მეორედ წასვლის ეფექტი - გამოიწვევს თუ არა ივანიშვილის წასვლა სახელისუფლებო კრიზისს?!
მეორედ წასვლის ეფექტი - გამოიწვევს თუ არა ივანიშვილის წასვლა სახელისუფლებო კრიზისს?!
"თუ მმართველი პარტიით უკმაყოფილება გაიზარდა, შესაძლოა პარტია ორად ან სამად გაიყოს და ახალ არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა... რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად გაართმევს თავს გუნდი იმ გამოწვევებს, რაც ივანიშვილის წასვლის შემდეგ შეიძლება შეექმნას, ისევ ივანიშვილს დავესესხები - თუ "ოცნება" ვერ შეძლებს დამოუკიდებლად მუშაობას, დამარცხდება და ოპოზიციაში გადავა"

მოსალოდნელ რყევებზე, რაც პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას შეიძლება მოჰყვეს, "ქართული ოცნების" პარტიულ იერარქიასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგებმა ისაუბრეს.

"საქართველოში ბრძოლისუნარიანი ოპოზიცია ყოველთვის
მმართველ ხელისუფლებაში­ იბადებოდა"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:­

- სანამ რისკებზე ვისაუბრებდეთ, ივანიშ­ვილის წასვლაზე ვთქვათ. წავიდა თანამდე­ბო­ბიდან, მაგრამ ისევ ამბობენ, რომ უნდა წავიდეს.­ ვერ გავიგე, საიდან უნდა წავიდეს,­ საქართველოდან?! დავუშვათ წავიდა. დისტანციური ურთიერთობა პრობლემა არ არის, ამდენი წელია ივანიშვილი თავის­ ბიზნესს უცხოეთში ინტერნეტით მართავს.­ ანუ საიდან უნდა
წავიდეს?! აზრი არ მესმის­ ამ სიტყვის­. თან კაცმა­ თავის­ წასვლას უფრო მკაფიო შინაარსი­ მისცა, განაცხადა,­ წასვლის შემდეგ სატელე­ფონო ზარებსაც არ ვუპასუხებო. თუ ისევ ვითომ წავიდა, მაშინ მოტივაცია გაუგებარია...

რაც შეეხება გავლენებს, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით - თანამდებობა მე არა მაქვს და არაფერი,­ მაგრამ რაღაც­ პროცესებზე გავლენა მეც მომიხდენია... ასეთი­ ხარისხის გავლენებისგან დაზღვეული არც ერთი მმართველობა არ არის. შესაძლოა ბიძIინას ახლობელმა უთხრას რაღაც ან ტელევიზო­რში ნახოს, ან სულაც ცოლმა­ ჩასჩურჩულოს რაიმე... მაგრამ ეს გავლენა­ არ არის იმ ხარისხის, პოლიტიკაში სურათი­ შეცვალოს.­ კვირიკაშვილის პრემიერობის დროსაც წასული იყო ივანიშვილი და თუ მაშინაც ახდენდა გავლენას, რაღაზე მობრუნდა?! ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ფორმალურ სტრუქტურებში ყოფნას­ გავლენის მეტი ხარისხი აქვს, ვიდრე მათ მიღმა. მაგრამ მცირე გავლენის იმდენი ვარიანტია, მისგან თავისუფალი ვერც ერთი პოლიტიკური გუნდი ვერ იქნება. ამასთან, ივანიშვილის გავლენის შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ ისინი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იყვნენ. ცნობისთვის, მისი ოთხი მრჩევლიდან ერთ-ერთი მეც ვიყავი და წელიწადი ისე გავიდა, ჩვენთან ურთიერთობა­ ვერ შეძლო. სააკაშვილმა მოიბოდიშა, ერთხელაც ვერ გნახეთო. პოლიტიკურ მრჩევლებად კი გიგა ბოკერია, გიგი უგულავა­ და სხვები ჰყავდა. ეს შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალოს? ფორმალური მრჩევლების რჩევას არ იღებდა და მინისტრებსა და გუნდის სხვა წევრებს უსმენდა. ეს ხომ არაფორმალურია? ახლა სააკაშვილი ტელევიზიით უამრავ რჩევას იძლევა, პროცესები ლამის რევოლუციამდე მიიყვანა და ესეც ხომ არაფორმალური გავლენაა?! ჰოდა, ამ არაფორმალური მმართველობის მომხრენი აკრიტიკებენ ივანიშვილს. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ანეკდოტურია.

