"ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ"
"ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ"
"სახელმწიფო მდივნად მოიაზრება ტონი ბლინკენი, რომელიც შესანიშნავად იცნობს საქართველოს. მან კარგად იცის, რა არის "ცივი" და ჰიბრიდული ომიც"

6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი მოვლენები მართლაც არნახულია ამერიკის უახლეს ისტორიაში. მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს პრეზიდენტ ტრამპის მომხრეების შეჭრას კაპიტოლიუმში, კონგრესის ერთობლივ სხდომაზე, სადაც ახალარჩეული პრეზიდენტის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. არეულობისას დაიღუპა ოთხი კაცი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადებები მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა კანდიდატის ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ გახდა
ცნობილი. მან არჩევნებს არაერთხელ უწოდა გაყალბებული და საკუთარ გუნდთან ერთად არჩევნების შედეგების შესაცვლელად წამოიწყო არაერთი სასამართლო დავა, რაც უშედეგოდ დასრულდა. "რაც აშშ-ში მოხდა, ეს პრეზიდენტ ტრამპის სირცხვილია - ქვეყნის ლიდერი ასე არ უნდა იქცეოდეს", - ასე შეაფასა მომხდარი ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ, რომელთან ინტერვიუც დავიწყეთ კითხვით,
როგორ მივიდა მსოფლიო დემოკრატიის ფლაგმანი სახელმწიფო ამ პროცესებამდე?


- ეს კითხვა უმნიშვნელოვანესია. მართლაც როგორ მივიდა ყველაფერი აქამდე. რაც ჩვენ 6 იანვარს ვიხილეთ, იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვგულისხმობ საზოგადოების პოლარიზაციას, რაც პროცესების რადიკალიზაციაში გადაიზარდა. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო პოლიციელის მიერ აფროამერიკელის მკვლელობის გამო და ამ ნიადაგზე გაღვივდა საპროტესტო ალი, რაც გადაიზარდა იმაში, რასაც არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა არც ადამიანის უფლებებთან, არც ლიბერალიზმთან.

გააქტიურდნენ რადიკალური, ნეოფაშისტური დაჯგუფებებიც, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ დესტაბილიზაციისთვის. როგორც აღმოჩნდა, ეს საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასეს. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრა. მეტიც, ზოგჯერ ის საკუთარი განცხადებებით ამას ხელს უწყობდა კიდეც, განსაკუთრებით, არჩევნების შემდგომ. ნებისმიერი ქვეყნის მმართველის ვალია საზოგადოების გაერთიანება, ტრამპმა კი ეს ვერ შეძლო. არადა, პოლარიზაცია ძალიან სახიფათოა სწორედ იმიტომ, რომ შესაძლოა რადიკალურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, თუკი დროულად არ აღმოიფხვრა. თუმცა ეს პრობლემის ერთი მხარეა. 6 იანვარს ჩვენ ასევე ვიხილეთ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს კრიზისის დროს სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისთვის. უპირველეს ყოვლისა გამოჩნდა, თუ რა დიდი როლი ენიჭება ბალანსის და შეკავების მექანიზმებს და იმას, რომ ძალაუფლება არ არის კონცენტრირებული ერთი რომელიმე შტოს ხელში. სწორედ ამან ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი ვითარების სტაბილიზაციაში. ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო არა მარტო კონგრესის მოქმედება თავისი ორივე პალატით, არამედ, მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლების ქმედება - ქალაქ ვაშინგტონის ადმინისტრაცია ოპერატიულად და ზუსტად მოქმედებდა.

ასევე ვიხილეთ პოლიტიკოსების სახელმწიფოებრივი ქმედების მაგალითები, თანაც არა მარტო დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელებისაც, მათ შორის თავად ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავა, ისევე როგორც მაიკ პომპეომ.

აღარაფერს ვამბობ ისეთ პოლიტიკოსებზე, როგორიც არის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელსაც უაღრესად შთამბეჭდავი მიმართვა ჰქონდა. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ახალარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართვა ერისადმი, რომელიც სწორედ გამაერთიანებელ გზავნილებს შეიცავდა. ის მიმართული იყო არა რადიკალიზაციისკენ, არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ნაკარნახევი იყო საერთო-ეროვნული ინტერესებით. მოკლედ, ერთი მხრივ ვიხილეთ ის, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ არ მივაქცევთ საფრთხეს სათანადო ყურადღებას, როცა პოლიტიკოსი და მმართველი ვერ აცნობიერებს, რომ ის არა მარტო მხარდამჭერების ლიდერია, არამედ იმათიც, ვინც მის წინააღმდეგ აძლევს ხმას. მართალია, ბოლოს ტრამპმა არა მარტო მოუწოდა პროტესტანტებს დაშლისკენ, არამედ ისიც თქვა, ჩემი ერთადერთი საზრუნავი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებააო, მაგრამ ეს დაგვიანებული იყო. თუმცა მის განცხადებებს ვითარების დეესკალაციისთვის ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა.

