"ქართულ ოცნებას" ივანიშვილის გარეშე ნულოვანი პერსპექტივა აქვს და ეს მალე გამოჩნდება..." - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" ივანიშვილის გარეშე ნულოვანი პერსპექტივა აქვს და ეს მალე გამოჩნდება..."

"ნაციონალური მოძრაობა" არის ხელისუფლების მიერ 8 წლის განმავლობაში უზარმაზარი საინფორმაციო მხარდაჭერით ფეხზე დაყენებული პარტია"

უმრავლესობა და ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ემზადება. ამასობაში კი, "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით გასულების ადგილმონაცვლე ბიზნესმენებმა ნავსი გატეხეს და პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან. მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება. გაიზიარებენ თუ არა მათ პოზიციას სხვები, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ამ ეტაპზე დანარჩენი ოპოზიცია მოლაპარაკებების პროცესში რჩება და მათთვის გაუგებარია, მსგავსი პოლიტიკური ჰარაკირი. როგორც ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ამბობს, სიტუაცია ჩიხშია შესული და ამ დონემდე ხელისუფლების შეცდომებმა მიგვიყვანა.

- წინ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდია და, როგორც ვარაუდობენ, იქნება მეექვსეც და მეშვიდეც... როგორ ფიქრობთ, სიტუაცია ჩიხშია შესული?

- მოდი, ვთქვათ, რომ სიტუაცია, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. პოლიტიკისთვის კარგია შეთანხმება, რომელიც ნიშნავს დაბალანსებულ ურთიერთობას, ინტერესების გაგებასა და წონასწორობის მიღწევას. შექმნილი ვითარება ამ საშიშ დროში, ძალზე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს იმიტომ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ეფექტიანი მმართველობა ვერ ვნახეთ, მივიღეთ დროის გარეთ მდგომი ჩვეულებრივი კონფლიქტი და ძიძგილაობა, რომელსაც 90-იანების სუნი ასდის. აი, ესაა მთავარი შედეგი. ამასთან, წინასაარჩევნო კამპანია არ იყო სწორად გათვლილი. არც ოპოზიციამ გაითვალისწინა არჩევნების შედეგი, სადაც გამოჩნდა ხელისუფლების სისუსტე. ხალხმა აჩვენა, რომ იგი ხელისუფლებას ისე აღარ ენდობა, როგორც - ადრე და ამ სიტუაციის გამოყენება პარლამენტში ძალიან ხისტი, მჭიდრო პრესინგის მეშვეობით ოპოზიციას მძლავრად შეეძლო. თავის მხრივ, ხელისუფლებამ სრულიად ვერ გამოიყენა ამ ოპოზიციონერი ლიდერების შეცდომები და მისმა "მოლაპარაკე თავებმა" სრულიად არაგონივრული, აბსოლუტურად ბავშვური საქციელითა და განცხადებებით დაამძიმეს სიტუაცია. ფაქტობრივად, ხელისუფლების შეცდომებმა მიიყვანა სიტუაცია ამ დონემდე.

- ალბათ, კობახიძის განცხადებებს გულისხმობთ. ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ იგი ყველა რაუნდის წინ  არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა და მიზანმიმართულადაც ცდილობდა ვითარების გამწვავებას. ასე თუ გაგრძელდა, სავარაუდოდ, კრიზისი უფრო გაღრმავდება, ეს კი, ალბათ, არც ერთ მხარეს არ მისცემს პოლიტიკური სახის შენარჩუნების საშუალებას, რასაც თითქოს ცდილობდნენ...