- რა რისკები ახლავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას?
- ერთხელ უკვე ვნახეთ ეს რისკები - მისი წასვლისთანავე შიდაპარტიული დაპირისპირებები, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის მდგომარეობაზე და რისკის­ აღმოსაფხვრელად დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში. რისკები ნამდვილად არსებობს, თუმცა ამან შესაძლოა ახალი პოლიტიკური პროცესების გაჩენის ნიადაგი შექმნას. საქართველოში ბრძოლისუნარიანი ოპოზიცია ყოველთვის მმართველ ხელისუფლებაში­ იბადებოდა.

ზვიად გამსახურდიას თავისი ხალხი დაუპირისპირდა, ედუარდ შევარდნაძეს თავისი გუნდიდან შეუტიეს რეფორმატორებმა და ა.შ. არ არის გამორიცხული, ეს კანონზომიერება გაგრძელდეს, უკვე მოღონიერებულ "ოცნებაში" წარმოქმნილმა შიდა დაპირისპირებამ ალტერნატივები გააჩინოს - შეიძლება გამოიყოს ჯგუფები, რომლებიც ქართველი საზოგადოებისთვის პოლიტიკური ალტერნატივა იქნება.

- მესამე ძალის წარმოქმნას გულისხმობთ?
- დიახ და სულაც არ არის გამორი­ცხული, იმიტომ წავიდა ივანიშვილი "ოცნების"­ თავმჯდომარეობიდან, რომ მის პოლიტიკურ წონას ამგვარი პროცესებისთვის ხელი არ შეეშალა.

- ფიქრობთ, რომ ივანიშვილის წასვლით ხელისუფლება დასუსტდება?
- საზოგადოებაში ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო ნაწილი ყოველთვის­ იარსებებს. რაც შეეხება დიდ ნაწილს, ის იმით არის უკმაყოფილო, რომ "ოცნებამ" სამართლიანობის აღდგენა ვერ დაასრულა და მეტიც, ოპოზიციაში წამყვანი­ ძალა "ნაციონალები" არიან. ასე რომ, თუკი ხელისუფლებით უკმაყოფილება გაიზრდება, ეს დაკავშირებული იქნება "ნაცმოძრაობასთან". ამ შემთხვევაში ხელისუფლებით უკმაყოფილების ინდიკატორი შესაძლოა გაურკვეველი დარჩეს და ვერ მიხვდე, რით არის ამომრჩეველი უკმაყოფილო - ეკონომიკით, ადმინისტრირებით, "კოვიდით" Gთუ სხვა რამით... მაგალითად, ირაკლი კობახიძით უკმაყოფილების მიზეზი, ძირითადად, მისი ქოჩორია. თუ ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილება გაიზრდება, ეს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შუაზე უნდა გაიყონ. თუ მმართველი პარტიით უკმაყოფილება გაიზარდა, შესაძლოა პარტია ორად ან სამად გაიყოს და ახალ არჩევნებზე დამოუკიდებელ პარტიად მიიღონ მონაწილეობა... რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად გაართმევს თავს გუნდი იმ გამოწვევებს, რაც ივანიშვილის წასვლის შემდეგ შეიძლება შეექმნას, ისევ ივანიშვილს დავესესხები - თუ "ოცნება" ვერ შეძლებს დამოუკიდებლად მუშაობას, დამარცხდება და ოპოზიციაში გადავა. ივანიშვილმა თქვა კიდეც, ის დრო მენატრება, როცა "ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავაო.

- "გირჩმა", "მოქალაქეებმა" და კიდევ რამდენიმემ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, მათ თუ სხვებიც შეუერთდნენ, ვითარება სტაბილური იქნება?
- არა მგონია, საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ იმით იყოს განპირობებული, ერთპარტიული იქნება თუ არა პარლამენტი. მოსახლეობის დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ რეიტინგებშიც აისახა - "ნაცმოძრაობას" აქვს მაღალი რეიტინგი, რაც მისი ლიდერის სიყვარულით არის განპირობებული, თორემ დანარჩენი 3%-ს ვერ ასცდა. ასე რომ, მრავალპარტიული პარლამენტის მოთხოვნა საზოგადოებაში არც არის.

ხელისუფლებით უკმაყოფილებას პოლიტიკური ფორმა უნდა მიეცეს. მსოფლიოსთვის მიუღებელია, ოპოზიცია ქუჩიდან ოპონირებდეს. ხელისუფლებას მისთვის კარი არ დაუხურავს, თუმცა მაინც ქუჩაში არიან, რათა უცხოეთმა იფიქროს, რომ ეს ხელისუფლების ბრალია. ასეთი ტრიუკების გამო ვერ აიღეს 3%-ზე მეტი.

