"ზუსტად ვიცი, ივანიშვილის წასვლას ათას კუდს გამოაბამენ, სინამდვილეში იგი წავიდა იმიტომ, რომ ფიქრობს, მის ქონებას საფრთხე არ ემუქრება"
"ზუსტად ვიცი, ივანიშვილის წასვლას ათას კუდს გამოაბამენ, სინამდვილეში იგი წავიდა იმიტომ, რომ ფიქრობს, მის ქონებას საფრთხე არ ემუქრება"
"ყალბ მეორედ მოსვლას ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა, რა აზრი აქვს?!"

ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საზოგადოებას, როგორც სჩვევია, ვრცელი წერილით ამცნო: "ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად
იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს", - აცხადებს ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში.

რა შეიძლება იყოს ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლის რეალური მიზეზი, ამჯერად მართლა წავიდა თუ ესეც მხოლოდ ფორმალობაა? რას გულისხმობს
იგი, როდესაც ამბობს, რომ მის მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი მიღწეულია? - ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ანალიტიკოსებთან შევეცადეთ.

გია ხუხაშვილი:
- პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ივანიშვილი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან და საქმე  წასვლის მორიგ იმიტაციასთან არ გვაქვს. წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა და სადაც წასვლასთან დაკავშირებით წერს, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. წასვლას საქმით დადასტურება სჭირდება, მეორედ მოსვლა უკვე იყო, ახლა მეორედ წასვლა ვიხილეთ. ყალბ მეორედ მოსვლას ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა, რა აზრი აქვს?! არ ვიცი, გასვლა ასე ადვილი არ არის. პირადი მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან რთულია. თავის დროზე, მეც ვთქვი, პოლიტიკიდან გავდივარ-მეთქი და - ძალიან მტკივნეული იყო. ადამიანურად მისი მესმის. შეიძლება, უნდა კიდეც, მაგრამ ყველა სახელისუფლებო ძაფი მასთან მიდის. ამ ძაფების ჩაჭრა ან გადაბარება საკმაოდ გრძელი და მტკივნეული პროცესია.

პირველი ინდიკატორი იმისა, რომ იგი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდან, მარტივი რაღაც იქნებოდა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრს საშუალება მისცემოდა, საკუთარი გუნდი თავად დაეკომპლექტებინა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი არ ჩაესვათ მინისტრთა კაბინეტში! გახარიას ერთი მინისტრი არ დაანიშნინეს - მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გუნდია. გარდა ამისა, ფინანსური ნაკადები და ძალოვანი სისტემა მისი კონტროლის ქვეშ არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გახარიას კაბინეტზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კი არ აწერია, არამედ - იგი რეალური ხელისუფალია. თუ ჩვენ ამას დავინახავთ, ეს იქნება დადასტურება, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

- როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური პრობლემებია და ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს გამოკვების საშუალება არ აქვს, როგორ უნდა აღვიქვათ ივანიშვილის ნათქვამი, რომ მისი ყველა მიზანი მიღწეულია?
- იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს ფრაზა მართლაც ძალიან უცნაურად ჟღერს. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით, ვითარება დეგრადირებულია და წინსვლა კი არ არის, პირიქით - უკუსვლა გვაქვს, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე - ეკონომიკურ ცხოვრებაში. ე.ი ივანიშვილი ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან, უბრალოდ, მორიგ "ტრიუკს" გვიტარებს და უნდა, რაღაც ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს.

თორნიკე შარაშენიძე:
- რა იყო მიზანი, რომელსაც მან მიაღწია?! ჩემი აზრით, ის მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა ქუჩაში. "ქართულ ოცნებას" აღარ ემუქრება საფრთხე, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან "ნაციონალები"; რომ "გააკულაკებენ" ბიძინა ივანიშვილს და მოაშთობენ "ოცნებას". ასეთი საფრთხე აღარ არსებობს. თუ შეიცვლება ხელისუფლება, ის მაინც აღარ იქნება საფრთხეში. ზუსტად ვიცი, მის წასვლას ათას კუდს გამოაბამენ, უამრავ სისულელეს იტყვიან, სინამდვილეში იგი პოლიტიკიდან წავიდა იმიტომ, რომ ფიქრობს, მის ქონებას საფრთხე არ ემუქრება. მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანიც ხომ ის იყო, რომ საქართველოში თავისი უსაფრთხოება გაემყარებინა.

- როგორ გგონიათ, მართლა აღარ ემუქრება საფრთხე მის ქონებას?
- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მან თავისი ქონების უსაფრთხოება ნამდვილად უზრუნველყო. ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რაც, თავის მხრივ, ოპოზიციის ბრალიც არის.

