"მიხეილ სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი - ამ ფენომენის დასასრულებლად, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში, ან ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდეს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი - ამ ფენომენის დასასრულებლად, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში, ან ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდეს"

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებისთვის კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის პარალელურად პოლიტიკას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც ჩამოსცილდება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი და ქვეყანაში ამ ფენომენის დასასრულებლად, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს "ნაციონალურ მოძრაობას" სათავეში, ან ქართული პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს.

"როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, მე ვთქვი, რომ ეს გადაწყვეტილება, თუ ის ნამდვილად აღსრულდება, კარგია ჩვენი სახელმწიფოსთვის, როგორც შესაძლებლობა, დავასრულოთ ჩრდილოვანი მმართველობა. თუმცა, ეს პრობლემა აქვს ცალსახად "ნაციონალურ მოძარაობასაც", რომლის ჩრდილოვანი მმართველი ძალიან დიდი ხანია არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია არც ოფიციალური თანამდებობა უკავია, არც პარტიას მართავს ოფიციალური ინსტრუმენტებით - მართავს არაფორმალურად. ბიძინა ივანიშვილის მეტი პასუხისმსგებლობა აქვს, ამ შემთხვევაში, ის მართვს სახელმწიფოს და სააკაშვილი მართავს პარტიას, მაგრამ ფენომენი რომ დასრულდეს, უნდა მოხდეს ორიდან ერთი - ან ფორმალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სააკაშვილმა, დაანებოს უკრაინას თავი, გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რასაც ვერ აკეთებს მოქალაქეობრივი და სხვა თემებიდან გამომდინარე, ან მანაც მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ეს არის მთავარი ოპოზიციური პარტია და მთავარი მაკრიტიკებელი ხელისუფლებისა. ეს ნაბიჯი რომ გადაიდგას, ნამდვილად ჯანსაღი იქნება. ეს იქნება სწორი, რადგან, ჯერ ერთი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი პასუხისმგებლობა აქვს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებაზე, მეორე, იმიტომ, რომ ისინი აკრიტიკებენ ამ ჩრდილოვანი მმართველობისთვის, როდესაც იმავეს აკთებენ. ვერ გეტყვით, რომ საქართველოს გადააქცევს შვეიცარიად ხვალ და ზეგ, მაგრამ ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება რომ გავაჯანსაღოთ, ეს იქნება ძალიან კარგი", - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"