"რუსულ მხარეს რაღაც ახალი ჩანაფიქრი აქვს, რადგან მომლაპარაკებლის რანგი ასწია" - კვირის პალიტრა

"რუსულ მხარეს რაღაც ახალი ჩანაფიქრი აქვს, რადგან მომლაპარაკებლის რანგი ასწია"

ქართულ მხარეს არ აქვს მანევრის საშუალება და უფლება, რომ მხოლოდ დარჩენილ საზღვრის მონაკვეთებზე ელაპარაკოს რუსეთს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ქართული მხარე მთავარ აქცენტს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნებისმიერი სასაზღვრო მოლაპარაკებების მიუღებლობაზე აკეთებს და ამ ეტაპზე აღნიშნული განცხადება სრულიად საკმარისია.

"თავისთავად ის, რომ რუსულმა მხარემ როგორც იქნა მოინდომა საზღვრის საკითხებზე ლაპარაკი ერთი შეხედვით ეს ქართული მხარისთვის უნდა იყოს საინტერესო იმიტომ, რომ წლებია, 2008 წლამდე განსაკუთრებით, ქართულმა მხარემ ვერანაირად ვერ მოახერხა რუსული მხარე დაესვა მოლაპარაკებების მაგიდაზე საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე რუსული მხარე არღვევდა რა 1991 წლის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები ყოფილიყო სახელმწიფო საზღვარი და დელიმიტაცია-დემარკაცია ვერაფრით ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, რასაც უნდა იმას აკეთებდა რუსეთი საქართველოს საზღვარზე და უამრავი ტერიტორია მიიტაცა. და ერთი შეხედვით, როგორც იქნა რუსულმა მხარემ თვითონ მოინდომა ამ საზღვარზე ლაპარაკი, მაგრამ აქ ჩადო, რასაკვირველია, მზაკვრული გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საზღვარზე დაველაპარაკებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელს არ შეგვიშლიან, რომ ველაპარაკოთ ე.წ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს იგივე თემაზე. ასე რომ, საქართველო აღმოჩნდა მდგომარეობაში როცა ერთის მხრივ, საქართველოს საზღვარზე საუბარი საინტერესოა, მნიშვნელოვანია, აუცილებელია, მაგრამ მეორეს მხრივ გამოდის, რომ საქართველოს მხარე ირიბად თანხმდება, რომ ეს ორი რეგიონი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ, რასაკვირველია, ქართულ მხარეს არ აქვს მანევრის საშუალება და უფლება არ აქვს, რომ მხოლოდ დარჩენილ საზღვრის მონაკვეთებზე ელაპარაკოს რუსეთს, უბრალოდ, ქართული მხარე არ ამბობს პირდაპირ თავის განცხადებაში ამას, რომ ის თანახმა იქნებოდა საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების ოღონდ იგულისხმება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონაკვეთებიც, ოღონდ საქართველოს იურისდიქციიდან გამომდინარე. საქართველოს მხარე აკეთებს მთავარ აქცენტს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნებისმიერი სასაზღვრო მოლაპარაკებების მიუღებლობაზე. ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება სრულიად საკმარისია. როგორც ჩანს, რუსულ მხარეს რაღაც ახალი ჩანაფიქრი აქვს, რადგან მომლაპარაკებლის რანგი ასწია და გამოდის, რომ აქ მინისტრის მოადგილე კი არ იწყებს მოლაპარაკებას ქართულ მხარესთან ან რომელიმე სუბიექტთან პოსტსაბჭოთა სივრცისა, არამედ აგერ მთლად პრეზიდენტის წარმომადგენელი, მაგრამ მიუხედავად ამ რანგისა სიტუაცია არ იცვლება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. "საზღვრის" საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს.

"ინტერპრესნიუსი"