"ნაციონალები" და რადიკალური ოპოზიცია არც თავად შედიან პარლამენტში და სხვებსაც აიძულებენ, უარი თქვან" - კვირის პალიტრა

"ნაციონალები" და რადიკალური ოპოზიცია არც თავად შედიან პარლამენტში და სხვებსაც აიძულებენ, უარი თქვან"

"ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს"

არჩევნები, შედეგები და არჩევნების შემდგომი მოვლენები - ეს იყო 2020 წლის მთავარი პოლიტიკური პროცესი, სხვა დანარჩენი კი ამ საკითხთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული ამბავი. გაყალბდა თუ არა არჩევნები? არის თუ არა პოლიტიკური კრიზისი? ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი? - ეს ის მთავარი კითხვებია, რომლებსაც გამუდმებით ვსვამთ ჟურნალისტები და გამუდმებით ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს ვიღებთ. გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მომავალი წლის პერსპექტივებზე ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე გვესაუბრება.

- წლის მთავარი მოვლენა ის იყო, რომ მოვახერხეთ და 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე შევცვალეთ საარჩევნო სისტემა და კანონმდებლობა, გავაუმჯობესეთ საარჩევნო გარემო, მივიღეთ 1%-იანი ბარიერი, რათა გვქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი, არ დავრჩენილიყავით უკონკურენციო გარემოში და დასრულებულიყო პოლარიზება. ორ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომი მოვლენები.

არჩევნებზე, რომელიც კონკურენტუნარიანად შეაფასეს ეუთომ, ნატომ და ყველა დასავლელმა პარტნიორმა, ოპოზიცია ჯიუტად ამბობს, რომ გაყალბდა.

- თუმცა იმ ორი მილიონი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი, საზოგადოებაც უფრო პოლარიზებული გახდა. - სხვაგვარად ვერც დასრულდებოდა. რატომ? ორი მილიონი ამომრჩევლიდან ნახევარმა მილიონმა უარი უთხრა როგორც "ქართულ ოცნებას", ისე "ნაციონალურ მოძრაობას" და ხმა მისცა სხვა პარტიებს. თუმცა მაინც ვრჩებით ორპოლუსიან გარემოში, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია არც თავად შედიან პარლამენტში და სხვებსაც აიძულებენ უარი თქვან.

ხომ არ გამართულა მოსახლეობის საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები მოითხოვდნენ, რომ მათი რჩეულები პარლამენტში არ შევიდნენ, ვერც ოპოზიციის მხარდამჭერ ევროპარლამენტარებსა და სენატორებს დამისახელებთ, რომლებიც ამბობენ, რომ ვინმე პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

- როგორ შეიძლება "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვა პარტიებზე ზეგავლენა იქონიოს, რა ბერკეტები აქვს საამისოდ? - დაზუსტებით არ ვიცით, რა ბერკეტები აქვთ. თუმცა ვხედავთ, როგორი აქტიურია ნიკა გვარამია, რომელიც ოპოზიციურ ლიდერებს ტელევიზიაში იბარებდა და ხან დედა დააფიცებინა, ხან დაფაზე მოაწერინა ხელი, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ.

საინტერესოა, ოპოზიციონერ ლიდერებს "თავისუფალი" მედიის მფლობელთან რა ვალდებულება აქვთ ასეთი, რომ ეახლონ და ხან პირობები დაუდონ, რომ მართლა არ შევლენ პარლამენტში, ხან ბოდიში უხადონ ამა თუ იმ განცხადების გამო. ორი ვარიანტია: ლიდერებს ან სამი ოპოზიციური ტელევიზიის ზეწოლისა და დისკრედიტაციის ეშინიათ, ან ფინანსური ვალდებულება აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს. იმიტომ, რომ 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, საარჩევნო ბარიერიც 5%-იანი იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ არჩევნებზე მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა 3%-იანი ბარიერი, თუ 2024 წელს ბარიერი არ დაიწევს, ისევ ორპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. შესაბამისად, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბარიერის დაწევა. სამწუხაროდ, "ნაციონალების" გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია რომ შეთანხმდეს "ქართულ ოცნებასთან" და შევიდეს პარლამენტში, ბარიერის დაწევა მაინც ვერ მოხერხდება, რადგან ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანაც სწორედ ის არის, რომ არ მოხდეს შეთანხმება "ქართულ ოცნებასა" და დანარჩენ ოპოზიციას შორის, არ მოხერხდეს საარჩევნო ბარიერის დაწევა და მხოლოდ "ნაციონალებმა" შეძლონ 2024 წელს პარლამენტში შესვლა.

