"თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, ვინც კანონი დაარღვია - თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ" - კვირის პალიტრა

"თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, ვინც კანონი დაარღვია - თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ"

კონგრესმა არჩევნების შედეგები დაადასტურა, ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემის პროცესი შერიგებას მოითხოვს.

"ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად და მოწესრიგებულად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული. ეს მომენტი მოითხოვს კონსოლიდირებასა და შერიგებას," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მოქმედმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარით აღშფოთებულია.

"ისევე როგორც თითოეული ამერიკელი, ძალადობითა და უკანონო ქმედებით აღშფოთებული ვარ. შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა. კაპიტოლიუმში შეჭრილმა დემონსტრანტებმა შებღალეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა : თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მათ, ვინც კანონი დაარღვია: თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ,"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, როდესაც კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დასამტკიცებლად შეიკრიბა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. მომხდარი არეულობის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"