"ვინ არის მზად კავკასიაში გადატვირთვისთვის?" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა "კავკასიურ ექვსეულსა" და საქართველოზე? - კვირის პალიტრა

"ვინ არის მზად კავკასიაში გადატვირთვისთვის?" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა "კავკასიურ ექვსეულსა" და საქართველოზე?

აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ "რიჯენ პლუსის" (Region Plus - გამოდის თვეში ორჯერ) 2021 წლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "კავკასიური ექვსეულის" პლატფორმა: "ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია: ვინ არის მზად კავკასიაში გადატვირთვისთვის?" (ავტორი - ილგარ ველიზადე).

პუბლიკაციაში განხილულია კავკასიის რეგიონში სამშვიდობო ინიციატივის ისტორია, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა წამოაყენა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს იდეა - კავკასიური მშვიდობისა და სტაბილურობის პლატფორმა - ახალი არ არის, იდეა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში გააჟღერა რეჯეფ ერდოღანმა, თურქეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა. მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა, ანკარამ კავკასიურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და იდეამ ახალ სიტუაციაში ახალი ძალა შეიძინა.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა "კავკასიის ექვსეულის" პლატფორმისადმი საქართველოს პოზიციას: ეს, ერთი შეხედვით პოზიტიური იდეა თბილისისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მასში რუსეთიც არის ჩართული. თავდაპირველად საქართველოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა მას მხარი დაუჭირა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის გამო, ფაქტობრივად, პრეზიდენტის განცხადების დეზავუირება მოახდინა.

არადა, საქართველო უკვე აქტიურად არის ჩართული კავკასიურ თანამშრომლობაში და თბილისის ნეგატიური პოზიცია, შეიძლება ითქვას, გაუგებარია. სტატიაში ასეთი ფაქტია მოყვანილი: რუსეთი საკმაოდ კარგად სარგებლობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომლითაც რუსეთის კუთვნილი ტვირთებიც გადააქვთ, მაგალითად -  მაგნიტოგორსკის მეტალურგიული ქარხნისა და კომპანია "ევრაზიის" პროდუქცია. ხშირად გადააქვთ რუსეთიდან თურქეთში რუსული ხორბალიც. ასე რომ, საქართველო რუსული პროდუქციის ტრანზიტით აშკარად მატერიალურ და ფინანსურ მოგებას იღებს. (წყარო)

იხილეთ ასევე: "კავკასიური ექვსეული": რა უთხრა ერდოღანმა პუტინს საქართველოზე?" - რას წერს თურქული გამოცემა

მოამზადა სიმონ კილაძემ