- გიორგი ვაშაძემ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის სიკეთეებზე ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია?
- ვაშაძის ამ განცხადებას ლევან ვარშალომიძემ უპასუხა, "სტრატეგია აღმაშენებელს" სურს "ნაციონალებსაც" ისეთივე 3% ჰქონდეთ, როგორც თვითონ აქვსო, რაც სიმართლისგან შორს არ არის.

ამ გუნდის რეიტინგი რეალურად სააკაშვილის დამსახურებაა. ის სულ რომ გაჩუმდეს, ისინი, ვინც მას გულშემატკივრობს, მაინც მას დაელოდებიან. ცხონებულ ზვიად გამსახურდიას ელოდებოდნენ მეტროსთან, ცხენით ამოვაო. გარდაცვლილი იყო კაცი, მაგრამ მაინც ელოდებოდნენ. ღმერთმა კარგად ამყოფოს სააკაშვილი, მაგრამ სადაც უნდა წავიდეს, მაინც დაელოდებიან, სულ რომ გაჩუმდეს და ფიზიკურად გაქრეს. მეორე მხრივ, არც სააკაშვილს ენდომება გაჩუმება. ამიტომ სააკაშვილის ელექტორატზე ბრძოლა, თანაც მასავით ბრძოლა, უპერსპექტივოა, რადგან მის ამომრჩეველს ვაშაძე არასდროს შეუყვარდება...

"ამ განცხადებების შემდეგ ივანიშვილის მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება"

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

- როცა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მან მაშინვე განაცხადა, რომ განსაზღვრული დროით დარჩებოდა პოლიტიკაში და მაშინ წავიდოდა, როცა ჩათვლიდა, რომ ყველაფერი რიგზეა. ამას შემდეგაც ხშირად ამბობდა და ასე ამბობს ახლაც.

რეალური მიზეზი, თუ რატომ მოვიდა ან წავიდა, ვითომ დატოვა, სინამდვილეში ჩრდილში გადგა და იქიდან აკონტროლებს სიტუაციას, არავინ იცის. რას აპირებს, არც ის ვიცით, ისევე როგორც ის, თუ რას მიაღწია. თქვა, მე ჩამოვაშორე წინა ხელისუფლება სახელისუფლებო ბერკეტებსო, რაც მართალია. შესაძლოა ამიტომაც არ მიიღო საზოგადოების ნაწილმა მისი წასვლა სიმართლედ...

ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ხვალ-ზეგ არ დაბრუნდება პოლიტიკაში. ამ განცხადებების შემდეგ მისი მესამედ მოსვლა ცოტა კომიკური იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ, საჯაროობას, მოერიდება. თუმცა სატელეფონო მართვა იქნება თუ არა, არ ვიცით, მით უფრო, რომ მისი გამკონტროლ­ებელი არავინაა.

მისმა წასვლამ განსაზღვრული დისბალანსი შექმნა როგორც "ქართულ ოცნებაში", ასევე პოლიტიკაში, რადგან დღემდე ორი პოლიტიკური ძალა და ლიდერი, ივანიშვილ-სააკაშვილი ქმნიდა ამინდს. თუ როგორ აისახება ეს მის გუნდზე, თუ შიდა დაპირისპირება დაიწყო, ორ თვეში გამოჩნდება. ისევე როგორც ის, ივანიშვილი წავიდა თუ დისტანციურად აპირებს ხელისუფლების მართვას. თუ პარტიაში გაჩაღდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ეს ნიშნავს, რომ გუნდის ნაწილი "ოცნებას" დატოვებს. ალბათ, მცირე ნაწილი...

არა მგონია, პარტიულ ბრძოლას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მოჰყვეს - ვგულისხმობ იმას, რომ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლონ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გადაწყვიტონ. თუმცა ამის შანსიც არსებობს. შესაძლოა ეს გამოსავალიც იყოს, თუ დასჭირდათ, რომ სცენა გათამაშდეს დაპირისპირებების გამო, მთავრობას აღარ აქვს უმრავლესობა და ვერც ახალი უმრავლესობა შეიქმნება, ამიტომ რიგგარეშე არჩევნებზე თანახმა ვართო. თუმცა, თუ "ოცნების" საპარლამენტო შემადგენლობას­ დავაკვირდებით, ნაკლებად სავარაუდოა გადაჯგუფებებმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. "ოცნების" უმრავლესობა არ მოისურვებს ახალ არჩევნებს და პრემიერის ნებისმიერ კანდიდატურას დათანხმდება.

რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს გადააბარა ძალაუფლება, "ოცნებაში" ახლა ოთხი ლიდერია - გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე. პარტიის თავმჯდომარე ამ ოთხეულიდან უნდა ყოფილიყო, სამ მათგანს მაღალი თანამდებობა უჭირავს და შესაბამისად, კობახიძის კანდიდატურა რეალურია. გარდა ამისა, კობახიძე 6-7 წელია "ოცნების" საორგანიზაციო მდივანი იყო და გამოცდილება აქვს. შესაძლოა ხისტი პოლიტიკოსია ტელეეთერსა და პარტიის გარეთ, თუმცა შიდა ურთიერთობაში, ალბათ, სხვანაირია და მას მაინც აირჩევენ, მაგრამ რამდენად გულწრფელი იქნება "ოცნების" ელიტა ამ არჩევანში, საკითხავია. ისიც საკითხავია, რა დასაყრდენი აქვს საპარლამენტო­ უმრავლესობაში­ და რა გავლენა აქვს პარტიის ვერტიკალში. თუ აქვს, მაშინ ივანიშვილის წასვლით გამოწვეულ დისბალანსს სახელისუფლებო რესურსი შეავსებს და პროცესები დიდი ქარტეხილების გარეშე განვითარდება.

- შესაძლოა ივანიშვილის წასვლის შემდეგ "ქართული ოცნება" როგორც მმართველი ძალა უფრო დამოუკიდებელი გახდეს?
- გააჩნია, პარტიული ვერტიკალი რამდენად სწორად იქნება ჩამოყალიბებული. იმასაც გააჩნია, პარტიული გუნდი - გახარია, კალაძე და თალაკვაძე - კობახიძეს ლიდერად აღიარებს თუ არა. მედიასთან რას იტყვიან, არა აქვს მნიშვნელობა. თუ აღიარებენ და სტრუქტურა შენარჩუნდება, შეიძლება იმაზე საუბარი, "ოცნება" გაძლიერდება თუ არა. გუნდს ახლა უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა, თუ ახლა კობახიძემ ლიდერობა შეძლო, ოპოზიცია ძალიან ბასრ არგუმენტს კარგავს - ანუ გამოდის, ივანიშვილის წასვლით ბევრი არაფერი იცვლება და "ოცნებამ" შეიძლება ისე იმუშაოს, როგორ ადრე ან უკეთესადაც, საინტერესო იდეებიც გაუჩნდეს. თუ პარტიული იერარქია დაცული იქნება, ეს ბევრ რამეს შეცვლის. ივანიშვილის წასვლამ და პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ სააკაშვილის დატოვებამ შესაძლოა პროცესები უკეთესობისკენ წარმართოს. თუ "ოცნება" ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა, რომ შიდა რყევები ვერაფერს ავნებს, ეს სააკაშვილს დააზიანებს...

- ოპოზიციის ნაწილი თანახმაა პარლამენტში შევიდეს, თუ მათ სხვებიც შეუერთდებიან. შესაძლებელია ვითარების სტაბილიზება?
- ოპოზიციამ სწორად უნდა შეაფასოს ვითარება, თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს "ოცნებაში". ოპოზიციის ნაწილს, "ნაციონალებს", "ევროპულ საქართველოს" და "ლელოს" პარლამენტში შესასვლელად პირობები აქვთ, "ოცნებისთვის" კი იმიჯის საკითხია, ვიდრე რეალური წუხილი იმაზე, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა. მეორე მხრივ, ბოლო გამოხმაურებების მიხედვით, არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენენ, გინდა თუ არა რიგგარეშე არჩევნები დანიშნეო. მეტიც, "ოცნება" არც იმ პირობებს დათანხმდება, რაც ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს. თუ დასავლეთის ზეწოლა გამწვავდება და ეს ფინანსურად გამოიხატება, შესაძლოა რაღაც მოიმოქმედონ. ასე რომ, პარლამენტში შესვლით ბევრი არაფერი შეიცვლება. მთავარია, 30 მანდატი მოიძებნოს და ელჩები გარანტი იყვნენ, რომ მიღწეული შეთანხმება შესრულდება.
Leonardo
19 იანვარი 2021 22:20
მეტი კომუნიკაცია ხალხთან. ბიძინას ავტორიტეტს ამოფარებულ ზარმაცგუდებს მოუწევთ შრომა საკუთარი ავტორიტეტის შესაქმნელად ...
bejani
19 იანვარი 2021 17:41
ჩემის აზრით, პოლიტიკიდან ივანიშვილის და შემდგომ სააკაშვილის წასვლა ხელს შეუწყობს ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბებას, რომელსაც არც "ნაცები" მოსწონს და არც "ქოცები", რაც დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის 60 %-ია, ამიტომ მოვუწოდოთ მიშასაც, იქნებ თვითონაც "წავიდეს" და დაგვასვენოს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები