მოსვლა-წასვლა წერილებით - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საბოლოო? - კვირის პალიტრა

მოსვლა-წასვლა წერილებით - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საბოლოო?

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის... ამ გადაწყვეტილების შესახებ მან საზოგადოებას წერილობით ამცნო ისევე, რა ფორმითაც პოლიტიკაში მისი მოსვლა გახდა ცნობილი. "ქართული ოცნების" ლიდერი სიამაყით ამბობს, რომ მისია შესრულებულია, ქვეყანა სწორ რელსებზე დააყენა და შექმნა ისეთი გუნდი, რომელსაც ქვეყნის მართვას იმედიანად აბარებს. "მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულიად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე - საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები... პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", - ამბობს ივანიშვილი წერილში, თუმცა ეპიდემიისა და კრიზისების პიკში მყოფი ქვეყნის ლიდერის ეს ნაბიჯი ოპოზიციამ ღალატად, ბრძოლის ველიდან და პასუხისმგებლობისგან გაქცევად შეაფასა. მეტიც, მათ სკეპტიკურად მიიღეს "ქართული ოცნების" ფუძემდებლის პოლიტიკიდან წასვლა.

რეალურია თუ არა ეს წასვლა, ძნელი სათქმელია, ვინაიდან საზოგადოებას მანამდეც ახსოვს ივანიშვილის ერთხელ წასვლაც და მეორედ მოსვლაც.

კერძოდ, ბიზნესმენი და მეცენატი პირველად პოლიტიკაში 2012 წელს მოვიდა, 2013 წლის 20 ნოემბერს კი დატოვა პრემიერის თანამდებობა და  სამოქალაქო სექტორში გადავიდა. მან მაშინაც გაავრცელა ღია წერილი, სადაც ამბობდა, რომ მისი მთავარი მისია - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლა, შესრულებული იყო, ძალიან კარგ გუნდს ტოვებდა და პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ აღარ აპირებდა. წასვლიდან ორი წლის შემდეგ მან განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში მას შემდეგ დაბრუნდებოდა, თუ რაღაც საოცრება მოხდებოდა და ამის საჭიროება იქნებოდა. 2018 წელს, როცა გუნდს და ქვეყანას გაუჭირდა, ისევ მოვიდა - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა. მეორედ მოსვლას მეორედ წასვლა მოჰყვა და წერილით მოსული, ისევ პოლიტიკური ეპისტოლეთი წავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დაამარცხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდა.

ამონარიდები პირველი ღია წერილიდან

(თარიღდება 2011 წლის 12 ოქტომბრით)

"ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ "ქართული ოცნება" – ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო!"

"რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ! ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელ ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებასა და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ.

ამასთან ერთად, იმასაც გპირდებით, რომ ვიქნები სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და, ამავე დროს, უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევს მუშაობა".

"რატომ მოვედი პოლიტიკაში? ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას".

"საჭირო და აუცილებელია, პირველყოვლისა, შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში.

მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ - საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად.

მე ვაპირებ სრულიად ახლებური მიდგომით და პერსპექტივაზე ორიენტირებული გათვლებით ცხოვრება გავუადვილო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს".

"ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ "ქართული ოცნება" – ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო!"

ამონარიდები მეორე ღია წერილიდან

(წერილი 2013 წლის 11 ნოემბრით თარიღდება) ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა. მაშინაც, ისევე როგორც დღეს, გაჩნდა ეჭვი მისი პოლიტიკიდან რეალურად წასვლასთან დაკავშირებით და სკეპტიკურად განწყობილები ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ იგი არაოფიციალურ და კულუარულ მმართველად დარჩებოდა.

"მე არასოდეს ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს"

"ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი, მინდა, ვუპასუხო იმ ბოლო აბსურდს, რომ თითქოს კულუარებიდან მინდა, ვმართო ქვეყანა და გავლენა მოვახდინო ხელისუფლებაზე. და როცა გავლენაზე მიანიშნებენ, სამწუხაროდ, პოლიტიკაში ორწლიანი მოღვაწეობისას ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც კარგად მიცნობს, უამრავი ადამიანი გავიცანი, უამრავს დავუმეგობრდი, ძალიან ბევრი ხშირად მაკრიტიკებს კიდეც, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ მე ორმაგი სტანდარტით ვცხოვრობ და ვმუშაობ. ერთ ეპიზოდსაც კი ვერ გაიხსენებს ვერავინ, რომ მე რაღაც კულუარულ თამაშებში ვერთვებოდი. პირიქით, ზოგჯერ ჩემივე გუნდის წევრები სწორედ "კულუარებში" მაკრიტიკებდნენ პოლიტიკოსისთვის ზედმეტი გულახდილობისა და საჯაროობისთვის. ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრი, ნებისმიერი მინისტრი მაქსიმალურად თავისუფალი იყო, მე მათ არასოდეს თავს არ ვახვევდი არაფერს, მხოლოდ მსჯელობისა და საღი აზრის პატივისმცემელი ვარ. ასეთია ჩემი მუშაობის წესი. მე არასოდეს არ ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ. ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ - ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი? მხოლოდ უარყოფით კონტექსტს გულისხმობენ".

"ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, ის, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთანაც ურთიერთობა, - ეს არის ჩემი ღირებულებები, და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ისინი ნამდვილად უნდა შფოთავდნენ, რადგან დიახაც რომ, მე მოვახდენ გავლენას ამ მიმართულებით".

"მე სხვა ინტერესი, გარდა ჩემი ქვეყნის წინსვლისა და ევროპული განვითარებისა, არასოდეს მქონია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ბიზნესი არა მაქვს და ამას არც მომავალში ვაპირებ, და როგორ შეიძლება რამე სხვა მოტივი მამოძრავებდეს, გარდა ჩემი ქვეყნის სამსახურისა.

და მაინც, ყველაზე დიდი აბსურდი, რასაც მომაწერენ, არის ის, თითქოს მეშინია, თითქოს გავურბივარ პასუხიმგებლობას და ამიტომ მივდივარ პოლიტიკიდან. შეიძლება არსებობდეს თანამდებობის დაკარგვის შიში. მაგრამ, როდესაც მე ჩემი ნებით უარს ვაცხადებ თანამდებობაზე, რა შიშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

მე მაშინ არ შემშინებია, როდესაც უმძიმეს ვითარებაში მივიღე პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმის მრავალწლიანი მმართველობა ემუქრებოდა, როდესაც საზოგადოებაში სრული სასოწარკვეთილებისა და უპერსპექტივობის განცდა მეფობდა, როდესაც მთლიანად განადგურებული იყო ოპოზიციური ძალები, – სწორედ მაშინ დავდე სასწორზე მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, შვილების უსაფრთხოება და სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილება მივიღე".

წერილი მესამე

(თარიღდება 2021 წლის 11 იანვრით)

"პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი... მისია შესრულებულია!"

"რა არის "ქართული ოცნების" მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია, გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, და ბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება".

"ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს.

"ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად მიღწეულია თვისებრივი გაუმჯობესება და წარმატებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკლებლივ ყველა სფეროში. ეს ეხება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დამნაშავეობასა და კორუფციასთან ბრძოლას, ისე - დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება სამომავალოდ საქართველოს წინსვლის საიმედო საყრდენი".

აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ამაყად და ტრიუმფით წასვლის უფლება, "ავიხდინეთ თუ არა ყველამ ქართული ოცნება", თუ შეასრულა, რასაც ქართველ ხალხს დაჰპირდა? ზოგადად, მოსვლის დღიდან მის მოღვაწეობას kvirispalitra.ge-სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:

"ივანიშვილისთვის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ანალოგიური არგუმენტები ჰქონდა მაშინაც, 2013 წელს, როდესაც წავიდა პოლიტიკიდან. სინამდვილეში, ის არც მაშინ წასულა პოლიტიკიდან, უბრალოდ, სტატუსი შეიცვალა, ხოლო როდესაც პრობლემა გაჩნდა, დაბრუნდა კიდეც და ოფიციალურად გახდა პარტიის თავმჯდომარე (მიუხედავად იმისა, ირწმუნებოდა, რომ შესანიშნავი გუნდი დატოვა და მისი ხელისუფლებაში ყოფნა საჭირო არ იყო). ივანიშვილმა ახლაც ანალოგიური განცხადება დატოვა. იმის გარანტია, რომ უკან აღარ დაბრუნდება, არ არსებობს და არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულ ოცნებას" თუ რამე საფრთხე დაემუქრა ან მისი მოსაწონი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული (როგორც ეს კვირიკაშვილის შემთხვევაში იყო), დაბრუნდეს პოლიტიკაში და ისეთივე ტიპის განცხადება გააკეთოს, როგორიც გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ (როცა "ოცნებას" გაუჭირდა და ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, გამოვიდა და ითხოვა, რომ ოღონდ ახლა დამიჭირეთ მხარი და ერთ წელიწადში ყველაფერს დავარეგულირებო). ამიტომ ასეთი ვერსია შესაძლებლად მიმაჩნია. მცირეა იმის ალბათობა, რომ იგი არ ჩაერევა ხელისუფლების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებში. ეს კაცი არ ჩანს ასეთი ხასიათის, თუნდაც იმ რვაწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე - არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას შეუძლია ყურადღება მოადუნოს და თავის ნებაზე მიუშვას, იქნება ეს ბიზნესი თუ - პოლიტიკა. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ყველა ხვდება, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა და კიდევ უფრო ცუდის მოლოდინი: ოპოზიცია გაზაფხულზე რევოლუციას აანონსებს და ა.შ. ასეთ დროს პოლიტიკიდან წასვლა ნიშნავს იმას, რომ ის, უბრალოდ, ცდილობს, პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან.

