"გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით, გაბანკროტებული პარტიისგან ჩვენზე რამის თქმა ღიმილის მომგვრელია" - კვირის პალიტრა

"გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით, გაბანკროტებული პარტიისგან ჩვენზე რამის თქმა ღიმილის მომგვრელია"

"გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით და აი, ამ მართლა გაბანკროტებული და თვითგანადგურების რეჟიმში შესული პარტიიდან ჩვენზე რამის თქმა ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური კრიზისია და ის თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" დღეს უსუსურ მდგომარეობაშია და ცდილობს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ პარლამენტი მონოპარტიული აღარ არის.

"სრულიად არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია, როდესაც იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნების მოპარვის შედეგად მოახდინა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება და ახლა გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ტრანზაქციული ინტერესები იყო ჩადებული, იძახის რომ ერთპარტიული პარლამენტი აღარ გვაქვსო - აი, ამ მართლა გაბანკროტებული და თვითგანადგურების რეჟიმში შესული პარტიიდან ჩვენზე ამის თქმა, ღიმილის მომგვრელია. გუშინ სხვათაშორის, რაღაც პატარა კვლევას ვაკეთებდი ავტოკრატიულ საკანონმდებლო ორგანოებზე მსოფლიოს მასშტაბით და არსებობს საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული თეორია - კოოპტაციის თეორია, რაც გულისხმობს, რომ რეალურად ხდება ფსევდოოპოზიციური ნაწილის შეწოვა ხელისუფლებაში მმართველი რეჟიმის მხრიდან იმისთვის, რომ შემდეგ მათ ეს გამოიყენონ, როგორც რაღაც ოპტიკური ილუზია დემოკრატიის. ეს არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული თეორია, რომელიც ასევე მტკიცდება უამრავი ემპირიული მაგალითებით ავტოკრატიულ რეჟიმებში და შესაბამისად, ძალიან უსურად გამოიყურება ხელისუფლება, როდესაც ან საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს ან მითუმეტეს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი აღარ არის მონოპარტიული იმიტომ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" 3 წევრი შეიტყუეს პარლამენტში. აი, ასეთ უსუსურ მდგომარეობაშია დღეს "ქართული ოცნება" და მისი "ლიდერშიფი" და მათი სრულიად გაკომიკურებული და ყოველგვარი პოლიტიკური ლეგიტიმაციის არმქონე პერსონაჟები ჩვენსკენ იშვერენ ხელს. მათგან განსხვავებით, "ნაციონალური მოძრაობა" დიდია და შედგება დამოუკიდებელი ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და უფლება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"