"სააკაშვილს ივლისამდე ურთულესი პერიოდი ექნება, გახარიას კარგი პოლიტიკური მანევრის საშუალება ეძლევა, კობახიძეს კი..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ივლისამდე ურთულესი პერიოდი ექნება, გახარიას კარგი პოლიტიკური მანევრის საშუალება ეძლევა, კობახიძეს კი..."

"2021 წელი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ძალიან რთული იქნება, გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც ორივეს ძლიერად დაუპირისპირდება"

ასტროლოგები გვპირდებიან, რომ 2021 წელი დასაბამს დაუდებს საზოგადოების განვითარების ახალ, 12-წლიან პერიოდს, რომლის დროსაც წინა პლანზე მედიცინა და მეცნიერება წამოვა. მათი ვერსიით, წინ ახალი შესაძლებლობების, წინსვლისა და სიახლეების ძალიან საინტერესო პერიოდი გველის. რა დაგვიტოვა 2020-მა წელმა, გაიარა თუ არა საქართველომ კრიზისული პერიოდი და პროცესების როგორ განვითარებას გვიქადიან ვარსკვლავები, ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გვიამბობს:

- 2020 წლის 20-21 დეკემბრიდან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში. იუპიტერი და სატურნი მერწყულში შეერთდნენ, ეს უკანასკნელი კი რევოლუციების ზოდიაქოა. შესაბამისად, მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებების ეტაპი იწყება. სისხლის ღვრასა და ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვგულისხმობ, პირიქით, საზოგადოების განვითარებასა და პროგრესს. ქართველი საზოგადოება სწორედ რევოლუციური ცვლილებებით აღწევს პროგრესს. ასტროლოგიურად ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში საზოგადოების ნების აღმასრულებელი ძალა მოვა.

- ესე იგი ხელისუფლება შეიცვლება? - არ არის აუცილებელი შეიცვალოს. შესაძლოა ძველი გახდეს საზოგადოების ნების აღმასრულებელი. ასტროლოგია არ არის მკითხაობა, რომელსაც გამოაქვს ვერდიქტი, ეს მოხდება და მორჩაო. ასტროლოგია მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვერსიას ასახელებს.

2021 წლისთვის მოვლენათა განვითარების ორი გზა იკვეთება. თუ ეს მთავრობა ისეთ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ამინდს შექმნის, რომ საშუალო ფენას განვითარების და ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მიეცემა, დარწმუნებით გეტყვით, რომ 2024 წლამდე დარჩება ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში დაგროვილი უარყოფითი მუხტი იანვრის ბოლოდან მოიმატებს, თებერვლის განმავლობაში უფრო გამძაფრდება და მარტის დამდეგისთვის გადმოხეთქავს. ამ პერიოდისთვის გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც უკმაყოფილო საზოგადოების კონსოლიდირებას მოახერხებს და დღის წესრიგში მართლა დადგება ვადამდელი არჩევნები. საზოგადოება ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში გაიმარჯვებს.

- მაგრამ ეს უცნობი მესამე ძალა საზოგადოების კონსოლიდირებას პანდემიის დროს როგორ მოახერხებს? - პანდემიის დასასრულის დასაწყისი უკვე იწყება. 15 მაისიდან 28 ივლისამდე დედამიწაზე ყველას ეცოდინება, რომ პანდემია გადალახულია.

- ადრე ასტროლოგები ხშირად ამბობდნენ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ასტროლოგიით არ ინტერესდებიანო. დღეს რა ვითარებაა? - (იცინის) ძალიან კარგადაც ინტერესდებიან, მაგრამ ასტროლოგებთან კონტაქტს მალავენ. ეს პოლიტიკოსების პოზაა და მხოლოდ ქართველებს არ სჩვევიათ. იშვიათი გამონაკლისები იყვნენ ამერიკის პრეზიდენტი როლანდ რეიგანი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, რომლებიც არ მალავდნენ, რომ ასტროლოგების რჩევებს ითვალისწინებდნენ. სხვათა შორის, შირაკმა თავის ასტროლოგს ნობელის პრემიაც კი მიანიჭა.