თავის დროზე, როდესაც მან პირველად დატოვა პოლიტიკა, მაშინაც ვთქვი, რომ ძალიან ადრე იყო მისი წასვლა, ეს არანაირ სიკეთეს არ მოუტანდა მას და ქვეყანას. დღესაც იმავეს ვიმეორებ, იმიტომ, რომ, როდესაც არსებობს გუნდი, რომელიც თავის ლიდერად აღიარებს ივანიშვილს და არა რომელიმე სხვას - გახარიას, კობახიძეს თუ კალაძეს, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ რთულ ვითარებაში გაუკვეველი რჩება უმთავრესი საკითხი – რეალურად სად არის ხელისუფლების ძალაუფლების ცენტრი. გაურკვეველია, რის გარშემო ხდება კონსოლიდირება, რაც სასიცოცხლოა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც აუცილებლად დადგება. როცა ასეთ მძიმე სიტუაციაში, პანდემიისას, ტოვებ გუნდს კობახიძის მეთაურობით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მინიმუმ დეზორიენტაციას მოიტანს თავად გუნდის შიგნით. ასეთ ვითარებაში მისი წასვლა ნამდვილად აღიქმება, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. თუმცა ივანიშვილი მაინც იტოვებს შანსს, რაღაც მომენტში ისევ მობრუნდეს, როგორც მესია.

ივანიშვილი 2013 წელსაც იმავეს ამბობდა, მისია შევასრულეო. რთული სათქმელია, რა მისია ჰქონდა მას ან რამდენად აქვს გაცნობიერებული ის მისია, რაც, ზოგადად, ქვეყნის ხელისუფალს ეკისრება. 2011 წლის შემდეგ საეჭვო იყო, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას შეინარჩუნებდა. ასევე, საეჭვო იყო ისიც, რომ ის უმტკივნეულოდ დათმობდა ძალაუფლებას. ივანიშვილის ფიგურამ 2011-ში მოახდინა ძალების კონსოლიდაცია, ივანიშვილი მიიღო და აღიარა მთელმა ოპოზიციამ და ის იმდენად მძლავრად შემოვიდა პოლიტიკაში, რომ თავად გადაწყვიტა და ხმამაღლა განაცხადა, ვისთან ითანამშრომლებდა და ვისთან – არა (ასევე იყო მედიასთან მიმართებაშიც). მისმა გამოჩენამ შეძლო ის, რომ ქუჩის დაპირისპირების გარეშე მოხდა ხელისუფლების ცვლილება. მას ვეთანხმები იმაშიც, რომ ეს არჩევნები კი არა, მართლაც ომი იყო. არჩევნებში თუ არ იქნებოდა ის შედეგები, რაც მაშინ იყო, 2 ოქტომბერს ქუჩა დაიწყებდა აფეთქებას...

მის წერილში ჩამოთვლილი აქვს, რას ვაპირებდი 2011-ში და რა შევასრულეო.

ამ ჩამონათვალში ერთადერთი, რაც სიმართლეა და რაც მან გააკეთა, არის ის, რომ მან ჩაანაცვლა სააკაშვილის რეჟიმი. დანარჩენი მიღწევა მას ან ეჩვენება, ან უნდა, რომ ასე იყოს. მას შეიძლება უნდოდა შეექმნა კონსტრუქციული ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. მაგრამ ეს ისეთი ფაქტორებია, რომ რამდენი ფულიც  უნდა გქონდეს, ვერ შექმნი. საზოგადოება თვითონ მუშაობს ამაზე და შენ უნდა შექმნა პირობები, გარემო, რომელიც იმას გააკეთებს, რაზედაც ლაპარაკობდა. ოღონდ ამ გარემოს შეცვლას უნდა მართვის სისტემის შეცვლა. მართვის სისტემა, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს, ივანიშვილმა იგივე დატოვა. რა იყო მისი მისია, არ ვიცი... როგორც ჩანს, თავად თვლიდა და დღესაც თვლის, რომ ხელისუფლებას ჩამოაშორა სააკაშვილი და გამოდის, მარტო ეს იყო მისი მისია.