"ნაციონალურ მოძრაობას" ახლა ორი წითელი ხაზი აქვს: პირველი ის, რაც თემურ ალასანიამ ოპოზიციას გუბაზ სანიკიძის პირით შეუთვალა, რომ ამ მთავრობასა და პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა მიენიჭოს; და მეორე - არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და არ დაიწიოს ბარიერი, რათა 2024 წელს ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" დარჩნენ.

- თუ მართლაც ასეა, ხელისუფლება უფრო მეტად ხომ არ უნდა ცდილობდეს მოლაპარაკების შედეგით დასრულებას და ოპოზიციას საბაბს არ აძლევდეს თქვას, რომ მოლაპარაკება ირაკლი კობახიძის ხისტმა განცხადებებმა მოაქცია ჩიხში? - თუ ირაკლი კობახიძეს ხისტი პოზიცია აქვს, შეიძლება არჩილ თალაკვაძეს ჰქონდეს სხვაგვარი განწყობა. მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უკვე შედგა, გრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან.

ოპოზიციამ, "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" გარდა, ყველა შესაძლებლობა, საპარლამენტო ტრიბუნა იქნება თუ დაფინანსება, უნდა გამოიყენოს და ჯიბრზე შევიდეს პარლამენტში. შეიძლება ისინი ისე გაძლიერდნენ, რაიმე ფორმის ალიანსის შექმნის შემთხვევაში მესამე ძალადაც ჩამოყალიბდნენ. აქ შეიძლება "ლელოც" იყოს, "სტრატეგია აღმაშენებელიც", "გირჩიც" და ელისაშვილის პარტიაც. მათ ეყოფათ რესურსი, რომ "ქართულ ოცნებასაც" გაუწიონ კონკურენცია და "ნაციონალურ მოძრაობასაც". ამის შემდეგ კოალიციურ მთავრობაზეც იქნება შესაძლებელი საუბარი. თუ ოპოზიცია ამ სცენარს არ წაჰყვა და სააკაშვილი-გვარამიას სცენარი აირჩიეს, 2024 წლისთვის მათი გვარებიც კი აღარავის ემახსოვრება.

- ხელისუფლება რამდენად გულწრფელია, როცა ამბობს, რომ ხმების ხელახლა გადათვლისას 1%-იანი ცდომილების შემთხვევაშიც კი მზად არის დანიშნოს ხელახალი არჩევნები? - ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ არგუმენტად იმ ოქმებს ასახელებდა, რომლებსაც სოციალურ ქსელებში დააფრიალებდნენ. არადა, ამ ოქმებზე მათი კომისიის წევრების ხელმოწერაც არის. ეს ოქმები გადაიხედა, ყველა შეცდომა გასწორდა, ზოგიერთი ოქმი საერთოდ გაბათილდა. ეს თემა დასრულდა. ახლა ჩვენ დალუქული და შენახული გვაქვს 3850 საარჩევნო უბნის დოკუმენტაცია. თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და შექმნის საგამოძიებო კომისიას, საშუალება ექნება გახსნას ყველა უბანი ცესკოსა და სასამართლოსთან ხვეწნის გარეშე. ყველაფრის გადამოწმება და დათვლა იქნება შესაძლებელი. ესეც გავიარეთ. ოპოზიციის ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლა, რომელმაც 2%-იანი სხვაობა აჩვენა "ქართულ ოცნებასთან" და 1%-იანი სხვაობა "ნაციონალურ მოძრაობასთან". თქვენ იცით, როგორ გასწორდა ეს პროცესი და როგორ დაემთხვა ეგზიტპოლებისა და ცესკოს შედეგებს. ასეთი რამ იშვიათად ხდება.

