"ეს დიდი გამოწვევაა "ქართული ოცნებისთვის" - მათთვის რამდენიმე თვე იქნება ძალიან მძიმე" - კვირის პალიტრა

"ეს დიდი გამოწვევაა "ქართული ოცნებისთვის" - მათთვის რამდენიმე თვე იქნება ძალიან მძიმე"

თვითმმართველობის არჩევნები იქნება სერიოზული ტესტი, "ქართულმა ოცნებამ" გაუძლო თუ არა ამ გამოწვევებს. მათთვის რამდენიმე თვე იქნება ძალიან მძიმე. 4-5 თვეში გაირკვევა, პოლიტიკურ გამოწვევებს შეუძლიათ 4-5 წელი გაუძლონ თუ აქვე დაიშალონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ამჯერად ივანიშვილის წასვლა უფრო რეალურია, თუმცა, გუნდში მისნაირი ავტორიტეტით ვერავინ სარგებლობს.

"მეორედ წასვლა უფრო რეალური ჩანს, ვიდრე პირველი წასვლა. ამ შემთხვევაში, მმართველობაში, თუნდაც, ნაწილობრივ ჩართულობა გამოიწვევს სერიოზულ პოლიტიკურ სკანდალს, რადგან საქართველოს პოლიტიკური სივრცე არის პატარა და გამჭვირვალე. ყველამ იცის ყოველთვის რა ხდება, როგორ ხდება და ა.შ. თუნდაც, ის რომ ბიძინა პოლიტიკიდან ივანიშვილი მიდიოდა, პოლიტიკური და ჟურნალისტური წრეებისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში ცნობილი იყო. ვფიქრობ, რომ ახლა ეს წასვლა გაცილებით რეალური სიტუაციაა. ეს დიდი გამოწვევაა მისი პარტიისთვის. ყველა შეკრებილია ბიძინა ივანიშვილს ფაქტორის გამო. ვერცერთი სახელი და გვარი, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოშია და აქტიური პოლიტიკური ფიგურები არიან, ბიძინა ივანიშვილს ვერ ჩაანაცვლებს. მმართველი გუნდი ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. მმართველი პარტიის დასუსტება აუცილებლად გამოიწვევს სხვა პოლიტიკური ძალების გაძლიერებას, რადგან არც პოლიტიკაში და არც სხვაგან სადმე, რაიმე ტყუილად არსად იკარგება", - განაცხადა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ იქნება; მისი მაქსიმალური აქტიურობა კი, არჩევნებზე მისვლა და თავისი პოზიციის დაფიქსირება იქნება. ამასთან, ივანიშვილის თქმით, პოლიტიკურ თემაზე ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება. როგორც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, "უახლოესი 4-5 წელიწადი "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა; ქართული საზოგადოება კი იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით "ქართულ ოცნებას აღარ ჩაანაცვლებს".

"ინტერპრესნიუსი"