- ეს არ იყო პოლიტიკოსის განცხადებები. კობახიძე არც არის პოლიტიკოსი. "ქართული ოცნების" საპარლამენტო ჯგუფში, ფაქტობრივად, პოლიტიკოსი საერთოდ არ არის, იმიტომ, რომ ის ფრაზეოლოგია, ის ჯინიანი დაპირისპირება, წარსულზე აპელირება ხელისუფლებაში მყოფი ხალხის მიერ, ცოტა სასაცილოდ გამოიყურება და აბსოლუტურად არასერიოზულად აღიქმება. ამან ძალიან გააფუჭა სიტუაცია. ახლა კოზირი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ხელშია. არ ვიცი, ეს უკანასკნელი როგორ გამოიყენებს ამას, მაგრამ ერთი რამ ცხადია – შეთანხმება თუ არ მოხდა, მაშინ საუკეთესო გამოსავალი იქნება ერთი წლის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა? უმრავლესობა იმედოვნებს, რომ ოპოზიციიდან თითო-ოროლა დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში...

- თითო-ოროლა დეპუტატს გადაიბირებს თუ არა ხელისუფლება, ეს იმ პრობლემას ვერ გადაჭრის, რომელიც მას შეექმნა. ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა, როცა პოლიტიკაში არავინ აღიარებს. კანონი მხოლოდ იმის გამო მოქმედებს, რომ პოლიტიკური თანხმობა არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონზე აპელირება წარმოუდგენელია. ეს ვითარება ვერაფრით გამოსწორდება - მარტო იქნები პარლამენტში, მარტო მიიღებ გადაწყვეტილებებს და ეს 4 წელიწადს ვერაფრით გაგრძელდება. ამიტომ ხელისუფლება, რაც უფრო ცუდად წაიყვანს საქმეს, მით უფრო ჩიხში შეიყვანს სიტუაციას და გაცილებით ცუდი მოვლენები და ფორმები შეიძლება განვითარდეს. ახლა ჩიხური სიტუაციაა და ვინც არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს, როგორც პოლიტიკური ფიგურანტი, განადგურდება. როცა შეიძლება მოხდეს შეთანხმება, შენ კი შტრაიკბრეხერის როლში გამოდიხარ, ეს პოლიტიკური სისულელის დემონსტრირება იქნება. უმრავლესობის მხრიდანაც შეიძლება იქნას დაშვებული სერიოზული შეცდომები. ეს "გადაქაჩვა" მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლების ლიდერები ვერ გრძნობენ, სადაა პრობლემა. ხელისუფლება რეალურად უფრო სუსტი ჩანს, მაგრამ მან არჩევნების პირველ პერიოდში ოპოზიციის შეცდომების გამო მოიკრიბა ძალები.

- რაც შეეხება "ენმ"-ს, რას მოიტანს რადიკალური ნიკა მელიას გალიდერება?

- ეს არის ხელისუფლების მიერ 8 წლის განმავლობაში უზარმაზარი საინფორმაციო მხარდაჭერით ფეხზე დაყენებული პარტია. პოლიტიკური ოპონენტის ყოველდღიური ლანძღვა, განცხადებები "შუას გაკრეფაზე" იმას ნიშნავს, რომ შენ საზოგადოების ყურადღების პოლარიზაციას აკეთებ – მე ვარ კარგი, ეს არის ცუდი და ჩემზე უარესი, მაგრამ სხვა არავინ არსებობსო. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ადამიანების ხმების გაყოფა ხდება. პოლიტიკური ლიდერები ყოველდღიურად ძალზე იდიოტურ განცხადებებს აკეთებენ. პარტია თუ დამნაშავეა, რვა წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა რატომ არ აამოქმედეს სამართლებრივი ბერკეტები და რატომ არ დაისაჯა დამნაშავე? მოეწვიათ ცნობილი უცხოელი ადვოკატები, ღია პროცესი გაემართათ ან პარტია აეკრძალათ... პარტიას სასამართლო წესით თუ არ აქვს აკრძალული მოქმედება, გამუდმებით იმის ლაპარაკი, როცა შენ ხელისუფლებაში იყავი, დანაშაულს სჩადიოდიო, პოლიტიკური თაღლითობაა. დამნაშავეს ვერ იჭერ და მხოლოდ ლაპარაკობ, სინამდვილეში, ეს არის მხოლოდ რეკლამირება და პიარი. ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ არ იცის, რას ჰქვია "პაბლისიტი" - ეს ზუსტად ის არის "ნაცმოსთვის", რასაც "ოცნება" უკეთებს - ფაქტობრივად, აპიარებს ყოველდღიურად და ადამიანებმაც გააკეთეს თავიანთი არჩევანი. "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ისინი იმდენად მიაღწევენ თავის მიზანს, რამდენადაც შეძლებენ იმუშაონ ამომრჩეველთან. რაც უფრო ცუდად იმუშავებს ხელისუფლება, მით უფრო გაძლიერდება ეს ძალა იმიტომ, რომ თვითონ ხელისუფლება ამბობს - ყველა მოვსპე და აღარავინ არსებობსო.

