრო მძიმეც და გადავლახეთ...

საპროტესტო აქციები, ალბათ, იქნება, მაგრამ იქ ისეთი კრიტიკული მასა ვერ შეგროვდება, რომელიც რევოლუციას სჭირდება... ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკოსები მთლიანად მოწყვეტილები არიან რეალობას. ისინი საკუთარ წვენში იხარშებიან და ხედავენ მხოლოდ თავიანთ თანამოაზრეებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, ზოგადად, საზოგადოება რას ფიქრობს. შესაბამისად, მათი მოლოდინი მცდარია.

- წლის ბოლოს სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების გაზრდის თაობაზე. როგორც განაცხადეს, ეს ტარიფები ექვსი თვის განმავლობაში იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას მერე მიიღებენ. თქვენი აზრით, არსებობდა ამ გაძვირების ობიექტური საფუძველი? - გაძვირების ბევრი მიზეზი დაასახელა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, მათ შორის - არა მხოლოდ ლარის გაუფასურება, არამედ ისიც, რომ ძვირი ელექტროენერგიის მოხმარება გვიწევს. თუ არ აშენდა ჰიდროელექტროსადგურები, თუ ასე ვიყვირებთ და შევაფერხებთ ამ პროცესს, ძვირი ელექტროენერგიის მოხმარება მოგვიწევს და ტარიფებიც მუდმივად გაიზრდება. საქმე ის არის, რომ გაზის იმპორტი გვიწევს, რაშიც დოლარს ვიხდით, შესაბამისად, ლარის გაუფასურება დიდი ტვირთია ტარიფებისთვის... წყალს რაც შეეხება, ელექტროენერგიის გაძვირება ავტომატურად მოქმედებს წყლის გაძვირებაზეც...

თუ გვინდა ექვს თვეში გაიაფდეს ტარიფები, ძალიან ხისტად უნდა მოვეკიდოთ ეროვნულ ბანკს. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არსებობდა შესაძლებლობა, დოლართან მიმართებით ლარის კურსი მაქსიმუმ 2.7-ზე შეგვენარჩუნებინა... ლარის ძალიან დიდი მასაა მიმოქცევაში და არ არის ამდენი საჭირო...

- მას მერე, რაც გრიგოლ ვაშაძემ დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის პოსტი, პარტიამ ამ თანამდებობაზე ნიკა მელია აირჩია... - "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ძალიან გამჭრიახი და მოაზროვნე ხალხი - მორალზე არ ვლაპარაკობ - მაგრამ აირჩიეს მიხეილ სააკაშვილის მქრქალი პორტრეტი, რევოლუციური მუხტის პატრონი, თუმცა ნაკლებად ჭკვიანი და ნიჭიერი. მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური მანევრირების საოცარი უნარი და ძალიან კარგი პოლიტიკური ალღო, რასაც მელია სრულიად მოკლებულია. მას შეუძლია მხოლოდ იძახოს, წინ, ბარიკადებზეო! ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ლიდერი მხოლოდ უკან დასწევდა პარტიას. არ მგონია, რამე არსებითად შეიცვალოს "ნაციონალურ მოძრაობაში".

მელიას არჩევა ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოსწორდება - იქნება კვლავაც უკიდურესად რადიკალური და რევოლუციურ სცენარზე აწყობილი, რაც საბოლოოდ მას დაასამარებს. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძის წასვლა და პარტიასთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები სწორი იყო...

- და მაინც, როგორი იქნება 2021 წელი, სასიკეთოს რას ელით? - ვფიქრობ, თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩა, მუდმივად იქნება რყევებისა და არეულობის მცდელობა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს არ იქნება ძალადობრივი... ძალიან ცუდი იქნება, თუ ერთპარტიული პარლამენტი შეგვრჩა, მაგრამ ვნახოთ... უკეთესის იმედი დავიტოვოთ... ყველაზე სასიკეთო მოლოდინია ის, რომ იქნებ პანდემიას მოვერიოთ და ცოტა ამოქმედდეს ეკონომიკა. ეს უფრო აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, ვიდრე პოლიტიკური თამაშები. ჩვენს პოლიტიკაში რაღაც ფსევდოსამყაროა შექმნილი...

პოლიტსპექტრი მოწყვეტილია რეალობას, ადამიანებს კი უნდათ მშვიდ და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ახალი ამბები ნახეთ - ნეგატივს მიაქვს ყველაფერი! ნუთუ კარგი არაფერი ხდება ამ ქვეყანაში?!

ჩემი სურვილია, ჩვენს ცხოვრებაში ნაკლები პოლიტიკა, მეტი სიხარული და ერთმანეთის გვერდში ამოდგომა იყოს.

მინდა, რომ ნაკიანმა 2020-მა წელმა წაიღოს ეს პანდემია და ყველა უბედურება, მინდა, 2021 წელს დაიწყოს ეკონომიკური აღორძინება... მჯერა, რომ საქართველო არის თანამედროვე რელსებზე შემდგარი, მობილური ქვეყანა და თუკი ოდნავ მაინც ეს გარე პანდემიური მუხრუჭები მოგვშორდება, ის შეძლებს განვითარებას. ჩემი აზრით, მსოფლიოს ამ რეცესიიდან გამოსასვლელად სულ ცოტა, სამი წელიწადი დასჭირდება, ჩვენს კი ამ ვითარებას შეგვიძლია წელიწად-ნახევარში დავაღწიოთ თავი, ოღონდ ამას სჭირდება ძალიან კარგი მენეჯმენტი. ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს ჩვენი მთავრობა, რომ არ შეიძლება მხოლოდ ტურიზმზე ფსონის დადება. საყოფაცხოვრებო პროდუქციის 80% შინ უნდა იწარმოებოდეს. ამის გაკეთება რომ შეგვიძლია, ეს პირბადეების წარმოებამაც გვაჩვენა. მოკლედ, გვჭირდება კარგი მართვა და გაბედული ნაბიჯებით სიარული...