"ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს"

2021 წელი ქართულ პოლიტიკაში მოულოდნელობით დაიწყო. პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოება 2020 წლის ბოლოს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ოპოზიციის აზრის გაზიარებითა და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით გააკვირვეს, 2021 წელი კი პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა დაიწყეს ექსკლუზივით და ოთხი მათგანი პირველივე კვირაში გამოცხადდა პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიაში დარჩენილ ლიდერებს პოლიტიკური არეალიდან გაქრობა უწინასწარმეტყველა და იმედი გამოთქვა, რომ თვითგანადგურების პროცესი "ნაციონალურ მოძრაობაშიც" წარმატებით დასრულდება. მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც წარდგებიან პარლამენტში და ირწმუნებიან, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე ოპოზიციონერ ლიდერებს მეტ კომპრომისზე მოუწევთ წასვლა. "ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავმართოთ დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, სად არის წითელი ხაზები... პირველი ოპოზიციური ჯგუფი უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და მოლოდინი გვაქვს, რომ ახლო პერიოდში კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს პატივს სცემენ და საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. მოლაპარაკებისთვის მზაობას გამოხატავს ოპოზიციაც, თუმცა ირწმუნება, რომ 4 კაცის პარლამენტში შესვლით მათი პოზიციები არ შესუსტებულა და არც კომპრომისზე აპირებენ წასვლას. შეცვალა თუ არა პოლიტიკური რეალობა "პატრიოტთა ალიანსის" ოთხი ყოფილი წევრის შესვლამ პარლამენტში, გაიმართება თუ არა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი და რა გამოწვევები ელის ქვეყანას, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდებიან, ამის გარკვევა ანალიტიკოსებთან, ვახტანგ ძაბირაძესა და რამაზ საყვარელიძესთან საუბრისას ვცადეთ.

"ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებისთვის ისევ წითელი ხაზია"

ვახტანგ ძაბირაძე:

- ოპოზიციის სიით გასული რამდენიმე კაცის პარლამენტში შესვლა არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის. დიახ, მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტშიო და ეს შესაძლოა დასავლეთის თვალში ფასადად მართლაც გამოდგეს, მაგრამ რეალურად ვერაფერს შეცვლის. ყველას გვსურს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ ორივე მხარე ძველებურად მყარად დგას თავის პოზიციაზე - ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებისთვის ისევ წითელი ხაზია, ოპოზიციისთვის კი მთავარი მოთხოვნა. ვითარება შეიცვალა მხოლოდ ერთი მიმართულებით - საგარეო ფაქტორებში. მართალია, ოპოზიციის ცალკეული წევრები ირწმუნებიან, რომ დასავლეთი ივანიშვილს დიქტატორად მონათლავს და სანქციებს დაუწესებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს უმაღლესი რანგის პერსონად მიიჩნევს არა მარტო საფრანგეთი, არამედ ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიც.

არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი - ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები. კაპიტოლიუმში მომიტინგეების შეჭრასა და მათ დაკავებას ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს არგუმენტად, როცა ოპოზიციის მიტინგის დაშლას ან დარბევას გადაწყვეტს.

ამიერიდან პოლიტიკური ან სოციალური ხასიათის მიტინგი თუ ოდნავ მაინც შეაწუხებს ხელისუფლებას, ისე დაარბევს, მაინცდამაინც თავის მართლებით თავს აღარ მოიკლავს. ეს ორი ფაქტორი ოპოზიციას მძიმე ვითარებაში აყენებს. ხელისუფლება ადრეც მტკიცედ იდგა იმ აზრზე, რომ ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებდა, ახლა კი საერთოდ გამორიცხულია ამაზე საუბარი.