მან თავი ვერ გაართვა ყველაზე მთავარ გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, ამბობს, ვერ შევძელით სიღარიბის დაძლევა, მაგრამ ნაწილობრივ დავძლიეთო.

პოლიტიკური სპექტრიც და საზოგადოებაც ერთმანეთს ვერ უკავშირებს ქვეყანაში რეალური დემოკრატიული სისტემის არსებობას და ეკონომიკურ-სოციალურ კეთილდღეობას. ამ ორ ფაქტორს ცალ-ცალკე განიხილავენ, არადა, პირველი განაპირობებს მეორეს. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, ეს იმით შეძლეს, რომ შექმნეს თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოები. ამან მისცა საშუალება მათ, რომ თავისუფლებაც ყოფილიყო, სამართლიანი სასამართლოც და, რაც მთავარია, ეკონომიკური კეთილდღეობაც. ივანიშვილი თავის პირველ წერილში რასაც ლაპარაკობდა, ამას, პირველ რიგში, სახელმწიფოს რეორგანიზაცია უნდა მოჰყოლოდა და შემდეგ იქნებოდა წარმატებული ეკონომიკური და სოციალური სვლები. ამ პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. დღეს "ოცნებაში" თუ არებობს გუნდი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რა არის გასაკეთებელი, თუნდაც ამ რეფორმების მიმართულებით, მაშინ "ოცნებას" მართლა შეუძლია ხელისუფლება შეინარჩუნოს. ივანიშვილის მაშინდელი ეკონომიკურ-სოციალური დაპირებების შესრულება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ იქ იმუშავებდა დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც არ გვაქვს. რომ ამბობს, ინსტიტუტები გავაძლიერე და რეფორმები გავატარეთო, იქნებ დაესახელებინა, კონკრეტულად - რომლები? შედეგი რაც დღეს გვაქვს, ასეთიც უნდა იყოს, ლოგიკურია. თუ გინდა ეს პროცესი შეაჩერო, მაშინ სისტემა უნდა შეცვალო. ივანიშვილი თუ სისტემის შეცვლას არ აპირებდა, ეს დაპირებები იმთავითვე განწირული იყო.

წავიდა, მაგრამ ივანიშვილს პასუხისმგებლობისგან თავის არიდება მაინც გაუჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ის დღეს ყველაზე გავლენიანი ფიგურაა საქართველოში, ამიტომ ვერ მოხერხდება მისგან დამოუკიდებლად პოლიტიკის გაკეთება. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ანალოგიური ვითარებაა სააკაშვილის და ოპოზიციის მიმართაც, ამიტომ ჯერჯერობით ორ პოლუსზე ვართ გაჩერებული.

შესაძლოა, ივანიშვილს ჰგონია, რაც ჩამოთვალა, ყველაფერს მიაღწია, მაგრამ გამოდის, ეს კაცი აცდენილია რეალობას. რეალობა რომ სხვაა?

"ოცნებამ" და ივანიშვილმა რაც გააკეთა - საპირწონედ შეინარჩუნა "ნაციონალური მოძრაობა". როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, თუ შუა გაკრეფილია, მაშინ საზოგადოებაში ორი პოლუსი რჩება. მაშინ თუ გაკრეფა აუცილებელი იყო, ეს მერეც გაგრძელდა და დღემდე გრძელდება. ივანიშვილმა და სააკაშვილმაც მოახერხეს ის, რომ ქვეყანა ორპოლუსიანი დარჩენილიყო (ძირითადი მოთამაშეებიც ესენი დარჩნენ). ამაში "ღვაწლი" იმ ოპოზიციასაც მიუძღვის, რომელიც ამ ორ პოლუსს შუაა მოქცეული და რომელსაც ვერ გაუგია, რა უნდა გააკეთოს. ივანიშვილი დარჩება თუ არა პოლიტიკაში, სანამ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, ის მუდმივად იქნება ასოცირებული ივანიშვილთან, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" - სააკაშვილთან".

იხილეთ ასევე: "გაქცევა ჩრდილში: რატომ წავიდა უმდიდრესი ოლიგარქი პოლიტიკიდან" - როგორ ეხმაურება მსოფლიოს მედია ივანიშვილის გადაწყვეტილებას

(სპეციალურად საიტისთვის)