"ივანიშვილმა ამჯერად ყველაზე რთული ბრძოლა მოიგო"
"ივანიშვილმა ამჯერად ყველაზე რთული ბრძოლა მოიგო"
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის ნაბიჯი... ასეთი ნაბიჯები კონიაკივით ძველდება - რაც დრო გადის, უფრო ფასდება"

"ქართული ოცნების" ლიდერის პოლიტიკიდან წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით ჩამოყალიბებული გუნდის დამოუკიდებელი მმართველობა და რეალობა, რომელიც შესაძლოა ქართულ პოლიტიკაში შეიქმნას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრება.

- ვინმეს უპირობო მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ, რადგან ჩემებურად ეს მლიქვნელობას ნიშნავს. წარსულში არაერთხელ მძაფრი კამათი მქონია ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძესთან. შევარდნაძეს
სახელმწიფოს განცდა ჰქონდა, თუმცა ჩემთვის პოლიტიკოსის იდეალი არ ყოფილა, რადგან მორალთან პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, მისი მასშტაბი დავინახო - ვფიქრობ, ის იყო ერთადერთი კაცი, ვინც პოლიტიკა იცოდა. კამათი მქონია ბიძინა ივანიშვილთანაც მაშინ, როცა ის ხელისუფლების ზენიტში იყო. ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია, გაზეთ
"კვირის პალიტრის" ერთგული რესპონდენტი ვარ და მისი მეშვეობითაც გამოვხატავდი ჩემს მოსაზრებას. მადლობა, რომ ამის შესაძლებ­ლობას მაძლევთ, მედიასივრცე ყოველთვის­ არ გვანებივრებს­ ამით, რადგან პოლარიზებულ მედიაში ზოგი ვის ექვემდებარება, ზოგი ვის. ივანიშვილზე მოსა­ზრება გამომითქვამს მაშინაც, როცა ოპოზიც­იაში იყო. მის პოზიტ­ივზე საუბარს ვერიდებოდი, უფრო ვეკამათ­ებოდი, თუმცა ეს კულ­უარულ სივრც­ეში კი არა, საჯაროდ ხდებოდა.­ ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ შესაძ­ლოა ის კამათი უფრო მხარდამჭერობით იყო განპირობებული, ვიდრე­ ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან.

ჩემთვის ნამდვილი მხარდაჭერა ის არის, როცა პირუთვნელად შეგიძლია უთხრა შენი მოსაზრება ხელ­ისუფლებაში ან ოპოზიციაში მყოფ პირს, ვიდრე ის, დითირამბებს უძღვნიდე მას.

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის ნაბიჯი და ახლა ამაზე საუბარი უფრო მეადვილება, რადგან მოქალაქე ივანიშვილზე ვსაუბრობ. მისი მოსვლაც ნაბიჯი იყო და წასვლაც ნაბიჯია. ერთ ლექსში მიწერია, თუ ნაბიჯია, კვალიც იქნება-მეთქი. ასეთი ნაბიჯები კონიაკივით ძველდება, რაც დრო გადის, უფრო ფასდება. ვფიქრობ, გაითვალისწინა სახელმწიფო ინტერესი, ასევე, ჩათვალა, რომ მისი შექმნილი ორგანიზაცია უკვე მზად არის ხელისუფლება ჩაიბაროს. უფრო ვრცლად ვერ შევაფასებ მის გადაწყვეტილებას, თუმცა მიმაჩნია, რომ ივანიშვილმა ამჯერად ყველაზე რთული ბრძოლა მოიგო - 2012 წელს ძალადობრივი რეჟიმი რომ დაამარცხა, იმაზე­ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა! ის საკუთარ ქონებას მოერია და ეს არის ყველაზე რთული ბრძოლა.

ბრწყინვალე პიროვნება, ჩვენი საზოგადოების ბურჯი და საყრდენი, ცხონებული დავით სარაჯიშვილი აღნიშნავს, ფული ძალიან ცუდი ბატონია და საუკეთესო მსახურიო. ასეთი განცდა ყველას არა აქვს და ვისაც აქვს, ყველა ვერ ახერხებს ამის გაკეთებას, კაპიტალი და ფული იმსახუროს და არ ემონოს. კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ცოტამ შეძლო ამის გაკეთება. ამიტომ ვამბობ, მან თავის ქონებრივ მასშტაბს თავისი ადამიანური მასშტაბით აჯობა. მან ნამდვილად დაიმსახურა ეს სიტყვები.


- მის წასვლას ახლავს ეჭვნარევი კითხვებიც, ნამდვილად მიდის თუ არა?
- ამ ეჭვებს არ განვიხილავ, რადგან ყველა ადამიანი სულიერი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მსჯელობს. ამიტომ კითხვები არ მიჩნდება, მეტიც, თავისი­ მოსვლითა და წასვლით თავისი ნაბიჯის კაცი გამოდგა.

მე ჩემს წარმოდგენაში მას არც პოლიტიკოსის ჩარჩოში ვსვამ და არც ბიზნესმენის.­ არ მინდა რომელიმე ერთი არსებული ტრაფარეტული ჩარჩო მოვარგო მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რადგან მიმაჩნია, რომ ის გამჭრიახი კაცია, პოლიტიკასაც ისე ადვილად აუღო ალღო, როგორც ბიზნესს. არაერთი ძნელბედობის ჟამი და რეპრესიული რეჟიმი გამოგვივლია, რა დროსაც ზოგს ფარდული ჰქონდა, ზოგს ანსამბლი ან თეატრი და თავიანთ კომპრომისულ ცხოვრებას ამართლებდნენ მცირე თუ საშუალო შემოსავლებით. ამბობდნენ, რომ ღირსეულ ნაბიჯს იმიტომ ვერ დგამდნენ და გულის ნაკარნახევს იმიტომ ვერ ამბობდნენ,­ თავიანთი ფარდული­ არ დაეზარალებინათ. ივანიშვილს კი საქარ­თველოს ისტორიაში ყველაზე დიდი კაპიტალი ჰქონდა, თუმცა თავზე ხელაღებულ რისკზე წავიდა...

- თუმცა მან დატოვა გუნდი, რომელიც კამათს ნამდვილად იწვევს - რამდენად შეძლებენ ისინი დამოუკიდებლად მუშაობას?
- სერიოზული გამოწვევები იქნება. ამიტომ დიდი სიფრთხილე და გონიერება მართებთ. თუმცა იმ პოლიტიკურ გუნდში არა ვარ და არ ვიცი, კულუარებში რა ხდება. მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე ზერელე წარმოდგენა მაქვს. ეს უფრო ივანიშვილის სათქმელია, რადგან მისი დახმარებით შექმნილია და თუ ენდობა, ალბათ, მიაჩნია, რომ მათ ამ ტვირთის ტარება შეუძლიათ, სახელმწიფოებრივ მართვას ვგულისხმობ.

არაერთხელ მისაუბრია რეალობის გაყალბებაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ გაყალბდა, ამ პროცესის მონაწილეები ჩვენც ვართ. თუნდაც იმის, რომ ვიღაცამ მოძღვარი დაირქვა ან დავარქვით, ზოგს მწერალი ვუწოდეთ, ზოგს რეჟისორი და ზოგსაც პატრიოტი. მმართველ გუნდს სიფრთხილე, გონიერება და გადაწყვეტილების მიღებისას სიბრძნესთან ერთად, მხნეობა მართებს. ახლა ეიფორიის კარგად გაფილტვრის დროა - პატრიოტიზმი სხვისი ქვეყნის სიძულვილი არ არის, ის საკუთარი ქვეყნის სიყვარულია, რომელსაც პათეტიკა კი არა, მსახურება სჭირდება. მთავარი ამოსავალი ის არის, რომ ჩვენში ქსენოფობიას, სხვის სიძულვილს პატრიოტიზმი დავარქვით.
ხომ ვნახეთ, გურიაში ქსენოფობიური განწყობაა გამწვავებული. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქრისტიანობის გაყალბების ცდაც გვქონდა. ქრისტიანობა ქრისტეს ერთგულ მსახურებას, საკუთარი ნაკლის ძიებას ნიშნავს და არა დღენიადაგ სხვა აღმსარებლობის ნაკლზე ყურადღების გამახვილებას. ქრისტიანობა ქრისტეს სიყვარულით გამოიხატება და არა ბუდას სიძულვილით. ტრადიციულ ქვეყნებში დედაქალაქი რეგიონებს ტენდენციებს კარნახობს, ასე იყო თბილისი საუკუნეების განმავლობაში და ეს დღესაც ასე უნდა იყოს. სნეულებები, რომლებიც ჩვენს გენერაციას სჭირს, სამკურნალოა. ზოგჯერ რაღაცებს­ ერთმანეთში ვურევთ - ერთხანს აღვირახსნილი პატრიოტიზმი გამოაცხადეს, არადა, სამშობლოს ასეთი სიყვარული კი არა, გონივრული, ბრძნული და მოზომილი ქმედებები სჭირდება.

