დაესწრება თუ არა "ქარული ოცნების" ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი და უქმდება თუ არა პარტიაში გენმდივნის თანამდებობა? - კვირის პალიტრა

დაესწრება თუ არა "ქარული ოცნების" ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი და უქმდება თუ არა პარტიაში გენმდივნის თანამდებობა?

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

"ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან უკვე გააკეთა საჯარო განცხადება მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის არ დაესწრება", - განაცხადა მდინარაძემ.

მან ჟურნალისტებთან არ დაასახელა, ვინ შეუერთდება "ქართული ოცნების" რიგებს, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ "განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება".

"მეც დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველანი. განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე. დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხვალ "ქართული ოცნება" ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა უნდა აირჩიოს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტია და თანამდებობა დატოვა და მასთან ერთად პოლიტიკიდანაც წავიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია "ქართულ ოცნებაში" გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძე პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და მისი პოზიცია როგორც პიროვნული, ისე სტრუქტურული მოწყობის ფაქტორის გამო არ გაუქმდება.

"ეს თანამდებობა, ბუნებრივია, არ უქმდება. კახის, როგორც ჩანს, მოერიდა საკუთარ თავზე საუბარი, ხომ არ იტყოდა, ეს სტატუსი პარტიაში როგორ უნდა გაუქმდესო. მივაწეროთ თავმდაბლობას. კახი არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ჩვენი გუნდის. ბუნებრივია, როგორც პიროვნული ფაქტორის გამო და ისედაც, სტრუქტურული მოწყობის გამო პარტიაში არ უქმდება და არ გაუქმდება ეს თანამდებობა", - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ "ქართულ ოცნებაში" ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანები არსებობს, მდინარაძე ამბობს, რომ ეს "მოგონილი ამბავია".

"საბედნიეროდ, ზოგიერთი პარტიის პარტიულ ოცნებებს ვერ და არ ვახდენთ. არანაირი დაპირისპირება ჩვენთან გუნდში არ არის. ეს არის მოგონილი ამბები",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომ პარტია "ქართულ ოცნებაში" გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება იგეგმება, კახა კალაძემ, რომელიც ამ პოსტს იკავებს, "ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" არც დაადასტურა და არც უარყო.

"ინტერპრესნიუსი"