"გაქცევა ჩრდილში: რატომ წავიდა უმდიდრესი ოლიგარქი პოლიტიკიდან" - როგორ ეხმაურება მსოფლიოს მედია ივანიშვილის გადაწყვეტილებას - კვირის პალიტრა

"გაქცევა ჩრდილში: რატომ წავიდა უმდიდრესი ოლიგარქი პოლიტიკიდან" - როგორ ეხმაურება მსოფლიოს მედია ივანიშვილის გადაწყვეტილებას

"ქართული ხელისუფლების "კონტროლიორი" პოლიტიკიდან მიდის"

საერთაშორისო მასმედიაში საკმაოდ აქტიური გამოძახილი მოჰყვა საქართველოს მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და სხვა ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთმანეთის მსგავსი სათაურით ახალ ამბად გამოქვეყნდა ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შესახებ.  მათში მოკლედაა განმარტებული მილიარდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები. დასავლურ და რუსულ პრესაში დაიბეჭდა საკმაოდ ვრცელი სტატიებიც, სადაც, ასევე, გაეცნობით სხვადასხვა  კომენტარსა და თვალსაზრისსაც.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

----------------

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან ისევ მიდის", სადაც, კერძოდ, ნათქვამია: "ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "ვარდების რევოლუციის" ლიდერი და პროდასავლელი რეფორმატორი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორა, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. სხვათა შორის, მან ადრეც გადადგა მსგავსი ნაბიჯი, შვიდი წლის წინ, მაგრამ შორს არ წასულა - პრინციპში, მილიარდერი ისევ პოლიტიკაში დარჩა, მან შეინარჩუნა თავისი პარტიის კონტროლი და ოთხი წლის შემდეგ ისევ პოლიტიკაში დაბრუნდა", - აღნიშნულია სტატიაში, სადაც მოცემულია ქართველი ექსპერტის - გელა ვასაძის კომენტარი:

"ბიძინა ივანიშვილის წასვლა ახლაც დეკლარაციული ხასიათისა იქნება. რა თქმა უნდა, იგი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების კონტროლს, რისი ყველა ინსტრუმენტი თავად ბიძინა ივანიშვილის ხელშია", - ამბობს ექსპერტი ბი-ბი-სის რუსული სამსახურის კოსრესპონდენტთან საუბარში. გელა ვასაძე დარწმუნებულია, რომ მილიარდერს იმ პოლიტიკურ სისტემაში დაბრუნება, რომელიც თვითონ შექმნა, ყოველთვის შეუძლია, თანაც - ყველანაირ თანამდებობაზე. "ჯერჯერობით სტატუსკვო შენარჩუნებულია".

პუბლიკაციაში, ასევე, გადმოცემულია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდის მიმოხილვა და ხაზგასმულია, რომ ამჯერად "ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკიდან იმ დროს მიდის, როცა საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური [და ეკონომიკური] კრიზისი სუფევს. (წყარო)

---------------

გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) პუბლიკაციაში სათაურით - "ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკას ტოვებს", ნათქვამია, რომ ქვეყნის მმართველი პარტიის დამაარსებელმა და ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა და ეს მან ქართველ საზოგადოებას ვრცელი ღია წერილით აცნობა: მილიარდერმა განაცხადა, რომ მისი "მისია შესრულებულია".

სტატიაში მოკლედაა გადმოცემული, როგორც ღია წერილის ძირითადი მომენტები, ასევე - მისი ავტორის მოკლე პოლიტიკური ბიოგრაფია: "საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ცნობილი ბიზნესმენი იყო, 2011 წელს მან შექმნა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა 2018 წელს პარტიის ლიდერად დაბრუნდა და არჩევნებში ისევ გაიმარჯვა".