- ესე იგი თქვენც გსტუმრობენ ქართველი პოლიტიკოსები? - ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ გაგიმხელთ, რომ შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე მოდიან.

- შევარდნაძის პერიოდში რომ მოდიოდნენ, ის პოლიტიკოსები უკვე ჩაბარდნენ წარსულს, თუ დღესაც არიან პოლიტიკურ ასპარეზზე? - ვინც ჩემი რჩევები გაითვალისწინა, დღესაც აქტიური პოლიტიკოსია და მაღალ თანამდებობებზეც არიან. ბიზნესმენებიც მყავს და ვიცი, რომ პანდემია მათ ბიზნესს ვერ შეიწირავს.

- თუ არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც თქვენთან არ კონტაქტობენ, მაგრამ ატყობთ, რომ ასტროლოგის მომსახურებით სარგებლობენ? - "გირჩი" დაშლამდე ძალზე რაციონალურად, გათვლილად და უშეცდომოდ მოქმედებდა. არ ვიცი, ასტროლოგის რჩევებს ითვალისწინებდნენ თუ კარგი ინტუიცია აქვთ, მაგრამ ფაქტია, სწორი ნიშა მოძებნეს.

- რას იტყვით ალეკო ელისაშვილზე, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთდროულად აუჯანყდა? - ალეკო ელისაშვილი არავის რჩევით არ სარგებლობს. მას ამბიციები სძალავს. ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მაგრამ მუდმივად შეცდომებს უშვებს, ან აგვიანებს, ან დროზე ადრე იწყებს რეაგირებას.

სხვათა შორის, 2021 წელი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ძალიან რთული იქნება, გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც ორივეს ძლიერად დაუპირისპირდება.

- კონტურებიც არა გაქვთ, ვინ შეიძლება იყოს მესამე ძალა? - არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად იქნება. შეიძლება ეს იყოს უკვე არსებული ოპოზიციური ძალა, რომელიც მკვეთრად შეცვლის სტრატეგიას, ან ახალგაზრდები, რომლებიც პოლიტიკაში ჯერ არ ყოფილან. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები.

- "ნაციონალების" ლიდერებში სააკაშვილი იგულისხმეთ თუ მელია? - სააკაშვილს 18 ივლისამდე ურთულესი პერიოდი ექნება.

- ბიძინა ივანიშვილზე რას იტყვით? - ივანიშვილს წარმატების მომტანი იუპიტერის პლანეტა აქვს ლომის ზოდიაქოში. ახლა იუპიტერი ლომის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, მერწყულის ზოდიაქოში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი მერწყულია, იუპიტერის ლომის საწინააღმდეგოდ მოძრაობა ძალიან გაურთულებს სიტუაციას.

- ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ რაც ადრე ადვილად გამოსდიოდა, ახლა ძალიან გაუჭირდება.

- კიდევ ორ გამოკვეთილ ლიდერზე მაინტერესებს თქვენი აზრი, გიორგი გახარიასა და ირაკლი კობახიძეზე. - პრემიერ გახარიას კარგი პოლიტიკური მანევრის საშუალება ეძლევა. 15 მაისიდან 28 ივლისამდე მას ძალიან კარგი პერიოდი ექნება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებს. რაც შეეხება კობახიძეს, მას უკვე არასწორი გზა აქვს არჩეული, თავისი აგრესიით არათუ ოპონენტების, მომხრეების სიმპათიასაც კარგავს. მე მას რბილი და გულისხმიერი პოზიციის გამოხატვას ვურჩევ. მხოლოდ ასე შეძლებს თავისი მტრების განიარაღებას. ყველაზე კარგი პერიოდი მაინც გახარიას უდგას.

ხათუნა ბახტურიძე