"ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ხელს ვუშლით მოლაპარაკებას ან ბიძინას დარჩენა გვინდა" - კვირის პალიტრა

"ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ხელს ვუშლით მოლაპარაკებას ან ბიძინას დარჩენა გვინდა"

"ოპოზიცია უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ინიციატივის სისწორეში, ან ჩვენ დაგვარწმუნონ, რომ ვცდებით"

"რამდენიმე დღეა გვლანძღავენ და გვაკრიტიკებენ, მაგრამ ჯერ ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ მოსწონთ ჩვენი იდეა", - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური გაერთიანება "მოქალაქეებისა" და "გირჩის" წევრების ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ოპოზიციონერი ლიდერების კრიტიკა, ზოგჯერ კი შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკი და ხელისუფლებასთან ფარულ კავშირში დადანაშაულება მოჰყვა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში "მოქალაქეები" და "გირჩი" არჩევნებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ცალ-ცალკე შეხვდებიან და ჩიხიდან გამოსავლის გზებზე ესაუბრებიან, კერძოდ, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ ჯამურად მმართველ გუნდს მოუგო, მაშინ "ქართულმა ოცნებამ" 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს. რა გახდა ამ ინიციატივის საფუძველი, რატომ არ მოსწონთ ის ოპოზიციის სხვა წევრებს და რა არგუმენტები აქვთ "მოქალაქეებსა" და "გირჩს", რომ მათი ინიციატივა მმართველი გუნდისთვის მისაღები იქნება, იაგო ხვიჩია გვესაუბრება:

- მოლაპარაკების მაგიდასთან არსებულ ოთხიდან სამ საკითხზე ოპოზიციაში კონსენსუსია. მეოთხე საკითხი ვადამდელი არჩევნებია, თუმცა ეს ხელისუფლების წითელი ხაზია - თვლის, რომ ამას თუ დათანხმდება, ხალხის თვალში დამარცხებული გამოჩნდება. ჩვენ ოპოზიციასთან გვაქვს ასეთი წინადადება: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაინც უნდა ჩატარდეს, ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად, რომლის შედეგებსაც უნდა დავუკავშიროთ ახალი არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი. თუ თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს ოპოზიცია, მაშინ ჩავატაროთ ახალი არჩევნები 2022 წელს, თუ მოიგებს ხელისუფლება, ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი გადაიწევს მეორე პლანზე, რადგან თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია. გვინდა ასეთი კონსტრუქციული წინადადებით მივიდეთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და დავარწმუნოთ ჩვენი აზრის სისწორეში ან ჩვენ დაგვარწმუნონ, რომ ვცდებით.

- ამბობთ, რომ საჯარო განცხადების გაკეთებამდე კონსულტაციები გქონდათ ოპოზიციონერ ლიდერებთან, იმედი გამოთქვით, რომ შესაძლოა შეთანხმებულიყავით "ლელოსთან", "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ნაციონალურ მოძრაობასთან". თუმცა "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა საბა ბუაძემ თქვა, რომ თქვენი "თვითინიციატივები" საერთო საქმეს აზარალებს. - საბა ბუაძე ესწრებოდა შეხვედრას "ლელოს" ოფისში. ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ ბადრი ჯაფარიძეს და მან ასეთი რამ თქვა, ამაზე არ წამოვა ხელისუფლებაო. იქ არავის უთქვამს, რომ სისულელეს ვამბობდით.

- როგორ გგონიათ, რა აზრის არიან თქვენს ინიციატივაზე "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალები"? - არ ვიცი, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ. ჩვენი ინიციატივა კონსტრუქციულია, ვფიქრობ, ვერავინ იტყვის, რომ სისულელეა, ხელს ვუშლით მოლაპარაკებას ან ბიძინას დარჩენა გვინდა. ჩვენს გეგმაში მკაფიოდ არის ნაჩვენები, როგორ უნდა დათმოს ხელისუფლებამ პოზიცია თანდათან.

- თქვენ არ გჯერათ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა? - ეჭვიც არ მეპარება, რომ წასვლა სურს, ეჭვი იმაში მეპარება, რომ ეს ნამდვილად გამოუვა.

- თქვენთვის რას ცვლის მისი წასვლა? - თუ ნამდვილად წავა, გამოვა, რომ გუნდი მთავარმა მოთამაშემ დატოვა, ეს კი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის.

- ბიძინა ივანიშვილის წასვლა უფრო საეჭვოს ხომ არ ხდის თქვენი ინიციატივის მიზანშეწონილობას? მთავარი მოთამაშის გარეშე დარჩენილი გუნდი გარისკავს ხელახალი არჩევნების ჩატარების დათქმას თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე? - ჩვენ ხომ უნდა შევთავაზოთ, ამას რა უდგას წინ? თუ ოპოზიცია შევთანხმდებით და ამ საკითხს წამოვაყენებთ, ვეღარავინ იტყვის, რომ ოპოზიცია შარზეა და პარლამენტში შესვლა არ უნდა. ფასილიტატორებისა და უცხოელი პარტნიორების თვალშიც ბევრად კონსტრუქციულები გამოვჩნდებით, აღარ გვეტყვიან, თქვენი არგუმენტი საკმარისი არ არის იმისთვის, რასაც ითხოვთ და გირჩევთ შეხვიდეთ პარლამენტშიო. დღეს ისე ჩანს, რომ ოპოზიციის ტაქტიკა არ ამართლებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დასავლელი მეგობრები ჩვენს მხარეს არ არიან. ჩვენი მიზანია ისინი ჩვენს სიმართლეში დავარწმუნოთ.

ისეთი თამაშის წესების შეთავაზებას ვცდილობთ, რომელიც ყველა მოთამაშეს მისცემს სახის შენარჩუნების საშუალებას.

- თქვენი თამაშის წესები "ევროპულ საქართველოსაც" აძლევს სახის შენარჩუნების საშუალებას? - "ევროპული საქართველოს" ლიდერებს არ სურთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება შედგეს, დესტრუქციულები არიან და იმისთვის, რომ ჩვენთან არ ილაპარაკონ, შეურაცხყოფას გვაყენებენ. პირადად მე შეურაცხმყოფენ, მაგრამ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს და არ ვპასუხობ. ვფიქრობთ, "ევროპულ საქართველოშიც" არიან ისეთები, ვისაც ესმით ჩვენი და მათთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი.

- თქვენ ამბობდით, რომ "ნაცმოძრაობის" გარეშე პარლამენტში არ შეხვიდოდით. დღეს ამბობთ, რომ "ნაციონალები" თუ იტყვიან, ფეხებზე გვკიდია, რასაც ფიქრობთ, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო, ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთო. რა იქნება ეს შესაბამისი პასუხი, მათ გარეშე შეხვალთ პარლამენტში? - ჩვენ გვინდა პარლამენტში შევიყვანოთ "ნაციონალური მოძრაობაც" და ოპოზიციის სხვა წევრებიც, რათა ოპოზიცია პარლამენტში სრულად იყოს წარმოდგენილი და ხელისუფლებამ დათმოს ყველაფერი, რისი დათმობაც შესაძლებელია.

ხათუნა ბახტურიძე