"ადამიანებს, რომლებმაც ფული გადაიხადეს, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, "პატრიოტთა ალიანსში“ ვერ უთხრეს:"დეპუტატები ვერ გახდებით" - კვირის პალიტრა

"ადამიანებს, რომლებმაც ფული გადაიხადეს, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, "პატრიოტთა ალიანსში“ ვერ უთხრეს:"დეპუტატები ვერ გახდებით"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის რამდენიმე წევრმა ფული გადაიხადა, რათა პარლამენტის დეპუტატი გამხდარიყო. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

"ქართული ოცნება" ცდილობს რამენაირად მიაღწიოს თავის მიზანს, რაღაცით მაინც შეალამაზოს თავისი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, თითქოს, ვიღაც სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც შეიტყუოს, თუმცა, ნათელია, ყველამ ვიცით "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" ახლობლობა და ერთიანობა. მაგრამ, ამ ვითარებაში ბოლომდე ესეც კი არ გამოსდით.

"პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური ნაწილი ზუსტად იგივე აზრზეა, რაზეც დანარჩენი ოპოზიციაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ის ადამიანები, რომლებმაც ფული გადაიხადეს იმაში, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, მათ მიმართ ის ნაბიჯები ვერ გადადგეს, რაც უნდა გადაედგათ. ამ მომენტამდე ჩვეულებრივად სია რომ ყოფილიყო ჩახსნილი, ეს ადამიანები ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში",-აცხადებს ბარამიძე.

გიორგი ბარამიძის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურმა ლიდერებმა "ტოტალური გაყალბებულ პირობებში არ იკადრეს პარლამენტში შესვლა".

როგორც ბარამიძე განმარტავს, "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის იმ წევრებს, რომლებმაც პარლამენტის დეპუტატობისთვის გადაიხადა თანხა პარტიაში ვერ უთხრეს "თქვენ კი გადაიხადეთ ფული, მაგრამ დეპუტატები არ გახდებით".

" მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც საზოგადოება პოლიტიკური ლიდერებად იცნობს. მაგრამ, იმ ადამიანებმა, ვინც ჩვეულებრივად ფული გადაიხადეს რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ იმ იმედად, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ბევრად უფრო მნიშვნელოვან რეზულტატებს მიაღწევდა, ახლა იმათთან ვალში არიან. ვერ უთხრეს, რომ თქვენ კი გადაიხადეთ ფული, მაგრამ დეპუტატები არ გახდებით, ამიტომ სიის ჩახსნა დატოვეს", - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის სამმა წევრმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკო-ში განუცხადეს, ცესკომ პარტიის წევრების განცხადებები მიიღო და დაარეგისტრირა.

პარლამენტმა დღეს "პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან- გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. "პატრიოტთა სიით" პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

"ინტერპრესნიუსი"