- როგორც ხელისუფლება იმედოვნებს, კიდევ გამოჩნდებიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც პარლამენტში შესვლის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. - გამოჩნდებიან, თუმცა არსებულ ძალთა ბალანსს ვერ შეცვლიან. ოპოზიციური ერთობა ახლა სხვა, ძალიან სერიოზული არჩევნის წინაშე დგას - შევიდეს პარლამენტში თუ შემდგომი 4 წელი ქუჩაში დაელოდოს შემდგომ არჩევნებს. "ნაციონალებისთვის" ყველაფერი გარკვეულია - თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ხომ კარგი, თუ არადა, 2024 წელს მაინც შევლენ პარლამენტში. სხვა პოლიტიკური ძალები ერთობ რთული რეალობის წინაშე დგანან. თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდა, შემდგომ არჩევნებში 5%-იანი ბარიერის პირობებში მოუწევთ ბრძოლა. ოპოზიცია კიდევ ერთი დილემის წინაშე დგას - ისე ემოციურად თქვეს უარი სადეპუტატო მანდატებზე, ახლა ძალიან უჭირთ უკან დახევა. რაღაც ისეთი უნდა მოიძებნოს, რის გამოც პარლამენტში შესვლას გამართლება ექნება. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი იქნება 30 კაცის პარლამენტში შესვლა, ვინც საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნის და საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენს. თუ ასეთი სიმტკიცისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე გუნდი შეიქმნება და გაბედავს პარლამენტში შესვლას, შესაძლოა მესამე ალტერნატიული ძალაც კი ჩამოაყალიბონ.

- გასაგებია, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნება, მაგრამ თუ ეკონომიკური და სოციალური კრიზისი შეიქმნა, ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ხალხის უკმაყოფილებას უფრო მეტ ბიძგს არ მისცემს და პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად ნოყიერ ნიადაგს არ გააჩენს? - 2008 წელსაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, მაგრამ ხომ ვერ შექმნა პოლიტიკური კრიზისი?

- ახლა გაცილებით რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გვაქვს და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში უფრო გართულდება. - გეთანხმებით, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში რომ შევიდეს, ეს რთული ვითარება ხომ არ განიმუხტება? სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ნებისმიერ შემთხვევაში დამძიმდება. ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ პარლამენტში უფრო მეტი ბერკეტი ექნება ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, ქუჩაც მის ხელში იქნება, ვინ წაართმევს.

"დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ აწყობს ქუჩის პოლიტიკა"

რამაზ საყვარელიძე:

- პარლამენტში არშესვლას თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს, ოპოზიციის ბოიკოტი კი ჯერ მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს. უკვე გამოჩნდნენ პირები, რომლებსაც არ სურთ ოპოზიციის შეცდომებს სამარეში ჩაჰყვნენ. ასეთები კიდევ გამოჩნდებიან, პარლამენტში შესვლის ტენდენცია გარდაუვალია. დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ აწყობს ქუჩის პოლიტიკა და სურს ოპოზიციამ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს. აქედან გამომდინარე, რუსეთის ინტერესში ""ნაციონალური მოძრაობისა"" და ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის ბოიკოტია.

- ხომ შეიძლება ერთ დღეს შეჭირვებულ ხალხს მოსწყინდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მტყუან-მართლის გარჩევა და პროცესები უმართავი გახდეს? - არა, საზოგადოება ასეთ ზღვარზე არ არის. რაც შეეხება ოპოზიციის მუქარას საპროტესტო აქციების შესახებ, არც ამ მხრივ არის მოსალოდნელი საფრთხე. 2012 წლის შემდეგ ყველა საპროტესტო აქციას ერთი თავისებურება ახლავს - როგორც კი რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი პირი შეიკრიბება, წამყვან პოზიციას მაშინვე "ნაციონალური მოძრაობა" იკავებს. ვიცით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის "ქართული ოცნება" არ არის იდეალური, მაგრამ ისიც იცის, რომ "ოცნებაზე" უარის თქმის შემთხვევაში ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვა. ხალხს აქვს უნარი, განსაზღვროს, "ქართული ოცნება" უფრო დიდი საფრთხეა თუ "ნაციონალური მოძრაობა".

ხათუნა ბახტურიძე