- ანუ გინდათ თქვათ, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ ორი მოთამაშე რჩება, შედარებით დაბალპროცენტიან პარტიებს რა შანსები აქვთ?

- ეს პარტიები მხოლოდ ანტურაჟი, ამ ორი მხარის დაპირისპირების შენიღბვა და გალამაზებაა. მათ არანაირი შანსები არ აქვთ, წინ კი კრიზისი გველის. საქმე ის არის, რომ 2016 წელს, იმის ნაცვლად, რომ "ოცნებას" ხელი შეეწყო პოლიტიკურ არენაზე დაბალანსებული, სხვადასხვა მსოფლმხედველობაზე აგებული 4-5 ძლიერი პოლიტიკური ძალის გაჩენისთვის, კონსტიტუციურ უმრავლესობას წაეპოტინა და, ფაქტობრივად, თავი დაიმარხა. "ოცნება" სულ ხომ არ იქნება? ის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იქნება, გაქრება მაშინვე, როგორც კი მისი ლიდერი გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან. "ოცნებას" პოტენციალი არ გააჩნია და პოლიტიკურ სცენაზე ის თავს ვერ შეინარჩუნებს. ჩვენ გადასვლის პრობლემა გვაქვს, რისი გაკეთებაც "ოცნებას" შეეძლო - თვითონაც ჰქონოდა ბევრი ხმა და სხვებისთვისაც ნიადაგი მოემზადებინა. ამის ნაცვლად  მივიღეთ პოლარიზაცია და სრული პოლიტიკური კრიზისის პერსპექტივა. როცა დაპირისპირებაა, ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანად, კანონიერების ფარგლებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის, რაც უკვე გვქონდა წარსულში, ანუ ჩიხში არ უნდა შევიდეთ.

- როცა "შუა ისევ იკრიფება", რა პერსპექტივა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც, როგორც ამბობენ, მუდმივად რადიკალურ სცენარზეა აწყობილი, შეძლებს იგი კვლავ ერთპარტიულად მოსვლას ხელისუფლებაში, თავს საბოლოოდ დაისამარებს, თუ იქნება მანამ, სანამ იქნება "ოცნების" მხრიდან ამ პარტიის "პაბლისიტი"?

- პროგნოზირება იმის, თუ რა მოხდება, არავის შეუძლია. რაც შეეხება რადიკალურ მოქმედებებს, რადიკალიზაციის სიტუაცია თავად ხელისუფლებამ შექმნა. მან, ფაქტობრივად, დიალოგის შესაძლებლობის ყველა გზა გადაკეტა. ღლაპების, რომლებსაც პოლიტიკოსისა არაფერი სცხიათ, წარბშეკრულმა და ჯიბრით ლაპარაკმა, რადიკალიზაციამდე მიიყვანა ვითარება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მარტო "ნაცმო" იქნება რადიკალურ პოზიციაზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე იარაღს მოჰკიდებს ხელს.

