"შესაძლოა, 2021 წელში რეგიონში პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეიცვალოს"
"შესაძლოა, 2021 წელში რეგიონში პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეიცვალოს"
"რუსეთი ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვოს, რომ თითქოს ცივილიზებულად ექცევა მის მიერ აღიარებულ ე.წ. რესპუბლიკებს..."

გასულ კვირას, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან, ასევე, საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში ახალი, სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა, რომელსაც "აფხაზეთთან, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა" - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის დოკუმენტში. ამ თემაზე სასაუბროდ რონდელის ფონდის უფროს მკვლევარს -
ვალერი ჩეჩელაშვილს
დავუკავშირდით:

- ამ ახალი ინიციატივით, რუსეთს ორი მიზანი აქვს, რომლის მიღწევასაც ცდილობს. პირველი, ეს არის მისი აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მისი აგრესიული საგარეო კონცეფციური პოლიტიკიდან გამომდინარეობს და რომელიც დამტკიცებულია 2016 წლის შემოდგომიდან. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი მზად არის განავითაროს საქართველოსთან ნებისმიერი სახის
თანამშრომლობა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რეგიონში შექმნილ ახალ ვითარებას აღიარებს. ანუ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იგულისხმება და ეს ნაბიჯიც ამ კალაპოტშია გადადგმული.

ამით რუსეთი ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვოს, რომ თითქოს ცივილიზებულად ექცევა მის მიერ აღიარებულ ე.წ. რესპუბლიკებს და თითქოს, მას ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ანექსია კი არ სურს, მათ სრულუფლებიანი საერთაშორისო სუბიექტებივით ექცევა და ურთიერთობების დალაგებას ცივილურად ცდილობს, ისე, როგორც საქართველოსთან. ანუ გამოდის, რომ კრემლის გადმოსახედიდან, საქართველოს ნებისმიერი პასუხი ხელსაყრელია - თუ მასთან თანამშრომლობას არ დავთანხმდებით, ამით არაფერს კარგავს, თუ დავთანხმდებით, მით უკეთესი.

- რაც შეეხება მეორე, ტაქტიკურ მიზანს?...
- კრემლში თავიდანვე იცოდნენ, რომ ჩვენ მათ შემოთავაზებას ვერ მივიღებდით, რადგან ჩვენი მხრიდან ეს იმ საოკუპაციო პოლიტიკის ირიბი აღიარება იქნებოდა, რასაც რუსეთი აწარმოებს. ამით რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა, თავისი მცოცავი ოკუპაცია გააგრძელოს, არა მხოლოდ შიდა ქართლის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ან აფხაზეთის მიდამოებში, არამედ, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც. თუნდაც თუშეთის მხარეს, სოფელ დიკლოსთან, სადაც უკვე ჩანს ამის ნიშნები... უარის თქმა თავისთავად კარგია, მაგრამ საჭიროა, ამას კარგად გააზრებული პოლიტიკა დავუპირისპიროთ მთელ პერიმეტრზე, რათა მცოცავი ოკუპაციის პრეცენდენტები არც სხვა მონაკვეთზე დავუშვათ. სახელმწიფომ უნდა დაანახვოს რუსეთს, რომ ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ შერჩება. ანუ, მათ ყველა პროვოკაციას კარგად გამყარებული სასაზღვრო პოლიტიკით უნდა ვუპასუხოთ.

- ყველა საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებას გულისხმობთ?
- არა მხოლოდ, ადმინისტრაციულ საზღვარზე ევროპელი დამკვირვებლების მისია გვყავს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკას ვერც ისინი უპირისპირებენ ვერაფერს და იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ გვაქვს არათანმიმდევრული პოლიტიკა? მხოლოდ საქმის კურსში ჩაყენებაზე არ უნდა იყოს საუბარი - რუსეთის მიმართ სანქციური პოლიტიკის ნაწილი საქართველოს პოლიტიკაც უნდა გახდეს, ანუ საერთაშორისო არენაზე მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო კი არა, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საოკუპაციო პოლიტიკის გამოც... ეს კომპონენტი მთლიანად ამოვარდნილია. რაღაც გამოსვლებში ცალკეული პერსონები კი საუბრობენ, თუმცა, არაერთ დოკუმენტში, რომელიც რეგიონში რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისკენ არის მიმართული, საქართველო არც არის ნახსენები. მაგალითად, დიდი შვიდეულის სხდომის ბოლო რამდენიმე, როგორც საგარეო საქმეთა, ასევე, დასკვნით დოკუმენტში უკრაინის თემაზე მკაცრად არის ნათქვამი, მაგრამ საქართველო ნახსენებიც არ არის.

ცუდია, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის დასავლეთის სასანქციო პოლიტიკის ნაწილი რუსეთთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის თავს ძალზე კომფორტულად გრძნობს და იმას აკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის და ჩვენი ცალმხრივი კრიტიკა, არაფერს უშლის... შესაბამისად, ეს ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობაში პრობლემა არ აქვს.

