"ჩვენ ოპოზიციას გამოსავალს ვთავაზობთ!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ოპოზიციას გამოსავალს ვთავაზობთ!"

"გვინდა, ოპოზიციური პარტიები ჩვენი პოზიციის სისწორეში დავარწმუნოთ. ეს არც ღალატია და არც გასაკვირი, ჩვენთვის ოპოზიციის ოპოზიციონერობის დაბრალება კი სისულელეა"

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი განმარტავს ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრების მნიშვნელობას. გარდა ამისა, ვისაუბრებთ, როგორია მათი სამოქმედო გეგმა, რა შემთხვევაში შევლენ პარლამენტში და რა მნიშვნელობა აქვს ამას დღევანდელ რეალობაში, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

- თავდაპირველად გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლას, რაც ჯერ ბუნდოვანია, დრო გამოაჩენს და პარლამენტში ჩვენს შესვლა-არშესვლასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა, ელჩების თანდასწრებით მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას, რომელიც შედეგს მოუტანს ქვეყანას და იქნება გარანტია, რომ ამიერიდან ყველა არჩევნები საქართველოში ჩატარდება უფრო გამჭვირვალედ, ოპოზიციას კი ექნება შესაძლებლობა, თუნდაც უახლოეს თვითმმართველობის არჩევნებზე გაყალბების ინსტრუმენტები შეამციროს და წარმატებას მიაღწიოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა ევოლუციური გზით განვითარდეს და ყველანაირად შევუწყოთ ხელი ინსტიტუციურ განვითარებას. სწორედ ამის ნაწილად მივიჩნევ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას. თუ საზოგადოება არ ენდობა არჩევნების შედეგებს, ესე იგი, არ ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს და მაშინ უკვე ამ ჩიხიდან გამოსავალი არის რევოლუცია, რომლის მომხრე ჩვენ არა ვართ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ შეთანხმებისთვის ყველა გზა უნდა ვეძებოთ!

პარლამენტში შესვლა რომ გვნდომოდა, აქამდეც შევიდოდით. ეს შეთანხმება საჭიროა, რათა ყველა მომდევნო არჩევნებზე სულ უფრო ნაკლები იყოს განცდა, რომ ვიღაცამ არჩევნები გააყალბა. ამას თუ მივაღწევთ, თუ შევძლებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს ელექტრონულად და ვეღარავინ მოახერხოს მკვდარი სულებით მანიპულირება, ბიულეტენების გამოტანა, კარუსელების დატრიალება, ძველი ბიჭებისა და კრიმინალური ავტორიტეტების უბნებთან თავმოყრა, თუ ყველა პატარა პარტიას ეყოლება წარმომადგენელი კომისიაში, თვითმმართველობის დონეზე ბარიერები იქნება დაბალი, საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერები იქნება 3%-იანი ან უფრო ნაკლები - ეს იქნება ნახტომი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

- ეს შორეული პერსპექტივაა. უფრო ახლო მომავალში რას აპირებთ? - ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკების პროცესი გაიყინა. მეხუთე რაუნდი ვერ ჩატარდება, თუ მხარეები რაღაც კომპრომისს არ მიაღწევენ. ამიტომ ჩვენ და "გირჩმა" შევთავაზეთ დანარჩენ ოპოზიციას, კარს მომდგარი თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ პლებისციტად. სხვათა შორის, ჩვენ გარდა მთელი ოპოზიცია აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ კი იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, ამაზე უარს ვამბობთ. ჩვენ გვინდა ხელისუფლებას მოვთხოვოთ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ თუ დამარცხდება, დღის წესრიგიდან მოიხსნება რაიმე სახის ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკიც კი. რამდენი ბრალდებაც უნდა გაისმას ჩვენი მისამართით, მომავალი გამოაჩენს, რომ ჩვენი პოზიცია იყო სწორი. თუ ოპოზიცია დღესვე არ შევთანხმდებით, რომ ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატებს არ დავუყენებთ, რაც გავაკეთეთ საპარლამენტო არჩევნებზე და რის გამოც დედაქალაქში ოპოზიცია დამარცხდა, დღესვე თუ არ ვიზრუნებთ, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ ჩავატაროთ და ხელისუფლებას გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ, მაშინ უსათუოდ წავაგებთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამ თვეში დაიწყება საარჩევნო კამპანია და აღარავის ეცლება იმაზე ფიქრისთვის, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ არა. გვინდა, ოპოზიციური პარტიები ჩვენი პოზიციის სისწორეში დავარწმუნოთ. ეს არც ღალატია და არც გასაკვირი, ჩვენთვის ოპოზიციის ოპოზიციონერობის დაბრალება კი სისულელეა. თუ ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება, მივიღებთ ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს და შემოდგომაზე არჩევნებში სამარცხვინოდ დავმარცხდებით. თუ აღმოჩნდება, რომ ოპოზიციას უკეთესი წინადადებები აქვს, მზად ვართ, დავთანხმდეთ. ოღონდ ეს უნდა იყოს კონკრეტული გეგმა, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზას დაგვანახებს.

- "გირჩთან" რაზე შეთანხმდით და უახლოეს მომავალში კიდევ რომელ პარტიასთან იგეგმება შეხვედრა?

- მოლაპარაკება გავმართეთ "გირჩის" სამკაციან ჯგუფთან - იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. ვგეგმავთ შეხვედრას ყველასთან, ვინც სურვილსა და ინტერესს გამოთქვამს. გიორგი ვაშაძე ამჟამად არ არის საქართველოში, მაგრამ მზად არის, როგორც კი ჩამოვა, შეგვხვდეს. საჯაროდ გავამხელთ იმათ ვინაობასაც, ვინც შეხვედრაზე უარს გვეტყვის. აღარ ვაპირებთ დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს, რადგან ეს სპეკულაციებს იწვევს. არც იმას გამოვრიცხავთ, ამ წინადადებებით შევხვდეთ "ქართულ ოცნებასაც", ოღონდ - საჯაროდ, მათი არგუმენტებიც მოვისმინოთ, მერე კი, თუ რამეზე შევთანხმდებით, ყველამ ფასილიტატორების თანდასწრებით ხელი მოვაწეროთ სანდო დოკუმენტს. თუ ვერ შევთანხმდებით, მხოლოდ ჩვენი პარლამენტში შესვლის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ ოპოზიციას გამოსავალს ვთავაზობთ - მოდი, ამ საკითხებზე ვილაპარაკოთ და თუ თქვენთვის ჩვენი შემოთავაზება მისაღები იქნება, მერე ერთად ველაპარაკოთ "ქართულ ოცნებას".