"ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა" - კვირის პალიტრა

"ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ვერტმფრენითაც სთავაზობს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე.

"პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის სახელით მინდა წუხილი გამოვთქვა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ბოლო დღეებში შექმნილი ხანძრების გამო, რამაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში. 5 იანვრის დილიდანვე ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინაარმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით, ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით. ანალოგიურად, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის ხელშეწყობით. ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ და რეგულარულ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ", - განაცხადა ახვლედიანმა.

მან აღნიშნა, რომ "ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმში კი არ იმყოფება, არამედ მოქმედებს".

"საქმე ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე", - განაცხადა ახვლედიანმა.

მან დიალოგის დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ე.წ.სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.

ხელისუფლებამ ასევე, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია რეგიონს კოვიდ 19-თან დაკავშირებით.

თუმცა, თეა ახვლედიანის თქმით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება ანალოგიური დახმარების გაწევა ახალგორში მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის.

"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეგულარულად და ინტენსიურად მინდინარეობს ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე, არა მხოლოდ გამყოფი ხაზის მიღმა, არამედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ კუთხით ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროგრამას და მექანიზმს, რაც შეეხება ჯანდაცვას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამარტივება. ჩვენ კოვიდ პანდემიის პირობებშიც კი, განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი არაფორმალური კომუნიკაციის გზით მიაღწიეთ პროგრესს და ამ კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებიც დავაგროვეთ. შევძელით გადმოგვეყვანა 100-ზე მეტი სტუდენტი, რომელმაც შეუფერხებლად განაგრძო განათლება კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გაჩერებულა აფხაზეთის მოსახლეობისთვის რეფერალური ჯანდაცვის პროგრამით უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ რეგიონს კოვიდ 19-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება ანალოგიური დახმარების გაწევა, მათ შორის ახალგორში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც სამწუხაროა", - განაცხადა ახვლედიანმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით