ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საარჩევნო გადაცდომაზე ბრალდებები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საარჩევნო გადაცდომაზე ბრალდებები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ყველა საარჩევნო გადაცდომაზე ბრალდებები.

ასამბლეა ასევე მოუწოდებს "ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკაონ მათ მიერ ახალ პარლამენტში მოპოვებული ადგილები და ძირი არ გამოუთხარონ მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას“. ამის შესახებ საუბარია ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეული შეთანხმებისა, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი კვლავ პოლარიზებული და სადავო რჩება.

ანგარიშში ნახსენებია, რომ
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომელთაც ერთხმად დაასკვნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ. აქვე საუბარია, რომ დამკვირვებლებმა მიუთითეს არათანაბარ გარემოზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კამპანიის დაფინანსების და გამჭვირვალობის სუსტ რეგულაციებზე, რამაც
აშკარა ფინანსური უპირატესობა მისცა გარკვეულ პარტიებს, მათ შორის მმართველ პარტიას. დამკვირვებლებმა ასევე მიუთითეს ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ოქმებში შეუსაბამობებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, ეს დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - წერია ანგარიშში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იგი ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები ფართოდ გაყალბდა, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს დამოუცხადებდნენ მეორე ტურს და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემდა საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ადგილი, ამიტომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, შეასრულონ საკუთარი საპარლამენტო მანდატები“, – წერია ანგარიშში.

აქვე საუბარია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.

„ვითარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით კვლავ უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ქართველებს შორის კონტაქტები ამ ორ რეგიონში და მის გარეთ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამას მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს, რადგან სულ უფრო რთულდება ამ ორ რეგიონში მცხოვრებთათვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სასკოლო ან (გადაუდებელი) სამედიცინო მიზეზების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 11 იანვრით არის დათარიღებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები