"მიხეილ სააკაშვილი არის უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურა პოსტსაბჭოთა სივრცეში" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი არის უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურა პოსტსაბჭოთა სივრცეში"

"იგივეა, ერთმა ფეხბურთის გუნდმა უთხრას მეორეს, რომ ყველაზე კარგად მოთამაშე ფეხბურთელები გაიყვანოს თამაშიდან. მივაწეროთ ეს საახალწლო განწყობას ბატონი ვაშაძის ან ვინმე სხვის, ვინც ასეთი აზრების გამოთქმას აპირებს და დავკავდეთ სერიოზული საქმეებით",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ "თუ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება".

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურაა და მსგავსი მიმართვები ერთიანობის სულისკვეთებას ხელს არ უწყობს.

"პოლიტიკოსებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ არ გამოჩნდნენ იმაზე კომიკურები, ვიდრე სინამდვილეში არიან. ნებისმიერი მოწოდება სხვა პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ფიგურის მიმართ, რომ აღარ იყოს ჩართული პოლიტიკაში, არ მგონია, რამეს მატებდეს ამ სიტყვიების წარმომთქმელს. ყოველ შემთხვევაში, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს უთქვამს და არც მომავალში არავის ეტყვის, რომ დატოვს პოლიტიკური სივრცე მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოიპოვა 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ამ სიტყვების წარმომთქმელმა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, მიხეილ სააკაშვილი არის მართლაც უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ ამ ტიპის მიმართვები ერთი მხრივ, მეტყველებს ასეთი განცხადებების გამომთქმელების არასერიოზულობაზე და მეორე მხრივ, არანაიარად არ უწყობს ხელს ერთიანობის იმ სულისკვეთებას, "ნაციონალური მოძრაობა" რომ ცდილობს ყველანაირად, რომ შეინარჩუნოს",- განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება. ვაშაძის თქმით, ის "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო.

"ინტერპრესნიუსი"