- ხელისუფლებას რა არგუმენტი აქვს, როცა "სამართლიან არჩევნებს" ოპოზიციასთან შეთქმულებაში ადანაშაულებს? - რა თქმა უნდა, შეიძლება შეცდომა მოხდეს, პროგრამაში შეიყვანო ბათილი ბიულეტენები და ისე დათვალო. ეს არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, რომ მათ 10 დღეში უკვე იცოდნენ ამ ხარვეზის შესახებ, მაგრამ 19 დეკემბრამდე, ანუ პარლამენტის პირველი შეკრების დღემდე, დამალეს. რატომ? იმიტომ, რომ 10 ან 11 დეკემბერს რომ ეს ეთქვათ, შეიძლება რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესულიყო.

- ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სანამ "სამართლიანი არჩევნები" შეცდომის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებდა, ირაკლი კობახიძემ ეს წინასწარ იცოდა.

- ვინც არჩევნებში კარგად ერკვევა, ყველა მიხვდებოდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე - ან ხმების დათვლის მეთოდოლოგიაში იყო შეცდომა, ან გაყალბებასთან გვქონდა საქმე, რაც ორივე შემთხვევაში გამოსაძიებელი იყო. ან ცესკო უნდა ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" 2%-ით მეტი დაუწერა, ან ISFEDI, იმიტომ, რომ 2%-ით ნაკლები დაუწერა. მხოლოდ "ქართულ ოცნებაზე" არ არის საუბარი, სხვა პარტიებთანაც იყო სხვაობა. ესე იგი, ცესკომ ყველას გაუყალბა? აღმოჩნდა, რომ ცესკომ კი არ გააყალბა არჩევნები, (PVT - ხმების პარალელური დათვლის მეთოდი) გაყალბდა. ეს "სამართლიანმა არჩევნებმაც" აღიარა და ორგანიზაციის გამგეობამ დირექტორი გადააყენა. შესაბამისად, ეს არგუმენტიც გამოეცალა ოპოზიციას. მე რომ მათ ადგილზე ვიყო, ვიტყოდი, რომ პარლამენტში შევდივარ ერთადერთი მიზეზით, 4 წელი კი არ ვაპირებ მუშაობას, კობახიძის პირობა უკვე მაქვს და შევქმნი საგამოძიებო კომისიას...

თქვენ გგონიათ, იქ ოპოზიციას მართლა ეგულება გაყალბებული დოკუმენტაცია და შანსს ხელიდან უშვებს? არ შედის იმიტომ, რომ გამოძიების ჩატარების შედეგად თავადვე მოუწევს იმის უარყოფა, რაშიც ამდენ ხანს ხალხს არწმუნებდა, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა. ასეთია ჩემი ვერსია.

"ნაციონალებს" 3 თუ 4 დეპუტატი ჰყავდათ პარლამენტში და მაინც ნახევარი მილიონი ხმა აიღეს. 21 დეპუტატი ჰყავდა "ევროპულ საქართველოს", მაგრამ მხოლოდ 72 ათასი ხმა აიღო. ესე იგი, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისთვის მნიშვნელობა არა აქვს, პარლამენტში რამდენი დეპუტატი შევა, მათთვის მთავარია სააკაშვილისა და "ქართული ოცნების" მტრობა.

თუ პროცესები ქუჩაში გადავა, "ნაციონალური მოძრაობა" წაუგებელ თამაშში აღმოჩნდება. ქუჩაში უდავოდ ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს და რევოლუციური სცენარებით შეეცდება მთავრობის დამხობას. თუ ასე ვერაფერს გახდება, იმას მაინც შეძლებს, რომ 2024 წლამდე პარტია და ამომრჩეველი შეინარჩუნოს. 2024 წლისთვის კი პარლამენტში მხოლოდ "ნაციონალები" იქნებიან ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები.

ხათუნა ბახტურიძე