"რა გჭირთ ასეთი, რას მიეწებეთ ამ სავარაუდო სკამებს, წამოვა ხელისუფლება დათმობაზე" - რას ამბობს თაკო ჩარკვიანი "პტრიოტთა ალიანსის" წევრებზე? - კვირის პალიტრა

"რა გჭირთ ასეთი, რას მიეწებეთ ამ სავარაუდო სკამებს, წამოვა ხელისუფლება დათმობაზე" - რას ამბობს თაკო ჩარკვიანი "პტრიოტთა ალიანსის" წევრებზე?

ნუ ჩქარობენ, რა გჭირთ ასეთი, რას მიეწებეთ ამ სავარაუდო სკამებს, წამოვა ხელისუფლება დათმობაზე", - ამის შესახებ "კანონი და სამართალის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლაზე ისაუბრა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, თუ ვინმე შევა "პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტში, ეს განსაკუთრებულ ფონს ვერ შექმნის.

"მე ის მიკვირს, ოპოზიციაში რომ უკვირთ "პატრიოტთა ალიანსიდან" ვიღაც რომ შევიდა პარლამენტში. ის მიხარია, კიდევ ვინმე რომ შევიდეს "პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტში, განსაკუთრებულ ფონს ვერ შექმნის. ერთპარტიული სისტემა რომ შედგა, დიდი რაღაც მოხდა",-აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე განცხადებით, მის მიერ დასახელებულმა რამდენიმე კანდიდატმა, რომელიც, მისი აზრით, შევიდოდა პარლამენტში, სიები არ ჩაუხსნია.

"რომ შესულიყო "პატრიოტთა ალიანსის" პირველი 4 ადამიანი, მაშინ რას ეტყოდნენ ერთმანეთს ეს ბიზნესმენები და პირველი ოთხეული? კითხვები რჩება. მეც არ მიფიქრი, რომ სია შეიძლება არ ყოფილიყო ჩახსნილი. მე ასეთი რაღაცები არ ვიცი. რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ. რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი რომ დავასახელე, იმათ არ ჩაუხსნიათ სია. პირველი მერცხლები იყვნენ განცხადების თვალსაზრისით, თუმცა, შემდეგ თქვეს რომ არა, ჩვენ არ შევალთ. გუშინ მოვისმინე ლევან იოსელიანის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემას მივიღებთ, მაშინ მზად ვართ, შევალთ. საარჩევნო სისტემა უნდა მივიღოთ, აბა ჟვანიათი ვინ მივა? ვინ გულისხმობს, რომ არარეფორმირებული საარჩევნო სისტემით კიდევ რამე არჩევნები ჩატარდეს?! სამართლებრივად განვიხილოთ, თუ რატომ გამოვედით ქუჩაში, რატომ დავდეთ მანდატები, საარჩევნო სისტემის გამო, თუ გაყალბებული არჩევნების გამო. საპირწონედ საარჩევნო სისტემისა, ჩვენ ვერ დავდებთ გაყალბებას, სამართლებრივად არ შეიძლება ამის გაკეთება. ამიტომ ვამბობ, ნუ ჩქარობენ, რა გჭირთ ასეთი, რას მიეწებეთ ამ სავარაუდო სკამებს, წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა. თაკო ჩარკვიანი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წავა.

"ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდს, მართლა არ აქვს ალტერნატივა დიალოგს. პირიქით, უფრო ოპტიმისტური ინფორმაციები მაქვს. ვიცი, რომ კომპრომისზე წამოვლენ. ძალიან სერიოზული კითხვები გაჩნდა დასავლეთის მხრიდან, ცოტა ხანში მოისმენთ ამას", - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო. "ინტერპრესნიუსი"