- ანტურაჟიაო, - სხვა დანარჩენ პარტიებზე ამბობთ. ისე, სავსებით შესაძლებელი იქნებოდა, თუ მოინდომებდნენ ისინი მესამე, სერიოზულ ძალად ჩამოყალიბებულიყვნენ. შესაძლებელია, რომ ამ ორი ძალის ძიძგილაობაში ეს პარტიები საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური ავანსცენიდან?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოხდება პოლიტიკური შეთანხმება. ყველაზე კარგი ეს ვარიანტია იმიტომ, რომ ნორმალურ პირობებში შეიძლება იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც 2, 3 ან 5% უჭერს მხარს. ეს სრულიად ნორმალურია, მთავარია, მას თავისი სახე ჰქონდეს და არა - ფარულად იმართებოდეს ვიღაცისგან, რაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მომაკვდინებელია. რადიკალური დაპირისპირების პირობებში, მცირე და საშუალო პარტიებს არანაირი შანსი არ რჩებათ, ჩვენ კი მივდივართ სიტუაციის რადიკალიზაციისკენ, რაც ხელს უშლის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ჩამოყალიბებას. პოლიტიკაში რომ მონაწილეობდე და გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედებდე, სუბიექტი უნდა იყო. ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ამ პროცესზე გავლენას ახდენს და რომელსაც ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს ხელისუფლება, არის "ნაცმო". პოლიტიკაში ანგარიშს უწევენ მხოლოდ ძალას, სხვას - არაფერს. შეიძლება, რომ უცხოელ ელჩებთან 1 და 2%-იანი პარტიის ლიდერები გადაწყვეტილებებს იღებდნენ? ამ პარტიებმა რა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ? ფაქტობრივად, საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხდება რეალური სიტუაციის გადაფარვა. ჩვენ გვინდა 4-5 პარტია, რომელსაც ექნება წონა, ამიტომ გვინდოდა, არჩევნებში აწონილიყო თითოეული პარტია. ჩვენ მივიღეთ მხოლოდ ორი პარტია, რომელსაც აქვს წონა. გამოდის, რომ, საბოლოო ჯამში, შეთანხმების მიღებაზე მათ უნდა ისაუბრონ იმიტომ, რომ შეუძლებელია ხელისუფლება ესაუბროს, მაგალითად, ალეკო ელისაშვილს, და თუ ის მას ესაუბრება, ეს არის მხოლოდ თამაში. როგორ შეიძლება ერთნახევარპროცენტიან პარტიას ესაუბროს ხელისუფლება და მიიღოს მისგან თანხმობა ან - პირიქით? პოლიტიკაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან, ვინც პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

- ამბობენ, რომ "ოცნება" "რებრენდინგს" აპირებს , ამასთან, პარტიის ლიდერი მარტში წავა და მის მემკვიდრედ ირაკლი კობახიძეს ტოვებსო. ეს რისი მომტანია და რით ახსნით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას?

- ეს თუ მართალია, მაშინ ივანიშვილი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს - ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. დღეს თუ ხვალ, ახალი არჩევნები აჩვენებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს მემკვიდრეობა. შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას ივანიშვილის გარეშე ნულოვანი პერსპექტივა აქვს და ეს მალე გამოჩნდება. მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო პოლიტიკაში მოსვლა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რა არის პოლიტიკური მენტალობა - შეიძლება ბრწყინვალე ქონების პატრონი, შესანიშნავი ადამიანი, ბიზნესმენი და მეცენატი იყო, მაგრამ პოლიტიკა სხვა სფეროა. არც მე ვარ ცუდი პიროვნება, მაგრამ ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიურ ორკესტრში ნებისმიერი ინსტრუმენტი რომ მომცეთ, ვფიქრობ, ეს ჩემი განადგურება იქნება. რაც ეხება იმას, ლიდერი კობახიძე იქნება, თუ სხვა ვინმე, ეს მათი პრობლემაა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პარტია ნულოვანი პერსპექტივისაა და ამას დრო გვიჩვენებს.

(სპეციალურად საიტისთვის)