"რუსეთი ამ ინიციატივით გვეუბნება, რომ..." - რა უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის ახალ პროვოკაციას?! - კვირის პალიტრა

"რუსეთი ამ ინიციატივით გვეუბნება, რომ..." - რა უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის ახალ პროვოკაციას?!

"მიხაილ პეტრაკოვი ვერაფერს შეცვლის, რადგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა სხვაგან არის. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ცალმხრივად მათი დამოუკიდებლობაც აღიარა. ახლა კი ჩვეული ვერაგობით ოფიციალურად გვთავაზობს თანამშრომლობას, თითქოს მას საქართველოსთან კონფლიქტი არა აქვს და მისი ჯარი არ დგას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან, ასევე საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხების ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხაილ პეტრაკოვი დაინიშნა. მან შეცვალა იგორ ბრაჩიკოვი, რომელმაც ამ პოსტზე მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო.

"სპეციალურ წარმომადგენელს დაევალა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთთან", - ნათქვამია კრემლის დოკუმენტში. რა საფრთხეს შეიცავს კრემლის ახალი გზავნილი ამ ვითარებაში, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ამ და სხვა თემებზე "კვირის პალიტრას" საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე ესაუბრა:

- მიხაილ პეტრაკოვი ვერაფერს შეცვლის, რადგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა სხვაგან არის. მას უკვე ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ცალმხრივად მათი დამოუკიდებლობაც აღიარა. ახლა კი ჩვეული ვერაგობით ოფიციალურად გვთავაზობს თანამშრომლობას, თითქოს მას საქართველოსთან კონფლიქტი არა აქვს და მისი ჯარი არ დგას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ორი რეგიონი მან საერთაშორისოდ აღიარა, ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი, ახალშექმნილი რეგიონებია და ის მხოლოდ მათ ინტერესებს იცავს, თუმცა თავად მისი ინტერესებია გადამწყვეტი, მათ შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხშიც. რუსეთი საკუთარი ინტერესებისამებრ მონიშნავს საზღვრებს. ამ ინიციატივით გვეუბნება, ამ რეგიონებში რუსეთი საქართველოსგან დამოუკიდებლად არსებობს და ამას საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა ჰქონდესო. ამ ფორმულირების მიღმა არის ორი ქვეყნის ძალზე ვერაგი, ღრმა და ბევრის მომცველი კონფლიქტი. ამ რეალობასთან შეგუებას აიძულებს რუსეთი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოსაც.

რუსეთის ინტერესებში შეიძლება საკითხი სხვაგვარადაც დადგეს: პირველი - თუ როგორ გაიმიჯნება ოკუპირებულ ორ რეგიონში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. მაგალითად, თუ აქამდე საქართველო-რუსეთის საზღვარი როკის გვირაბის ჩრდილოეთით გადიოდა, შესაძლოა ბიბილოვის ხელმძღვანელობას ამჯერად მოსთხოვონ, რომ "საზღვარი" სამხრეთით გადაიტანონ და მთელი როკის გვირაბი რუსეთის შემადგენლობაში მოექცეს. ცხადია, კრემლს ურჩევნია როკის გვირაბს თავად აკონტროლებდეს, მით უფრო, მისი შენახვის ხარჯებს თავად იხდის და იტყვის, ბარემ მე დამიქვემდებარეთო. თუმცა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთი აქეთ გაატარებს თუ იქით საზღვარს, რადგან მას მთლიანად რეგიონი აქვს ოკუპირებული.

ახლა ქართული მხარის "საზღვარი" ენგურსა და გორის მთავარი ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში გადის. ამასთან, რუსეთს სათქმელიც ექნება, იმ "ქვეყნების ხელისუფლებებთან" შეთანხმებითა და მათი აზრის გათვალისწინებით ვმოქმედებო და შეიძლება დანარჩენი სტრატეგიული ობიექტებიც მიაყოლოს. ეს არსებულ მძიმე რეალობაში ჩვენთვის არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს. მან ნებისმიერი მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

- ამ ეტაპზე ქართული პოლიტიკური სპექტრი სხვა საკითხებით არის დაკავებული.

- დიახ, პოლარიზებული პოლიტიკური საზოგადოება გვყავს, თუმცა ეს არ უნდა უშლიდეს ხელს არც პატრიოტიზმს და არც სახელმწიფოსთვის მსახურებას. საქართველოში პოლიტიკურ კლასს, რომელშიც ყველა პარტიას ვგულისხმობ, ან სათანადოდ არა აქვს გაცნობიერებული საფრთხეები, ან კომპეტენცია არ ჰყოფნის და, ალბათ, ამიტომ არა აქვს დღის წესრიგში დაყენებული ოკუპირებულ რეგიონებში მოსალოდნელი საფრთხე. გამუდმებით ლაპარაკობენ მეორეხარისხოვან პრობლემებსა და იმაზე, რას აჩვენებს ესა თუ ის კვლევა. არადა, რომელი პოლიტიკური გუნდიც უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ეს პრობლემები მისი მოსაგვარებელი იქნება. ამას ვერ აცნობიერებენ და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე კამათობენ.

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თუნდაც პარლამენტს მიღმა თავისუფლად შეიძლება იმსჯელონ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ეს მხოლოდ სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ან სუს-ის ანალიტიკური კომისიის საქმე არ უნდა იყოს. იმ რეგიონებში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ამ ორი უწყების საზრუნავი კი არა, ყველას საფიქრალია.

შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, გადასახადებსა და სხვა თემებზე ერთმანეთი დაჭამონ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც არავინ უნდა კამათობდეს და ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. მაშინ იქნება კამათი ჯანსაღი და საგარეო ასპარეზზე კომუნიკაციაც სწორი, ისე, როგორც ისრაელში ხდება. სხვადასხვა სახელმწიფო საკითხზე მათი აზრი როგორი ერთიანია, თუ დასჭირდათ, კბილებით გაიტანენ, თუმცა შიდა საკითხებზე შესაძლოა ერთმანეთი არ დაინდონ.

ასეთ დროს გარე ძალების ჩარევა და ხელოვნური დაძაბულობა ყოველთვის შეთქმულების თეორია მგონია. რუსეთის (და არა მარტო) სპეცსამსახურებს აქვთ თავიანთი ინტერესები და მუშაობენ კიდეც, ეს საფრთხე მუდმივად არსებობს, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ პოლიტიკური კლასი მათთან არის აფილირებული, მთლად ეთიკური არ არის. ასევე არასერიოზულია, როცა მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ. ეს სერიოზული ბრალდებაა, არც ერთს არა აქვს საამისო უტყუარი მტკიცებულება, სხვა შემთხვევაში კი ეს ჭორაობაა, რასაც პოლიტიკოსი არ უნდა კადრულობდეს.

ეს უფრო კომპეტენტურობისა და პოლიტიკური პროფესიონალიზმის პრობლემაა. დღეს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს პოლიტიკურ კლასში ვერ ვხედავ იმ კალიბრის კადრს, რომელსაც პოლიტიკის განსაზღვრა შეუძლია. არიან კარგი მენეჯერები, აქტივისტები, სპეციალისტები, უცხოეთში განათლებამიღებულები, მაგრამ ეს კარგ პოლიტიკოსობას არ ნიშნავს. მათი მესიჯბოქსები რამდენიმე ენჯეოსა და მედიაკლიშესგან შემდგარი ნარატივია. როცა ამა თუ საინფორმაციოს ვუსმენ, წინასწარ შემიძლია გამოვიცნო, ვინ რას იტყვის, ვის როგორი პოლიტიკური ხედვა აქვს. ამ სიტუაციაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს რაში სჭირდებათ დამატებით მუშაობა, ეს ხომ ისედაც ასეა. პოლიტიკური კლასი არ არის ფორმირებული. თუმცა პარლამენტში კარგი აქტივისტები არიან და უნდა იყვნენ კიდეც, მაგრამ თითქმის არ არიან ამა თუ იმ საკითხზე, ღირებულებაზე, იდეოლოგიაზე, ცოდნასა და პატრიოტიზმზე დაფუძნებული მსჯელობის უნარის მქონე პოლიტიკოსები, რის შედეგსაც ქვეყანა იმკის.