(წყარო)

----------------

ავსტრიული გაზეთი "ვინა ცაიტუნგი" (Wiener Zeitung, იბეჭდება ვენაში), გერმანულ და ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტოებზე ("APA", "DPA") დაყრდნობით, აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ქართული ხელისუფლების "კონტროლიორი" პოლიტიკიდან მიდის", სადაც ნათქვამია: "შავიზღვისპირა საქართველოს რესპუბლიკაში მმართველი პარტიის ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში ათი წლის წინ მოვიდა, ახლა პოლიტიკას ტოვებს. "ქართული ოცნების" ლიდერმა და ექსპრემიერ-მინისტრმა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევა, განაცხადა, რომ მისი "მისია შესრულებულია".

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე: "გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგები გაყალბდა და, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მმართველ პარტიას ხმების 48% მისცა. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს და ითხოვს ახალ არჩევნებს. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ძლიერ იყო დამოკიდებული უცხოურ ტურიზმზე, კორონავირუსის პანდემიის გამო დღეს ძალიან დიდ ზარალს განიცდის. თვითონ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი ბიზნესმენია, ხელისუფლებაში და პოლიტიკაში ყოფნის დროს იგი ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირების მომხრედ გამოდიოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრდა, როგორც უძრავი ქონებითა და ლითონით ვაჭრობით, ასევე - საბანკო სფეროში მოღვაწეობით", - ნათქვამია სტატიაში. (წყარო)

------------------

ამერიკული გამოცემა "ფორინ პოლისი" (Foreign Policy) აქვეყნებს საერთაშორისო ახალი ამბების მიმოხილვას, სადაც ყურადღება ექცევა საქართველოს მთავარ მოვლენასაც. მოკლე პუბლიკაციის სათაური ასეთია: "თვალყური ვადევნოთ", რომელშიც ავტორი ემი მაკინონი წერს: "საქართველოში პოლიტიკური ძვრები ფიქსირდება. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც უკვე ათი წელია, ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე ლიდერობს, ორშაბათს განაცხადა, რომ მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობიდან მიდის და, საერთოდ, პოლიტიკურ საქმიანობას ტოვებს. 1990-იან წლებში დაგროვილი ბიძინა ივანიშვილის ქონება, დაახლოებით, 6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ერთი მესამედის ეკვივალენტს წარმოადგენს. მილიარდერს ბრალად უყენებენ იმას, რომ მან თავისი მდგომარეობა [საპარლამენტო] არჩევნებში საკუთარი პარტიის გამარჯვებისთვის გამოიყენა.

შესაძლოა, პოლიტიკიდან მისმა წასვლამ ის პოლიტიკური დაძაბულობა შეასუსტოს, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იგრძნობა: ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავლას პირველად არ აცხადებს: მან მსგავსი ნაბიჯი 2013 წელსაც გადადგა, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, მაგრამ მოგვიანებით, 2018 წელს ისევ დაბრუნდა", - აღნიშნავს ავტორი. (წყარო)

--------------------

როგორც მოსალოდნელი იყო, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯს ყველაზე ფართო გამოხმაურება რუსულ მასმედიაში მოჰყვა: რადიოტელევიზიაში, პრესაში, საინფორმაციო სააგენტოებში და ა.შ. გავეცნოთ პრესაში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციას: -

გაზეთი "იზვესტია" ("Известия") აქვეყნებს სტატიას სათაურით - "გაქცევა ჩრდილში: რატომ წავიდა უმდიდრესი ოლიგარქი პოლიტიკიდან" (ავტორი - იგორ კარამზინი).

"იზვესტია" დაინტერესდა მილიარდერის გადაწყვეტილების მიზეზებით და სავარაუდო შედეგებით", - აღნიშნულია პუბლიკაციის დასაწყისში, სადაც ფართოდაა მიმოხილული ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი მომენტები (ქვესათაურით - "მისია შესრულებულია") და მისი პოლიტიკური საქმიანობის დასაწყისი შორეულ 2011 წელს, როცა იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა. ვრცელი პუბლიკაციის ერთ-ერთი ნაწილი ასეცაა დასათაურებული - "ოცნება" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ", მასში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული "ქართული ოცნების" ლიდერისა და პრეზიდენტის მეტოქეობაზე:

"პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მმართველობის მეორე პერიოდში კონსტიტუცია შეცვალა და ქვეყნის მართვას უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით სურდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა იგი ამხილა. მიხეილ სააკაშვილი, თავის მხრივ, დანებებას არ აპირებდა - მან მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით, იგი 90 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაინც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გავლენა კი - ძალიან შემცირდა. ვადის დასრულების შემდეგ ამ უკანასკნელმა ქვეყანა დატოვა, მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ქვეყნის მართვის სადავეები მაინც ხელში ჰქონდა, სიტუაციას კულისებიდან აკონტროლებდა და როცა აშკარა გახდა, რომ პარტიაში განხეთქილება მწიფდებოდა (როგორც დამკვირვებლები ამბობენ), იგი პოლიტიკაში დაბრუნდა... 2020 წლის არჩევნებში ისევ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, უკვე მესამედ [რაც უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს ქართული არჩევნების ისტორიაში].

ქართველმა პოლიტიკოსებმა კრიტიკულად შეაფასეს ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და ხატია დეკანოიძის განცხადების ციტირებას ახდენს: "მან პასუხისმგებლობა თავის გუნდს გადააბარა და თვითონ ჩრდილში დადგა. ეს მხოლოდ დეკლარაციული გაქცევაა".

რაც შეეხება რუსი ექსპერტების თვალსაზრისს, პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიის პრობლემათა შემსწავლელი ცენტრის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს ნიკოლაი სილაევს. ექსპერტის აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა კულუარულად გააგრძელოს ხელმძღვანელობა. ექსპერტი მილიარდერის წასვლას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებს: "მისი პარტია პარლამენტში მარტო დარჩა. ეტყობა, მას არ სურს, რომ ეს სიტუაცია მასთან იყოს ასოცირებული. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ოპოზიციონერები შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ და პარლამენტის დარბაზში დაბრუნებიან".

პოლიტოლოგი არტურ ატაევი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში ყოფნა ნამდვილად მძიმეა: "იგი იშვიათად ჩანს საჯარო სივრცეში, ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ ოცნებობს, სხვა საკითხებზე გადაერთოს, იოგათია დაინტერესებული, მაგრამ მისი რეალურად წავლა შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილს ვერავინ შეცვლის, საქართველოში მეტი ასეთი მძიმეწონიანი, ამ დონის ადამიანი არავინ არის. ერთხელ წასვლა სცადა და მისი პარტია კინაღამ დაიშალა - თანაპარტიელები ერთმანეთს დაერივნენ, დაიწყო შიდა ომი. ალბათ, მას ახლაც მოუწევს პროცესების გარედან კონტროლი. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკიდან წასვლას ეკონომიკური რესურსების დაკარგვა მოსდევს. საეჭვოა, რომ ამისთვის ბიძინა ივანიშვილი მზად იყოს", - ხაზს უსვამს არტურ ატაევი "იზვესტიასთან" საუბრისას. (წყარო)

-------------

გაზეთ "კომერსანტში" ("КоммерсантЪ") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ქართული ოცნება" მეოცნების გარეშე დარჩა: საქართველოს ჩრდილოვანმა მმართველმა პოლიტიკიდან წასვლა გამოაცხადა" (ავტორი - გიორგი დვალი). მასში, კერძოდ, ნათქვამია: "საქართველოს წინ დიდი ცვლილებები ელოდება: ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქვეყნის "ჩრდილოვან მმართველს" უწოდებდნენ, დიდი პოლიტიკდან წასვლა გადაწყვიტა. თანაც - გაგანია პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა "ქართული ოცნება" ძლივს იგერიებს ოპოზიციის შეტევებს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. თვითონ მილიარდერი დარწმუნებულია, რომ მან თავისი მისია შეასრულა და სააკაშვილის დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდება".

სტატიის ავტორი ესაუბრება პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომლის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ მაინც არ წავა. იგი ცდილობს თავისი პარტიის სიმტკიცის შემოწმებას: გაართმევს თუ არა თავს "ოცნება" დამოუკიდებლად იმ პოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც აუცილებლად იქნება, მათ შორის - 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებს". პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოლიგარქი შეიძლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ისევ დაბრუნდეს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