"შენ ჩაიწიე, მე დავდგები არ არის სწორი პოლიტიკის ნიშნული" - დეკანოიძე ვაშაძეს პასუხობს - კვირის პალიტრა

"შენ ჩაიწიე, მე დავდგები არ არის სწორი პოლიტიკის ნიშნული" - დეკანოიძე ვაშაძეს პასუხობს

ბატონ გიორგი ვაშაძეს ვურჩევდი, თვითონ შეეცადოს მოიპოვოს ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს სააკაშვილს - საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლაა საჭირო და არა სხვისი გაწევა-გამოწევა

ხატია დეკანოიძე - ბატონ გიორგი ვაშაძეს ვურჩევდი, თვითონ შეეცადოს მოიპოვოს ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს სააკაშვილს - საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლაა საჭირო და არა სხვისი გაწევა-გამოწევა

ყველას უნდა ესმოდეს, რომ საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის და დიდი მხარდაჭერისთვის, ისეთის, როგორიც სააკაშვილს აქვს, რა თქმა უნდა, საკუთარი ბრძოლაა საჭირო და არა სხვისი გაწევა-გამოწევა, - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელიც აცხადებს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილიც ბიძინა ივანიშვილის მსგავსად განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, "რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ".

როგორც დეკანოიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ვაშაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, "შენ ჩაიწიე, მე დავდგები არ არის სწორი პოლიტიკის ნიშნული".

"ზოგადად, პოლიტიკის დადგენილი წესია, რომ ადამიანებმა და პოლიტიკოსებმა საკუთარი ადგილისთვის სხვა პოლიტიკოსებს გაწევა არ სთხოვონ და საკუთარი ადგილი თვითონ უნდა დაიმკვიდრონ. მათ შორის, საკუთარი ადგილის დამკვიდრება ნიშნავს იმას, რომ იბრძოლო, დაარწმუნო ადამიანები, ამომრჩეველი, რომ სხვას კი არ დაუჭიროს მხარი, შენ დაგიჭიროს. ეს არის ანა-ბანა პოლიტიკის. რაც შეეხება ჩაჩოჩებას, გაწევას, გამოწევას, ვფიქრობ, რომ ეს არცერთი პოლიტიკოსის საქმე არ არის ჩემი წარმოდგენით, ეს არის ამომრჩევლის საქმე, რომ კონკრეტულად დაუჭირონ ამა თუ ადამიანს, ან მიხეილ სააკაშვილს მხარი. ბატონ გიორგის რჩევა შემიძლია მივცე, რომ თვითონ შეეცადოს მოიპოვოს ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს მიხეილ სააკაშვილს. რატომ უშლის ამაში სააკაშვილი ხელს, ვერ გეტყვით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის და დიდი მხარდაჭერისთვის, ისეთის, როგორიც სააკაშვილს აქვს, რა თქმა უნდა, საკუთარი ბრძოლაა საჭირო და არა სხვისი გაწევა-გამოწევა.

გიორგი ვაშაძისთვის არავის დაუშლია, თუ რაიმე მოჯადოებულ წრეს ხედავს, ეს მოჯადოებული წრე გაარღვიოს და მოიპოვოს მილიონზე მეტი მხარდაჭერა. იბრძოლოს და მოიპოვოს! გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის კონკურენტად არ შეიძლება განხილული იყოს, მაგრამ არავის არ დაუშლია არასდროს ვაშაძისთვის კონკრეტულად მილიონზე მეტი მხარდამჭერის მოპოვება. შენ ჩაიწიე, მე დავდგები არ არის სწორი პოლიტიკის ნიშნული. იბრძოლოს, მოიპოვოს და დადგეს ნებისმიერ პოლიტიკოსზე ზემოთ მხარდაჭერის მიხედვით, ვინც ფიქრობს რომ მას "ხელს უშლის". მეჩვენება, რომ ცოტა არასერიოზული განცხადებაა პოლიტიკოსისთვის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს".

ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" აღნიშნა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ. ვაშაძის თქმით, ის "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის აზრით, ასეთ შემთხევაში ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართებოდა.

"ინტერპრესნიუსი"