- ამერიკაზეც გკითხავთ, ტრამპი-ბაიდენსა და მათ მომხრეებს შორის ხმების გამო დავა გრძელდება. ამ სიტუაციაში საქართველოსთვის მთავარი მოკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის რა შეიცვლება?

- ის საპრეზიდენტო დრამა, რომელიც ახლა ამერიკაში თამაშდება, არ ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს ჩვენთვის არ სცალია. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა ისე ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს და როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მოიცლიან. თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი - ვართ თუ არა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ეს დაახლოებით იმ სერიიდან არის, ვართ თუ არა რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა, რადგან სამხრეთ კავკასიაში ასეთი სურათია: სომხეთი მთლიანად მიბმულია რუსეთზე, აზერბაიჯანი კი ლამის თურქეთთან ერთ სახელმწიფოდ გამოცხადებული ქვეყანაა. დასავლეთს საქართველო რჩება ყველაზე სანდო პარტნიორად, მაგრამ გააჩნია, რა ხდება რეგიონში. ამ პრინციპით ირანზე დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაგრამ ვის ვედრებით, ხომ აქვს მნიშვნელობა?.. იქნებ ისიც გავიხსენოთ, ამ არასახარბიელო ვითარებაში ევროკავშირი-ნატოსთან მეტი დაახლოებისა და მეტი პარტნიორობის ნაცვლად, ამ საკითხებზე მუშაობის მაგივრად, ამ ქვეყნების ელჩები ფასილიტატორობით რომ არიან დაკავებული და ცდილობენ ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკება შედგეს, თითქოს ომი იყოს ქვეყანაში. ამიტომ ვამბობ, რომ შეუმდგარი პოლიტიკური კლასი გვყავს. სირცხვილია, როცა უცხო ქვეყნის ელჩი გჭირდება, თან ერთი კი არა, ბევრი, რომ შენივე ქვეყანაში შენს კოლეგას დაელაპარაკო. ელჩების პოტენციალის გამოყენება სხვა, არაერთი მიმართულებით შეიძლება და რაც მთავარია, ძალიან გვჭირდება. რანაირი მთავრობა ხარ, მათი შუამავლობა რომ გჭირდება, ან რანაირი ოპოზიცია, თუ ოპონენტს პირისპირ ვერ ელაპარაკები. ელჩების მოვალეობაა საქართველოსა და თავიანთ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცება. ახლა კი მოლაპარაკების არაერთი რაუნდის გამართვა სჭირდებათ, არიქა, თქვენი ჭირიმე, ისაუბრეთ და სამოქალაქო ომი არ დაიწყოთო.

ამერიკის, გერმანიისა და სხვა წამყვანი ქვეყნების ელჩები ლამის პოლიტიკურ აქტივისტებად გადავაქციეთ და რაც ყველაზე მარაზმია, ქართველი პოლიტიკოსები მათ თავს ესხმიან და აკრიტიკებენ მაშინ, როცა ისინი გვეხვეწებიან, ერთმანეთთან ისაუბრეთო.

ასე დასავლეთთან ურთიერთობა განვითარდება თუ არა, სხვა საკითხია. 300-ზე მეტი რეგისტირირებული პოლიტიკური პარტია გვყავს, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი არ იცვლება, ეს კი არავისთან პარტნიორობას არ ადგება. თუ ასე გავაგრძელებთ, ვაშინგტონი კი არა, არავინ არ მოიცლის ჩვენთვის, რადგან საქართველოში ინვესტირება, ურთიერთობების გაღრმავება არარენტაბელური გახდება.