"საქართველო კარგავს სატრანზიტო­ ფუნქციაზე ექსკლუზიურობას" - კვირის პალიტრა

"საქართველო კარგავს სატრანზიტო­ ფუნქციაზე ექსკლუზიურობას"

ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული შიდაპოლიტიკური გარჩევებით, ხელისუფლების გადანაწილებითა და მოპოვებით, რომ უამრავი პროცესი გვრჩება უყურადღებოდ... სამწუხაროდ, მხოლოდ უხეშ საფრთხეს ვამჩნევთ. მაგალითად, როცა პროდუქტებზე ფასი ნელ-ნელა და შეუქცევადად იზრდება, მაგრამ არ ვრეაგირებთ იმავენაირად, როცა ნელ-ნელა და ნეგატიურად იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია. რატომღაც ველოდებით, რომ მაინცდამაინც ტანკით უნდა შემოგვივარდეს ვინმე, რომ გამოვფხიზლდეთ...

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის შემდეგ კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხი განიხილეს და იმსჯელეს მომდევნო ნაბიჯებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ომით დაზარალებული რეგიონების მცხოვრებთა დახმარებას და დაბლოკილი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის საკითხებს. ამასთან, ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ხელშეკრულებას. დაიგეგმა, რომ აღდგება სატრანსპორტო დერეფანი აზერბაიჯანის ზანგილანის რაიონიდან დასავლეთით, სომხეთის ტერიტორიის გავლით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე, რომელსაც, თავის მხრივ, სახმელეთო საზღვრის მცირე მონაკვეთი აქვს თურქეთთან. გამოდის, აზერბაიჯანი საქართველოს გვერდის ავლით პირდაპირ სახმელეთო კომუნიკაციას გახსნის თურქეთთან, ხოლო უკვე აზერბაიჯანის გავლით სომხეთი, კვლავ საქართველოს გვერდის ავლით აზერბაიჯანის სარკინიგზო და საავტომობილო გზებით რუსეთს დაუკავშირდება.

შვეიცარიის ერთ-ერთ გერმანულენოვან გაზეთში დაიბეჭდა სტატია, სადაც ნათქვამია, თუ სატრანსპორტო გზების აღდგენაში წარმატებული გარღვევა მოხდება, მაშინ მოსალოდნელია მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცვლილება გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად.

"პერსპექტივა ასეთია: ა) რუსეთი და სომხეთი ერთმანეთს საქართველოს გვერდის აქცევით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტის მეშვეობით დაუკავშირდებიან; ბ) აზერბაიჯანი არ იქნება საქართველოზე დამოკიდებული თურქეთისა და ევროპის სარკინიგზო ქსელთან დასაკავშირებლად; გ) თურქეთი მიიღებს პირდაპირ გასასვლელს კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიისკენ; დ) რკინიგზის ამუშავება სასარგებლო იქნება ჩინეთისთვის, რომელიც აბრეშუმის ახალი გზის პროექტს ახორციელებს", - ნათქვამია სტატიაში. აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების მოსკოვში დაბარება ნიშნავს თუ არა, რომ რუსეთმა უკვე დაამყარა კონტროლი სამხრეთ კავკასიაში და ახლა რეგიონის მოთამაშეებს თავისი თამაშის წესებს სთავაზობს? რა იცვლება გეოსტრატეგიულად ჩვენთვის და როგორია ჩვენთვის რეგიონული რისკები, ამის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ლევან ბოძაშვილი გვესაუბრება.

- გეოსტრატეგიულად ბევრი რამ უკვე შეცვლილია. ახლა ამის გაფორმება მიმდინარეობს. მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ვითარება საქართველოსთვის არასახარბიელოდ შეიცვალა არა მარტო სამხედრო-სტრატეგიული, სატრანზიტო და გეოეკონომიკური თვალსაზრისითაც. კერძოდ, საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციაზე ექსკლუზიურობას. მანამდე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო საქართველო აზერბაიჯანული და ცენტრალური აზიური ენერგოგამტარობის ერთადერთი გზა იყო. მართალია, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არ მოხდება, რადგან ინვესტორები არ დახარჯავენ ფულს ახალი მარშრუტების ასათვისებლად, თუმცა ჩვენს რეგიონში ცალკე საინვესტიციო მიდგომები არაფერს განსაზღვრავს. მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური მიდგომებია და ეს განაპირობებს ინვესტორთა მოქმედებებსაც.

სომხეთზე გამავალი გზა გაცილებით მოკლე და მომგებიანია. რუსეთიც იხეირებს - კრემლი დიდი ხანია ცდილობდა ენერგოტრანზიტზე გავლენის დაბრუნებას და საშუალება ახლა მიეცა. ასე რომ, სიტუაცია ჩვენთვის სახარბიელო არ არის.

- თქვენი ვერსიით, მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ხელშეკრულება გახდება თუ არა შესაძლებლობა პუტინისთვის დაამყაროს საკომუნიკაციო არხებზე კონტროლი რეგიონში? - ყველა ტიპის რუსული ფაქტორის გაძლიერება რეგიონში ჩვენთვის გამოწვევაა.

რუსეთი ოკუპანტია და მისი გაძლიერება არათუ ამ ვითარებაში, მშვიდობიანობის დროსაც კი სახიფათოა მისი აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე. არათუ საკომუნიკაციო არხებზე, მან კონტროლი ქვეყნებზე დაამყარა - ვგულისხმობ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც. მას დიდწილად სწორედ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უწევს და მომავალშიც მოუწევს.