- ახლა დიდი მსჯელობაა გამართული, ამერიკაში მიმდინარე პროცესების გამო, რას შეიძლება ველოდოთ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში?
- ამერიკაში რამდენიმე სერიოზულმა პოლიტიკურმა ფიგურამ განაცხადა, რომ 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი ამბის შესახებ, სადღეგრძელო კრემლში დალიესო... გასაგებია, რომ რუსეთს უნდა წარმოაჩინოს, თითქოს ამერიკა დასუსტდა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში აღარაფერი ესაქმება, რაც ძალზე სასაცილოა, რადგან სინამდვილეში, ამერიკაში ძალზე მყარად არის ჩამოყალიბებული ინსტიტუციუნალური დემოკრატია და დემოკრატიის ხარისხი მაღალია, რაც ამ სახელმწიფომ იმითაც დაამტკიცა, რომ კრიზისი ძალზე სწრაფად, დიდი დანაკარგების გარეშე გაიარა. სამწუხაროა, იმ ხუთი ადამიანის სიცოცხლე, თუმცა, ამ დანაკარგის გარდა, სხვა მხრივ უცებ მოგვარდა ყველაფერი. შეიცვალა ტრამპის რიტორიკაც... ფაქტია, რომ ამერიკის ეკონომიკა, შეიარაღებული ძალები და ზოგადად, სახელმწიფო, მოწინავეა და მასზე რუსეთის ვითომ ცინიკური განცხადებები ძალზე არასერიოზულია, მაშინ, როდესაც, თავად უმძიმესი წელი და პოლიტიკური რყევები ელის. შესაძლოა, შემოდგომის არჩევნებში, პუტინის "ერთიანმა რუსეთმა" ძალზე სერიოზული მარცხი იწვნიოს. ცნობისთვის, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

- საგარეო მიმართულებით მოსალოდნელ ცვლილელებს გულისხმობთ?
- დიახ, 2021 წელი საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, კიდევ უფრო გმყარდება ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა და პარტნიორობა, რაც იმის გარანტია იქნება, რომ დასავლეთის გავლენა ყველგან, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში პრინციპულად გაძლიერდება. თუმცა, საქართველოს ინიციატივებისა და აქტიურობის გარეშე, ცალკე აღებული დასავლეთი, ვერაფერს გააკეთებს. ჩვენგან უნდა მომდინარეობდეს ინიციატივა, ჩვენ უნდა ვთხოვდეთ დასავლეთს და აშშ-ს, რომ უფრო მეტად დამკვიდრდნენ რეგიონში. საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნა თუ არა, საზღვაო ამ სახმელეთო ქვედანაყოფების შემოყვანა მოხდეს. თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სპეციალისტები შესაბამის წინადადებასაც მოამზადებენ.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ ინიციატივით, აშშ-მ გააძლიეროს თანამშრომლობა, მხოლოდ საქართველოსთან კი არა, სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც, ამის შესაძლებლობები არსებობს. თუნდაც ის, რომ აზერბაიჯანში ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის სამხედრო ძალებია განლაგებული, რაც შეეხება სომხეთს, იქ, რაც დრო გავა, მეტი იმედგაცრუება იქმნება რუსეთის მიმართ. სომხეთის პოლიტიკური სპექტრი კარგად ხვდება, რომ ის გარანტიები, რასაც რუსეთი მას აძლევდა, სანდო არ აღმოჩნდა. არადა, სომხეთი მისი ერთადერთი სტრაგეგიული მოკავშირე და ევრაზიული კავშირის წევრია... ამიტომ, სომხეთთან მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან. ასე რომ, აქ არის ძალიან დიდი ველი, რომელიც ტრანსატლანტიკური პარტნიორობით ფართოვდება და რუსეთს ამ რეგიონში გავლენები ეზღუდება. თუ საქართველო სწორად იაქტიურებს და სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, კარგად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი თუ გვექნება, ეს ეხება როგორც ჩვენს მეზობლებს, რუსეთის ჩათვლით, ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შესაძლოა, 2021 წელში რეგიონში პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეიცვალოს. ჯერჯერობით ჩვენს ხელისუფლებაში ასეთი მუშაობის ნიშნებს ვერ ვხედავ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ სადღაც მთარობის კაბინეტებში, ამ თემებზე შესაბამისი უწყების წარმომადგენელი პირები მუშაობენ.

(სპეციალურად საიტისთვის)

kote
14 იანვარი 2021 17:14
ჩინეთს ვერაფერს ვერ უზამს, როგორც კი ჩინეთს შეეხება რუსეთი დაიღუპება. იმიტომ არის რომ მოიწევს აქეთ სადაც უფრო ადვილია მისთვის ძალის დემონსტრირება ამ უმაქნისი დასავლეთის გამო. ვნახოთ 2021 რას იზამს აშშ.
არა ტროლი
14 იანვარი 2021 12:24
ბალზე ხარ და ტყემალს ჭამ. ( საერთოდ გარტყმაში არა ხარ რა)
Goga
14 იანვარი 2021 10:07
არასწორი ანალიზია საერთოდ.
თურქეთი ნატოს წევრი მხოლოდ მინიმალურადღაა.
ატარებს საკუთარ პოლიტიკას. ფაქტია ის რომ თურქეთმა და რუსეთმა გაიყვეს რეგიონი.
დაიწყეს ახალი გზების მშენებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა. მალე ჩვენც მოგვადგებიან და გვეტყვიან რომ ჩვენც უნდა ჩავერთოდ ამ თანამშრომლობაში. რკინიგზის გახსნა და ა.შ.
ყველა მხრიდან იქნება ზეწოლა. ამ ზეწოლას ჩვენ დიდი დახმარების გარეშე ვერ გავუძლებთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები