"ამ ინიციატივაში ვერც ლოგიკას ვხედავ, ვერც თანამიმდევრულობას" - კვირის პალიტრა

"ამ ინიციატივაში ვერც ლოგიკას ვხედავ, ვერც თანამიმდევრულობას"

"ოცნებას" შეუძლია თავისი 90 დეპუტატიდან გამოყოს რამდენიმე და შიგნით ვითომ პარტიები შექმნას, მაგრამ ეს ხომ ვერ შეალამაზებს რეალობას!"

"პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა: "თუ სააკაშვილიც იმავე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ". ინტერვიუ პარტიის ლიდერ სერგო ჩიხლაძესთან ამ თემით დავიწყეთ.

- ეს არის ვაშაძის განცხადება ორპოლუსიანობის შესახებ და ამას აძლიერებდნენ "ოცნება" და ივანიშვილი. ეს განცხადება გულისხმობდა, რომ ძლიერი საპირწონე ძალა და მესამე ცენტრი უნდა შეიქმნას.

- რას შეცვლის ქართული პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა?

- ჯერ საკითხავია, რეალურად წავიდა თუ არა. ადრეც წავიდა, მაგრამ ისე შეცვალა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, დილით სამსახურში მისულმა ჯერ არ იცოდა, რომ შეცვლილი იყო. ამასთან, ყველა პოსტზე დანიშნულია მისი უშუალო ხელქვეითი, დაწყებული პირადი დაცვის უფროსით, პირადი სტომატოლოგით და ა.შ. ამის გამო ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ეს ადამიანები უცებ დაიწყებენ ქვეყნის დამოუკიდებლად მართვას და მას არ დაეკითხებიან. თვითონ ფაქტი მეტყველებს, რომ ივანიშვილმა დეკლარირებულად გამოთქვა სურვილი, აღარ აიღოს პასუხისმგებლობა პრობლემებზე. მეორე მხრივ, ცდილობს სახის შენარჩუნებას დასავლეთის წინაშე, საიდანაც ისმის დემოკრატიის, არჩევნების, სასამართლო სისტემის, გეოპოლიტიკური კურსის კრიტიკა. აღარ უნდა, ამ კრიტიკის სამიზნე იყოს და რეიტინგდაკარგულ "ოცნებასთან" ასოცირდებოდეს. რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს რაღაც ბერკეტებს, ასე უცებ ვერ გაწყდება მათი დამაკავშირებელი ყველა ძაფი და მართლაც რომ უნდოდეს პარტიისგან გამიჯვნა, ამას დრო დასჭირდება.

- საინტერესოა თქვენი პოზიცია "გირჩისა" და "მოქალაქეების" ინიციატივასთან დაკავშირებით. ვიცი, თქვენთან შეხვედრასაც აპირებენ...

- შეხვედრას წინ არაფერი უდგას, თუმცა ცოტა თეატრალური მეჩენება. ამ ორთვე-ნახევრის განმავლობაში ბევრი შეხვედრა გავმართეთ კამერების წინაშეც და მათ გარეშეც და ამისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებაც ზედმეტი მგონია. შევხვდებით ოპოზიციონერ კოლეგებს, თუმცა ჩვენი პოზიცია უცვლელია... მიუღებლად მიგვაჩნია წინადადება, რომ დაველოდოთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც ცხრა თვის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება და მისი შედეგების მიხედვით გადავწყვიტოთ, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. ეს ცოტა უცნაური და არალოგიკურია. ტესტი თუ გვინდა, ორი თვის წინ ხომ ჩატარდა არჩევნები და დავინახეთ, რომ გაყალბების მიუხედავად, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან 52%-ით წააგო. და კიდევ - როგორ შეიძლება ადგილობრივი არჩევნები იყოს საპარლამენტო არჩევნების საპირწონე?! ამ წინადადებაში ვერც ლოგიკას ვხედავ, ვერც თანამიმდევრულობას, მით უმეტეს, რომ ის ძალიან ჰგავს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დროს შემოთავაზებულ წინადადებებს. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, მაგრამ თუ ერთი ან ორი პარტია შეუთანხმდება ხელისუფლებას, ეს კრიზისს ხომ ვერ განმუხტავს?! კი ბატონო, არის 90 დეპუტატი, ოთხი ახლა დაემატა - აგერ, შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი გამოძებნეს და პარტია შეუქმნეს, კიდევ ორი თუ შევა, მაგალითად, ელისაშვილის პარტიიდან, 96 დეპუტატი იქნება, მაგრამ ამით პარლამენტს მრავალპარტიული ხომ ვერ დაერქმევა?! "ოცნებას" შეუძლია თავისი 90 დეპუტატიდან გამოყოს კიდევ რამდენიმე და შიგნით ვითომ პარტიები შექმნას, მაგრამ ეს ხომ ვერ შეალამაზებს რეალობას და, რაც მთავარია, ვერც კრიზისს განმუხტავს?! პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს მხოლოდ შეთანხმება მთელ ოპოზიციურ სპექტრსა და ხელისუფლებას შორის. ყველა საკითხზე ოპოზიციის პოზიცია უნდა იყოს ერთიანი, ისეთი, როცა შეთანხმებულ მოთხოვნებს ხელს "მოქალაქეები" და "გირჩიც" აწერდნენ.