"აქ საქმის ჩაწყობით არ შემოვსულვარ, ადრეც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ პარლამენტარობის დრო არ მქონდა" - კვირის პალიტრა

"აქ საქმის ჩაწყობით არ შემოვსულვარ, ადრეც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ პარლამენტარობის დრო არ მქონდა"

საქმის ჩაწყობით არ შემოვსულვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წევრმა, დავით ზილფიმიანმა განუცხადა, რომელიც პარლამენტში შედის.

მისი განმარტებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე. უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი პარლამენტში, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია უნდა იყოს წარმოდგენილი.

"რაც შეეხება ჩვენს პარტიას, სხვათა შორის, ჩვენს პარტიაში, არ მინდა სხვებზე უარყოფითი რამ ვთქვა, მაგრამ გაცილებით ჯანმრთელი მდგომარეობაა ანუ, ადამიანები თავის თავს არ აკადრებენ იმას, რომ ერთი პირი კოლეგებისგან დაუკითხავად მივიდეს და მთელი სია ჩახსნას. ჩვენ ინდივიდები ვართ და ასე არ ეპყრობიან ჩვენი ლიდერები თავიანთ წევრებს. მათ მკითხეს, ანუ ისინი არ მისულან და სია არ ჩაუხსნიათ. ვინც ჩემსავით თქვა, რომ აუცილებლად მიაჩნიათ პარლამენტში ყოფნა, რათა ოპონირების რაღაც სეგმენტი მაინც არსებობდეს, ისინი უნდა შემოვიდნენ", - განაცხადა ზილფიმიანმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა პარლამენტს მისცემს თუ არა ლეგიტიმაციას.

"პარლამენტი თვითონ ლეგიტიმურია. იცით, რომ საქმის ჩაწყობით არ შემოვსულვარ. ჩემი კოლეგებიც ლეგიტიმურები არიან. თუ ამას საერთო პოლიტიკური მცნებით მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ მე არ ჩავერევი, მაგრამ ჩემს საქმეს გავაკეთებ. ყოველთვის აქტიური ვიყავი, როდესაც ჩავთვალე, რომ უნდა შევსულიყავი პარლამენტში - შემოვედი. სხვა დროსაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ქვეყანა უნდა გადაგვეყვანა ციფრულ მაუწყებლობაზე, ამიტომ პარლამენტარობის დრო არ მქონდა. დავწერე, რომ პარლამენტარობას არ ვთვლი რაღაცით უფრო მეტს, ვიდრე იმ საქმიანობას, რასაც დღემდე ვაკეთებდი. არ გეგონოთ ამით რაღაც წინსვლა მაქვს ანუ, პირიქით, არც ფინანსურად და არც იმ საქმის სიყვარულით, რასაც დღემდე ვაკეთებდი, მასთან პარლამენტარობა არაფრით არის მეტი, მაგრამ დღეს, როცა ჩემი საქმე პირნათლად გავაკეთე, დავინახე ის კრიზისი, რისკენაც ქვეყანა მიექანება. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე", - განაცხადა ზილფიმიანმა.

მისი თქმით, სასაცილოა ოპოზიციის მოსაზრება, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა "ქართული ოცნების" მხარდაჭერაა.

"რამდენად შეიძლება სრულფასოვანი იყოს ოპონირება, როცა ჯერჯერობით მხოლოდ 4 ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი?! ეს იქნება არასრულფასოვანი, თუმცა სჯობს მცირე, ვიდრე არაფერი", - განაცხადა ზილფიმიანმა.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდათ თუ არა მათ კონსულტაცია პარლამენტში შესვლამდე "ქართულ ოცნებასთან", ზილფიმიანი პასუხობს, რომ პირადად მისი კონსულტანტი საკუთარი შინაგანი ხმაა.

"ჩემი კონსულტანტი იყო ჩემი შინაგანი ხმა და საერთაშორისო პარტნიორები. "ქართულ ოცნებაშიც", "ნაცმოძრაობაშიც" და ყველგან მყავს მეგობრები და სატელეფონო საუბრები მაქვს, მაგრამ მსგავსი საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ზილფიმიანმა.

"ინტერპრესნიუსი"