- შეხვედრაზე საუბარი იყო ლტოლვილების ყარაბაღში დაბრუნებაზეც. რუსეთი ამჯერადაც ცდილობს თავი შემრიგებლის როლში წარმოაჩინოს და მშვიდობისმყოფლის სტატუსით პოზიცია უფრო გაიმყაროს. რამდენად დამაჯერებელი იქნება აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის რუსეთის ეს როლი?

- როცა მშვიდობის დამყარებაზე ერთპიროვნული პრეტენზია გაქვს, ეს მშვიდობისმყოფლობად ვერ ჩაითვლება. იგივე ითქმის მომრიგებლობაზეც. რუსული დიპლომატიის ისტორიაში ამის უკან გულწრფელი მოტივები არასდროს მდგარა. ვერც დასავლეთი და ვერც მონაწილე ქვეყნები ამის ნებით მიმღებები ვერ და არ იქნებიან, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობა სხვა მოქმედების ვარიანტებს გამორიცხავს.

- დეკლარირებული განცხადებების მიღმა, რა შეიძლება ყოფილიყო ჩვენი სამი მეზობელი ქვეყნის ლიდერების შეთანხმების საგანი? - დიდი ალბათობით, სატრანზიტო წილების განაწილების, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული საკითხებისა და საერთო-სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, რამაც უნდა უზრუნველყოს სომხეთის "შემრიგებლური" მიდგომა.

- გასულ კვირას პუტინის გადაწყვეტილებით დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, ასევე საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა. მას აფხაზეთთან, საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დაევალა. რა შეიძლება იყოს ამ ინიციატივის მიზანი? - რუსეთი განაგრძობს პროვოკაციებს და თან ცდილობს ამ ქმედებებს აბსურდული საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმაცია შესძინოს. დასავლეთს მიანიშნებს, რომ არ აინტერესებს არც საერთაშორისო სამართალი და არც მისი პრინციპები, როცა საქმე მის ინტერესებს ეხება, ის ყველაფერზე წამსვლელია. ამავე დროს პროპაგანდისტულად ცდილობს საქართველოს დაანახოს ურთიერთობის დარეგულირებისკენ ვითომდა გულწრფელი სწრაფვა, მაგრამ სწორედ საქართველოს ხარჯზე და მის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს.

- ჩვენს რეგიონში მიმდინარე ცვლილებებს როგორ სტრატეგიას დაუპირისპირებს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია? - იმედია, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთთან პრინციპულობას საქმით გამოიჩენს. კერძოდ, დაამატებს შავ ზღვასა და საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურას, დააჩქარებს ჩვენი ნატოში წევრობის საკითხის განხილვას და საამისოდ რეალური მექანიზმის ამოქმედებას; აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რაც ბუქარესტის სამიტზე მოხდა და რასაც გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები მოჰყვა არა მარტო საქართველოს, არამედ ატლანტიკური გეოპოლიტიკისთვისაც. იმავეს მოველი ევროპელი პარტნიორებისგანაც...

- რამდენად მზად ხვდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რეგიონში რუსეთის უფრო გაძლიერებითა და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებით შექმნილ საფრთხეს? - ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული შიდაპოლიტიკური გარჩევებით, ხელისუფლების გადანაწილებითა და მოპოვებით, რომ უამრავი პროცესი გვრჩება უყურადღებოდ. სამწუხაროდ, მხოლოდ უხეშ საფრთხეს ვამჩნევთ. მაგალითად, როცა პროდუქტებზე ფასი ნელ-ნელა და შეუქცევადად იზრდება, მაგრამ არ ვრეაგირებთ იმავენაირად, როცა ნელ-ნელა და ნეგატიურად იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია. რატომღაც ველოდებით, რომ მაინცდამაინც ტანკით უნდა შემოგვივარდეს ვინმე, რომ გამოვფხიზლდეთ.

ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო გვაქვს. დაგროვდა კოლოსალური საგარეო ვალი, არა გვაქვს ქმედითი ეკონომიკური პოლიტიკა, ვკარგავთ ბუნებრივ გეოპოლიტიკურ ნიშას, უკიდურესად ჩამოვრჩებით მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს. ღვინო რომ ღვინოა, ჩვენი საამაყო ეროვნული პროდუქტი, მასობრივად მისი ხარისხის ამაღლებაც ვერ შევძელით. საერთო განათლების დონე კატასტროფულია, მართლმსაჯულება შიდაძალაუფლებრივ ცენტრებზეა დამოკიდებული, სოციალური ნებელობა სრულ აპათიაში გადაზრდილი, ახალგაზრდობას პერსპექტივა არა აქვს, პოლიტიკური სპექტრი დეგრადირებულია, ინსტიტუციების სახალხო ლეგიტიმაცია მიზერული, მრავალწლიანი გათვლები და გეგმები არასრულფასოვანი და ა.შ. ჩვენ ველოდებით ახალ დავით აღმაშენებელს, ახალ ილიას, ახალ მესიას, მაგრამ გვავიწყდება რომ ერთიც, მეორეც და მესამეც თითოეულ ჩვენგანშია. მისი ამოქექვა და გააქტიურებაა საჭირო. თქვენ მისვამთ უამრავ კითხვას საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ მთავარი პოლიტიკა, პრობლემა ჩვენშია. ნუ ველოდებით სხვაგან სიტუაციების ჩვენს სასარგებლოდ დალაგებას, ეს არ მომხდარა და არც მოხდება. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ გამოსავლის გამონახვაზე; ვლაპარაკობთ დაავადებაზე, მაგრამ არაფერს ვამბობთ მის გამომწვევ მიზეზებზე. ამგვარი მიდგომა უნდა დასრულდეს.

ხათუნა ბახტურიძე