იმავდროულად, ვნახეთ საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუტები და რა როლი აქვს ყოველივე ამას კრიზისის განმუხტვაში.

- ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ აგორებული საპროტესტო ტალღა ახსენეთ... როცა ვითარება ძალზე გამწვავდა, გაჩნდა ვარაუდები, რომ ეს შესაძლოა გარე ძალებისგან, მაგალითად, რუსეთისგან ყოფილიყო წახალისებული. მართალია, ჩვენ ზესახელმწიფოზე ვსაუბრობთ, მაგრამ ფაქტია, ბოლო დროს არაერთი კიბერშეტევის სამიზნე გახდა ეს ქვეყანა. რამდენად რეალურია, რომ ბოლოდროინდელ პროცესებში ჩარევის ცდები გარედანაც ყოფილიყო და როგორ შეიძლება გამოიყენონ მომხდარი აშშ-ის მოწინააღმდეგეებმა?
- თანამედროვე მსოფლიოში არავინ, მათ შორის არც ძლიერი სახელმწიფოები, არ არის დაცული ჰიბრიდული საფრთხეებისგან. ჰიბრიდული ომი იმ ტიპის საფრთხეა, რომელიც უფრო და უფრო ვერაგი ხდება ჩვენს საუკუნეში. არც ის არის საიდუმლო, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც მუდმივად აქეზებს ექსტრემიზმსა და რადიკალიზმს. შესაბამისად, აშშ-ში განვითარებულ პროცესებში რუსეთის ჩარევის რისკი საკმაოდ მაღალია და ამაზე მხოლოდ განცხადებები არ ყოფილა. მაგალითად, ამ საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი აქტივისტი იყო ვინმე რინალდო ნავარო და ის პირდაპირ დაკავშირებული აღმოჩნდა რუსეთთან.
ასეთი სხვაც არაერთი იქნება. მთავარი მაინც ის არის, თვითონ სახელმწიფოში კარგად იყოს გაცნობიერებული ამ ტიპის საფრთხეები და რისკები. შეხედულება, დიდ სახელმწიფოს ვინ დაემუქრებაო, მცდარია. რაც შეეხება, ვინ როგორ შეიძლება გამოიყენოს მომხდარი, არა მგონია, ვინმემ რაიმე ხეირი ნახოს.

ჯერ მხოლოდ განცხადებები ისმის, რომ აშშ ვეღარ იქნება დემოკრატიის ფლაგმანი და ა.შ. თუმცა, ჩემი აზრით, იმდენად სწრაფად მოხერხდა ვითარების სტაბილიზაცია, ისე იმუშავეს სახელმწიფო ინსტიტუტებმა, სწორედ ამით აჩვენეს მსოფლიოს ამერიკელებმა დემოკრატიის მაგალითი.

ამერიკას არაერთი კრიზისი გადაულახავს და ყოველთვის გამარჯვებული და უფრო ძლიერი გამოდის. ბაიდენის ადმინისტრაციაც უთუოდ ამ გზით წავა, ის გამოიტანს სათანადო დასკვნებს. კრიზისი შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფოში მოხდეს. მთავარია, როგორ გადალახავ. აშშ-მა გვაჩვენა, რომ შეუძლია ამგვარი დარტყმების მიღებაც და დაძლევაც. ეს ქვეყანას სწორედ იმიტომაც არის ძლიერი, რომ მას შეუძლია საკუთარი შეცდომების დანახვა, აღიარება და მათი გამოსწორება.

ასე რომ, ვფიქრობ, ამერიკულ შიდა პოლიტიკაში ჩარევის ცდები იყო და იქნება, მაგრამ სისტემა, რომელმაც 6 იანვარს თავისი მედეგობა გვაჩვენა, ამგვარ რყევებს გაუძლებს.

- საქართველოდან ყურადღებითა და შფოთით ვაკვირდებოდით აშშ-ში მიმდინარე პროცესებს, ეს არც არის გასაკვირი, ის ხომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. ბაიდენის ადმინისტრაციას უამრავი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი, ბოლოს და ბოლოს, ამერიკელ საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევა არც ისე მარტივი იქნება. ამასთანავე, არსებობს უამრავი სხვა გამოწვევა, მათ შორის პანდემია. ასეთ ვითარებაში რამდენად ეცლება ახალ ადმინისტრაციას ჩვენი რეგიონისთვის, სადაც აშკარაა, რომ რუსეთი გავლენის უფრო განმტკიცებას ცდილობს?
- ამ კითხვის პასუხს 2 შემადგენელი აქვს. პირველი - ეს დამოკიდებულია იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს და მომავალში ექნება ახალ ადმინისტრაციას. ჯო ბაიდენიც და მისი ადმინისტრაციაც კარგად იცნობენ საქართველოს, საზოგადოდ, რეგიონს, იცნობენ ჩვენს როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევებს. ასევე კარგად იცნობენ რუსეთს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, სახელმწიფო მდივნად მოიაზრება ტონი ბლინკენი, რომელიც შესანიშნავად იცნობს საქართველოს. მან კარგად იცის, რა არის "ცივი" და ჰიბრიდული ომიც. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ყირიმის ოკუპაციის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა. მოკლედ, ამ ადმინისტრაციას არ სჭირდება რეგიონის გაცნობა. მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული ხედვა სამხრეთ კავკასიის შესახებ. იმავდროულად, გაცხადებულია, რომ ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის დახმარების აღმოჩენა იქნება.

ბაიდენის დევიზი, რომ ამერიკა უფრო ძლიერად დაბრუნდება მსოფლიო ასპარეზზე, ნიშნავს, რომ მისი, როგორც ლიდერის როლი გაიზრდება. ასევე ცნობილია პოზიცია, რაც ახალ ადმინისტრაციას შავი ზღვის შესახებ აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ეს არის თქვენი კითხვის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი კი შეეხება იმას, თუ საქართველო რამდენად აქტიური და რამდენად წარმატებული იქნება. როგორ მოვახერხებთ და დავამტკიცებთ, რომ ჩვენ კვლავაც შეგვიძლია ვიყოთ ის სანიმუშო სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია იამაყოს რეფორმებით, დემოკრატიული წინსვლით და ა.შ. უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია შეცდომის აღიარებაც და კრიზისის დაძლევაც, რომ შეგვიძლია გვქონდეს სახელმწიფო, რომელსაც ღირებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება შეუძლია. ყოველივე ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ ვითარებაში თავად ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი როლი და ადგილი როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, რისი შეთავაზება შეგვიძლია არა მარტო განცხადებებით, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც.

მოკლედ, საქართველოს ინიციატივებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის საქართველოს ადგილი ამ გლობალურ დღის წესრიგში, სადაც მოხვედრა და აქტუალურობის შენარჩუნება ძალიან რთულია. უკვე ვთქვი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კარგად იცნობს საქართველოს და ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. გამოვიყენოთ, რომ ამ შესაძლებლობაზე დავაშენოთ ახალი ინიციატივები, რაც ორმხრივი ურთიერთობის სხვა სიბრტყეში გადატანის შანსს მოგვცემს. დღეს საქართველოს კარგი პოზიცია აქვს, ამის გამოყენებისთვის კი საჭიროა ქვეყანაში შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს პოლიტიკურ კრიზისებს საქართველოში.

- მართლაც რთული პოლიტიკური ვითარება დაგვრჩა 2020 წლისგან მემკვიდრეობად. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური ძალები კვლავაც არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორ ფიქრობთ, მოხერხდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება, თუ კვლავაც ქუჩაში გადაინაცვლებს პოლიტიკური პროცესი?
- დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ჩვენი პოლიტიკოსები პოზიციების დაახლოებას კი არა, უფრო მეტად პოლარიზებას ცდილობენ. არადა, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, თუ როგორ დააღწევს ამ კრიზისს თავს საქართველო.
ბოლოს და ბოლოს, ყველა უნდა დავფიქრდეთ, მაინც როგორი სახელმწიფო გვსურს და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი შემდგომი განვითარება. ოდესმე ხომ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და გადავიდეთ იმ ეტაპზე, სადაც მრავალპარტიული დემოკრატია რეალურად იმუშავებს. არ შეიძლება 30 წლის განმავლობაში მუდმივად ერთი და იმავე შეცდომის გამოსწორება გვიწევდეს.