გია ნოდია:
- თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის პირველი წასვლა არ იყო პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა, არც იმას დავიჯერებთ, რომ ახლა რეალურად მიდის. უბრალოდ, იგი ნაკლებ დროს დაუთმობს პარტია "ქართულ ოცნებას" და ზოგადად - პოლიტიკას. რატომ გადაწყვიტა ფორმალურ მმართველობაზე უარის თქმა?! ის მიიჩნევს, რომ საქმე კარგად არის. "მეორედ მოსვლის" დროს, თავად გვითხრა - პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა და გავლენის დაკარგვის საფრთხე იგძნო. დაბრუნდა, ყველაფერი ისე დაალაგა, როგორც თავად აძლევდა ხელს, საკუთარი ქონების უსაფრთხოება უზრუნველყო, ოპოზიცია დაასუსტა და ისევ წავიდა. წერილში საკმაოდ გულახდილად ამბობს, რომ მისი მიზანი მიღწეულია.

- ეს რა მესიჯია საზოგადოებისთვის, რომელიც მისი ხელისუფლებაში მოსვლით იაფ ფულს, განახევრებულ კომუნალურ გადასახადებს, მომატებულ სამუშაო ადგილებს და გაზრდილ ხელფასებს ელოდა?
- ფაქტია, რომ ივანიშვილს ამაზე ლაპარაკი არ უნდა. ის თავის წერილში ყველაზე მეტ ყურადღებას "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ოპოზიციასთან წარმატებულ ბრძოლას უთმობს. როგორც ჩანს, ფიქრობს რომ მისი წინასაარჩევნო დაპირებები ხალხმა უკვე დაივიწყა. ცხადია, რომ დაპირებები შესრულებული არ არის, ის კი ისევ ხელისუფლებაშია. ე.ი ხალხმა მას ტყუილები აპატია.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

გიოგიო
13 იანვარი 2021 20:04
კომუნისტებმა თავისი მართველობა დაიწყეს ტერორით-ისინი ანადგურებდნენ ინტელიგენციას-გლეხობას(იმ დროის მიწაზე მომუშავეებს)ინტელიგენციას მოუსპეს ყველა ის საშუალება რასაც თავისუფალი აზროვნება ერქვა-გლეხობას წაართვეს მიწები(გააკულაკეს)და ეს ყველაფერი გრძელდებოდა თითქმის 75წელი.ყველაზე მტკინვეულად ეს აისახა საქართველოს სი ნამდვილეში ანუ დღევანდელ მდგომარეობაზეც-რა ხდება? რა დაემართა საქართველოს?ვინ არ აოხრებდა მას,მაგრამ ასე სუ ლიერად დაცემული?-სად არის ჩვენი მწერლობა?ჩვენი ცოცხალკლასიკოსი-დოჩანაშვილი? მართლაცდ არა მარტო ახალგაზ რდობისა ძველგაზრდების საყვარელი რომანისტ მთხრობელი-მორჩილაძე?-მარტო უმცროს უმცროსმა ბუღაძეებმა უნდა უთხრან ერს,რომ "მეფე"შიშველია?პ.ს.სააკაშვილის მიმართ აგორებულმა რუსულ-ქართულ" შავრაზმელურმა "პიარმა ასე,როგორ დაუბინდა გონება ერს?!.....
ia
12 იანვარი 2021 12:17
რამდენი ბოღმა ჰყავს ქვეყანას...
პატრიოტი 2
12 იანვარი 2021 11:40
როდის იყო ხალხის აზრი აინტერესებდა? მისი ქველმოქმედებაც ბლეფი იყო, უფრო სწორად ტრამპლინი პოლიტიკაში
მოსასვლელად. პოლიტიკაში მოსვლა კი მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ქონების მომატებისა და დაცვისთვის უნდოდა. არ დაგვავოწყდეს რუსეთის ფაქტორი: პირადი ოცნებებისა და მიზნებისთვის საქართველოს რუსეთისთვის გადაბარება( ვერ
მოესწრება). დაიწყო საყდრისის აფეთქებით, გააგრძელა ანაკლიის ჩაძირვით და დაასრულა არჩევნების გაუქმებით. ეს ძირითადი მომენტები,თორემ ამ 8 წლის განმავლობაში მავნებლობას ვინ ჩამოთვლის.ჩვენი სამშობლოს გადაფორმება,განადგურება არ უნდა შერჩეს და ეპატიოს-ვ ნ ა ხ ო თ!!! ეს უტიფრობაც გამაოგნებელია, ხოდა ვიყოთ ასე გაოგნებულები, ახია ჩვენზე !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები