"არც ერთ პოლიტიკოსზე ნაკლები არ ვყოფილვარ" - კვირის პალიტრა

"არც ერთ პოლიტიკოსზე ნაკლები არ ვყოფილვარ"

"დღესაც დავიცავ დამოუკიდებელ მედიას. აბა, ვინმემ რამე გაბედოს, ზილფიმიანი მაშინვე იქ გაჩნდება"

"ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში", - ამ განცხადებით შეხვდა არჩილ თალაკვაძე პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის"პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის შესვლას. როგორც მოგეხსენებათ, "პატრიოტთა ალიანსის" სიით გასულ დეპუტატებს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება 4 იანვარს შეუწყვიტა, მანდატები გაუუქმდა პარტიის სამ წევრს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილმონაცვლეობის შესახებ მიმართეს და ამ ფორმით მოხვდნენ პარლამენტში. ოდნავ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიის კიდევ ერთი წევრი, ავთანდილ ენუქიძე შევიდა. ოპოზიციონერ ლიდერთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ამ ადამიანებს საერთო არაფერი აქვთ პოლიტიკასთან და მათი ერთადერთი ინტერესი, ისევე როგორც ბიზნესის წრეებიდან შესული დეპუტატების უმრავლესობისა, ხელისუფლებასთან გარიგების ხარჯზე საკუთარი ბიზნესის გაუმჯობესებაა. მეორე ნაწილის აზრით, პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის"ყოფილი წევრების შესვლით პარტია ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. სადეპუტატო მანდატებზე უარით პარტიის წევრები, ერთი მხრივ, მხარს უბამენ გაყალბებული არჩევნების გამო ოპოზიციის პროტესტს, მეორე მხრივ კი ასრულებენ პარტნიორების, ანუ "ქართული ოცნების" წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ზილფიმიანი კოლეგების ასეთ განცხადებებს შეურაცხყოფად მიიჩნევს და ამბობს, რომ ცილისწამებაზე მწვავე რეაქცია ექნება. "როგორ წარმოგიდგენიათ, მე გარიგებით გამეკეთებინა რამე? ადამიანს, რომელიც მართვადი არასოდეს ყოფილა! ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, აგერ ვარ და მითხრას. ეს ჭორაობა და კეკელობა უნდა დავამთავროთ", - ამბობს ზილფიმიანი. რა იყო სინამდვილეში "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლის მიზეზი, ამის შესახებ დავით ზილფიმიანი გვესაუბრება:

- ჩვენი პარტიის ლიდერებმა თავისუფალი არჩევნის საშუალება მოგვცეს. მე არა მგონია მართებული იყოს სიების ისე ჩახსნა, რომ სიაში მყოფ პირებს არაფერი ჰკითხო. ამერიკის რეზიდენტი ვარ. გავითვალისწინე ჩემი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების შეხედულებები და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი იმ აზრზე, რომ არ შეიძლება მმართველი ძალის პარლამენტში მარტო, ოპონენტების გარეშე დატოვება. რას გამოიწვევს ჩვენი ეს ნაბიჯი? "ნაციონალურ მოძრაობაში" ფარული ჩრდილოვანი მმართველობაა, ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს და სხვები თავიანთ სათქმელს ვერ ამბობენ. ერთი კაცი მივიდა ცესკოში და ისე ჩახსნა სია, თითქოს ცხვრის ფარასთან ჰქონდა საქმე. "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, ცესკოში არც ერთი სხვა პარტიის წევრის განცხადება არ დევს სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. მგონი, ასეთი დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ერთი ნაწილის პროტესტს მაინც გამოიწვევს და პარლამენტში შევლენ.

რაც შეეხება ჩვენი ყოფნის აზრს პარლამენტში. ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ოპონირება ოპოზიციონერთან, რომელსაც ფაქტებით გამყარებული არგუმენტები აქვს. ლაქლაქა პოლიტიკანებს საკუთარი შეხედულებები მოჰყავთ არგუმენტებად, ეს რა წესია?! არგუმენტებად ფაქტები უნდა მოიყვანო და არა პირადი შეხედულებები. ჩვენ ძალიან ბევრ კანონში მოვახერხებთ ცვლილების შეტანას.