2021 წელი საიუბილეო წელია საქართველოს დღევანდელი რესპუბლიკისთვის, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წელი ხდება. ამ თარიღს საქართველო კალენდარში განსხვავებული ფერით კი არ უნდა შეხვდეს, არამედ როგორც სახელმწიფო, რომელმაც ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა და სათანადო დასკვნებიც გამოიტანა. თუ ეს მოვახერხეთ და საქართველო შეხვდა იუბილეს როგორც ფუნქციონირებადი დემოკრატია, რომელმაც ისწავლა კრიზისების გადალახვა, ეს უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი განვითარებისთვის.

ბევრს ვლაპარაკობთ, რომ 2024 წელს ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის გაკეთებას. თუ ამას მართლაც ვგეგმავთ, მაშინ ეს ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს სწორედ შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რაც პოლიტიკური კულტურის ამაღლებასაც გულისხმობს, ეს კი განსხვავებული მოსაზრებების მქონე მხარეების თანამშრომლობას მოითხოვს. იმედია, ამას გააცნობიერებენ პოლიტიკოსები.

- ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებაზე მინდა გკითხოთ, რომელიც, როგორც გაირკვა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობის პარალელურად ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელობას დათანხმდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსულმა თეატრმა პრიმა-ბალერინასთან კონტრაქტი შეაჩერა ინფორმაციის პრესაში დროზე ადრე გახმაურების გამო. ასე რომ, ჯერ გაურკვეველია, როგორ გაგრძელდება ანანიაშვილის საქმიანობა. მსგავსი გადაწყვეტილება რამდენად მისაღებია, როცა ოკუპანტ ქვეყანაზეა ლაპარაკი და რამდენად სწორია გაუთავებლად იმაზე მინიშნება, რომ თურმე კულტურას საზღვრები არა აქვს?
- მთავარი ის კი არ არის, მე და თქვენ რას ვფიქრობთ კულტურაზე, არამედ ის, რომ ის სახელმწიფო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, როგორ აღიქვამს მას. ამისთვის გადავხედოთ მის სტრატეგიულ დოკუმენტებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ კულტურა არის რუსეთის პოლიტიკის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ჩვენ ამას დავინახავთ და გავიგებთ თუ თვალს დავიბრმავებთ და დავიყრუებთ, ეს ჩვენი პრობლემაა. ამ ბერკეტს როგორ იყენებს რუსეთი, ამის მაგალითიც მრავლად გვაქვს. გავიხსენოთ, როგორ ცდილობს გადაწეროს ისტორია და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ინფორმაცია აბსოლუტურად გაყალბებულად წარმოაჩინოს. გავიხსენოთ ჩვენი კულტურის ძეგლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც იავარყოფილია - მათ ისტორიულ სახეს უცვლიან, ცდილობენ ყველაფერი გაარუსულონ, ქართული კი ამოშანთონ.

დასანანი, რომ ადამიანი, რომელიც სარგებლობს არა მარტო დიდი ავტორიტეტით, არამედ დიდი სიყვარულით, იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს ოკუპანტი სახელმწიფოს სამსახურში. მაგრამ, თუ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, ეს შეიძლება მხოლოდ გულსატკენი იყოს ჩვენთვის, მაგრამ თუ ეს ადამიანი არის არა მარტო ხელოვნების მოღვაწე, არამედ სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელიც, მისი პასუხისმგებლობა ასმაგად იზრდება. დიახ, ანანიაშვილი არის არა კერძო დასის, არამედ სახელმწიფო დასის ხელმძღვანელი, ამიტომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა არ აწყენდა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას. ვერ წარმომიდგენია ადამიანი იყოს სახელმწიფო დასის ხელმძღვანელი და თან მსახურობდეს ოკუპანტ ქვეყანაში.

ამ რაკურსით საკითხი პირველად არ წამოჭრილა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩამოვყალიბდებით, რას ვუწოდებთ ოკუპაციას. ოკუპაცია უპირველეს ყოვლისა არის სულიერი დამოკიდებულება ამ უმძიმესი საკითხისადმი.

ყველას, ვინც ამართლებს ასეთ ქმედებებს, მინდა ვკითხო, როგორ წარმოუდგენიათ, ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-45 წლებში, საბჭოთა კავშირიდან ვინმე წასულიყო გერმანიაში სამუშაოდ ან მოსკოვში ჩატარებულიყო გერმანიის კულტურის დღეები?!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები