"მათ იციან ჩვენი პოზიცია და თუ სხვა არგუმენტები არ ექნებათ, ვერ შევთანხმდებით" - კვირის პალიტრა

"მათ იციან ჩვენი პოზიცია და თუ სხვა არგუმენტები არ ექნებათ, ვერ შევთანხმდებით"

"ივანიშვილის წასვლა არის გაქცევა ჩაძირული გემიდან"

"სააკაშვილი ჯერ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მას მხოლოდ და მხოლოდ კარგის მოტანა შეუძლია როგორც პარტიისთვის, ასევე ქვეყნისთვის. მოვუწოდებ ყველას, იზრუნოს საკუთარი პარტიის პრობლემებზე და დაანებოს თავი "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ საქმეებს", - ასე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

- გიორგი ვაშაძის განცხადებას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. დავიწყოთ იმით, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთ სიბრტყეზე განხილვა არასერიოზულია. ყველამ თავის პარტიას მიხედოს და თვითონ გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი ლიდერი. საბოლოოდ ყველა პარტიის რეიტინგი იზომება ციფრებით და "ნაცმოძრაობა" რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მგონი, ეჭვი არავის ეპარება, ამ პარტიის ლიდერი კი გახლავთ სააკაშვილი, ამას ვერსად გავექცევით. მოვუწოდებ ყველას, იზრუნოს საკუთარი პარტიის პრობლემებზე და დაანებოს თავი "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ საქმეებს.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას როგორ შეაფასებთ?

- "პოლიტიკიდან წასვლა" სწორი გამონათქვამი არ არის. ეს არის გაქცევა ჩაძირული გემიდან. ის ახლა ცდილობს, ფორმალურად მაინც ჩამოშორდეს არა მარტო პოლიტიკას, არამედ საკუთარ გუნდსაც. აბა, რას ემსახურება განცხადება, აღარ დამირეკოთ, აღარც დამეკონტაქტოთო? ხვდება, რომ "ოცნებას" დიდი მომავალი აღარ აქვს, დიდხანს ვეღარ იქნება ხელისუფლებაში, ამიტომ არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით წავიდეს პოლიტიკიდან. ამიტომ გადაწყვიტა გაემიჯნოს ყველაფერს. როდესაც "ოცნებას" ხელისუფლებისგან ჩამოცილება მოუწევს, ეს მისი ბრალი კი აღარ იქნება, არამედ იმ ადამიანების, ვინც ახლაა პარტიის სათავეშიც და ხელისუფლებაშიც. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ "ოცნების" შემქმნელი ბუჩქებში დამალვით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რადგან ყველაფერზე, რაც ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, სწორედ ის არის პასუხისმგებელი.

- "გირჩისა" და ელისაშვილის პარტია "მოქალაქეების" ინიციატივასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?

- თვითმმართველობის არჩევნები ვერანაირად ვერ გახდება პლებისციტი, ეს სრულიად განსხვავებული ორი პროცესია. ხომ შეიძლება პირდაპირ პლებისციტი ჩავატაროთ და დავადგინოთ, უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს ახალ არჩევნებს? ეს მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება შედეგს მაშინ მოიტანს, როცა ჩატარდება ახალი არჩევნები... მათ იციან ჩვენი პოზიცია და თუ სხვა არგუმენტები არ ექნებათ, ვერ შევთანხმდებით, რადგან ეს გზა სწორი არ არის. ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმებულია, რომ კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო და არა - თვითმმართველობის არჩევნები.