- ბატონო დავით, დღემდე არც ერთი თქვენგანი არ გამოირჩეოდით პოლიტიკური აქტიურობით. უფრო მეტიც, გელა მიქაძეს, რომელიც 2018 წელს დეპუტატი იყო, ერთხელაც არ გამოუყენებია სიტყვით გამოსვლის უფლება. ახლა როგორ აპირებთ აქტიური ოპონირება გაუწიოთ უმრავლესობის 90 დეპუტატს? - გელამ თავად გაგცეთ პასუხი. რაც შემეხება მე, აქამდე პარლამენტარი არ ვყოფილვარ, მაგრამ 90-იანი წლებიდან არც ერთ დეპუტატზე ნაკლებად აქტიური არ ვყოფილვარ. მე და ჩემმა გუნდმა გადავიყვანეთ საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე, ორჯერ დამარბიეს მხოლოდ იმიტომ, რომ მართალ, თავისუფალ სიტყვას ვიცავდი. ალბათ, გახსოვთ, "სტერეო+" პირდაპირ ეთერში რომ დაარბიეს. დღესაც დავიცავ დამოუკიდებელ მედიას. აბა, ვინმემ რამე გაბედოს, ზილფიმიანი მაშინვე იქ გაჩნდება. ასე რომ, მე, როგორც საზოგადო მოღვაწე, არც ერთ პოლიტიკოსზე ნაკლები არ ვყოფილვარ.

- აღნიშნეთ, რომ ამერიკის რეზიდენტი ხართ. როგორ მოხვდით პოლიტიკურ პარტიაში, რომელსაც ღიად დეკლარირებული აქვს პრორუსული პოლიტიკა? ამასთან, ირმა ინაშვილის განცხადებაც მინდა შეგახსენოთ - მხოლოდ ფრიდონ ინჯია იყო პარტიის წევრი, დანარჩენი სამი შემომწირველები არიანო. - ირმამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და გაგებით მოეკიდა. მე ევროპაში დიდხანს ვმუშაობდი. ევროპის კოსმოსურ სააგენტოში ჩემი ხელმძღვანელობით სამი კოსმოსური მისია შეიქმნა. აქედან ერთი სატელიტი დღესაც დაფრინავს. მხოლოდ ამერიკის კი არა, დიდხანს ევროპის რეზიდენტიც ვიყავი.

ჩემთან თავს ნურავინ გადაიმეტებს პროდასავლურობით, როცა ისინი სწავლობდნენ ევროპელობას, მე მაშინ ვასწავლიდი.

ამერიკის რეზიდენტი "ნასასთან" თანამშრომლობის გამო გავხდი. რომ მომენდომებინა, ამერიკის მოქალაქეობის მიღებაც შემეძლო. დღემდე ამას არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას მინდა გამოვადგე. რატომ და როგორ მოვხვდი "პატრიოტთა ალიანსში"?! იმიტომ, რომ არ მომწონს ის კატაკლიზმები, რაც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ხდება. ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ ფეხებზე დაიკიდა ქართველი ხალხის ინტერესები, "პატრიოტთა ალიანსი" კი ყველაფერს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. ეს იყო მთავარი პირობა, რის გამოც მე მათ გვერდით დავდექი.

- თქვენი დაფუძნებული ახალი პარტიის შესახებ რას იტყვით, მისი კურსი და ორიენტაცია როგორი იქნება? - ჩვენ "ევროპელი სოციალისტები" ვართ. ზოგიერთ საკითხში ნაკლებად გარკვეულებს უკვირთ, სად ბიზნესი და სად სოციალისტებიო. გადახედეთ ევროსოციალისტებს. ეს ახალი ტრენდია მსოფლიოში. სოციალისტების მთავარი მიმართულება რაც შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილის და ძლიერი საშუალო ფენის შექმნაა.

ხათუნა ბახტურიძე