"ქართული ოცნება" დღეს ულიდერო პარტიაა" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" დღეს ულიდერო პარტიაა"

ელისაშვილი და "გირჩი" ძალიან ცუდ საქმეს უწყობენ ხელს, მათ "თვითინიციატივებს" "ქართული ოცნება" ოპოზიციის მერყეობად აღიქვამს, ამიტომაც ცდილობს გააჭიანუროს მოლაპარაკება და ოპოზიციას ხელის გადაგრეხით ესაუბროს... "ევროპელი სოციალისტები", ევროპელი მარქსისტები და ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლიან...

"ამ ადამიანს არ მივანიჭებ ამხელა მნიშვნელობას, რომ მის ველურ იდეებზე ოპოზიცია უნდა დაეწყოს და კომენტირებით ვიყოთ დაკავებული. ელისაშვილს თუ სურს, მობრძანდეს და ყველასთან ისაუბროს და არა ცალ-ცალკე ვიღაცებთან კარებზე ჩამოკაკუნებით", - განაცხადა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ მას შემდეგ, რაც "მოქალაქეებმა" და "გირჩმა" არჩევნებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიასთან ცალ-ცალკე შეხვედრა და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ინიციატივა შესთავაზეს. რატომ არის პრინციპულად მიუღებელი "ლელოსთვის" ელისაშვილისა და "გირჩის" ინიციატივა, ამის შესახებ საბა ბუაძე გვესაუბრება:

- ოპოზიციამ, მათ შორის "გირჩმა" და ყველა იმ პარტიამ, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, ერთობლივად მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, სადაც ჩამოწერილია ოპოზიციის მოთხოვნები. მათ შორის მთავარი იყო და არის ხელახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ელისაშვილი და "გირჩი" ძალიან ცუდ საქმეს უწყობენ ხელს, მათ "თვითინიციატივებს" "ქართული ოცნება" ოპოზიციის მერყეობად აღიქვამს, ამიტომაც ცდილობს გააჭიანუროს მოლაპარაკება და ოპოზიციას ხელის გადაგრეხით ესაუბროს.

- იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თქვენც ესწრებოდით "ლელოს" ოფისში გამართულ შეხვედრას, სადაც ამ საკითხზე ბადრი ჯაფარიძეს ესაუბრა და მისთვის უარყოფითი განწყობა არ შეუნიშნავს. მხოლოდ ის თქვა, ამაზე "ოცნება" არ წამოვაო. - საქმეც ეგ არის, არ წამოვა. ეს არაფრის მომცემი ინიციატივაა. "ლელოს" ლიდერები ვინმესთან ლაპარაკზე უარს არ ამბობენ, კარს არავის უჯახუნებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინიციატივებს იწონებენ. ჩვენც გვქონდა ინიციატივები არჩევნების 2022 წელს ჩატარებასა და სერბულ მოდელთან დაკავშირებით, მაგრამ თავისთვის უფლება არ მიგვიცია, რომ ჩვენი მოსაზრებები საერთო ოპოზიციური შეთანხმების ალტერნატივად გვექცია. ჩვენ გვჭირდება ნებისმიერი ინიციატივის ერთობლივი განხილვა, რომელი გაამართლებს და რომელი უშედეგო იქნება. ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა ლეგიტიმური მოთხოვნების პაკეტი, რომლის პასუხსაც ველით.

- თქვენს ლეგიტიმურ შეთავაზებაზე ხელისუფლების პასუხი უკვე ვიცით - პრინციპული უარი. ახალი არჩევნების ჩატარებას ახლა მით უფრო აღარ გარისკავენ, როცა მათი მთავარი ფაქტორი, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. - მე პირიქით ვფიქრობ. ივანიშვილის წასვლა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უფრო მწვავედ დააყენებს დღის წესრიგში. საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" ასეთ შედეგს ვერ მიიღებდა, ამომრჩეველს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გეგმა რომ სცოდნოდა. "ქართული ოცნება" დღეს ულიდერო პარტიაა.

- ასეა თუ ისე, "ოცნება" საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს და აღარც პარლამენტი ითვლება ერთპარტიულად, რადგან იქ უკვე "ევროპელი სოციალისტები" არიან. რა ელის პარტია "ლელოს" თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, შეძლებს თავის გადარჩენას 2024 წლამდე და შემდგომ არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვას? - პარლამენტი ლეგიტიმური იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ის პოლიტიკური სპექტრის შეთანხმების საფუძველზე შეიკრიბება და პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს ქვეყანაში. "ევროპელი სოციალისტები", ევროპელი მარქსისტები და ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლიან. საერთო ოპოზიციური ბოიკოტი არის ყველაზე მთავარი ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას აქვს ხელისუფლებასთან ბრძოლაში. ამიტომ ამ ბერკეტს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების უალტერნატივობა დავანახოთ.

ხათუნა ბახტურიძე