ჩემთვის სიყალბესთან არის თანაზიარი ის აქტი, რომელიც ილია ჭავჭავაძესთან არის დაკავშირებული - ჩვენმა მაშინდელმა სინოდმა წმინდანად რომ შერაცხა. მე ილიას ცხოვრებასა და მოწამებრივ აღსასრულში წუთით არ შემაქვს ეჭვი, ის წმინდანად უნდა შეერაცხათ, იმსახურებს ამ დიადემას, მაგრამ მის მიმართაც ყალბი ვიყავით, რადგან ილია ჩვენგან სწავლას, განათლებას, ქვეყნისთვის მუხლჩაუხრელ მსახურებას, თავმდაბლობასა და თავგანწირვას მოითხოვდა, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი პირჯვრის ერთი გადაწერით ჩავანაცვლეთ. მასთან ურთიერთობის გზა გავიიოლეთ - ილია ჭავჭავაძესთან ურთიერთობა ძნელია, წმინდა ილია მართალთან კი ადვილი.

- "ქართული ოცნების" ლიდერის პოლიტიკიდან წასვლა პოლარიზებულ საზოგადოებას უფრო მეტად ხომ არ დააშორებს ერთმანეთს?
- საზოგადოების პოლარიზება ჩვენი­ ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა, თუმცა ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკებმა­ მოსახლეობა საზოგადოების წინააღმდეგ აამხ­ედრეს და ეს ციკლი არ დასრულებულა. ყველა ავანტიურისტი ცდილობს მოსახლეობა აამხედროს და წააქეზოს, არადა, მოსახლეობის ყოველდღიური განვითარება იმას ნიშნავს, რომ მან თავის წიაღში უნდა შვას საზოგადოება, რომელზეც სწორებას აღიარებს. საზოგადოება კი იმ ნაწილს გულისხმობს, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. ავანტიურისტები ცდილობდნენ მარგინალებად დაესახათ ის საზოგადოება, რომელიც მარადიული ღირებულებების ერთგული იყო. იმ გზით მავალი ნაწილი ხან პროგრესისტობას იბრალებს, ხან პატრიოტობას და ხანაც ლიბერალების სახელს ეფარება, მაგრამ იდეა იგივეა - როგორმე მოსახლეობა განაწყონ საზოგადოების წინააღმდეგ. თუმცა რაც დრო გადის, საამისო ასპარეზი უფრო და უფრო ინავლება, რადგან სამოქალაქო შეგნება რამდენიმე საფეხურით ამაღლდა.

ახლა რთული ვითარება იქნება საქართველოში იმ მხრივაც, რომ აშშ-შიც პოლარიზებულია საზოგადოება, ის კი ჩვენი მთავარი მოკავშირეა და ამ რეგიონში თუ ვინმეს შეუძლია რაიმე სახის მოსალოდნელი აგრესია შეაკავოს, ამერიკაა. თუმცა­ არც ევროპის განვითარებული ქვეყნების საქართველოს მიმართ გაწეულ ღვაწლს ვაკნინებ, მაგრამ მთავარი საიმედო მაინც ამერიკაა. მის გარეშე, ალბათ, არაერთხელ მოგვიწევდა უკან დახევა, თუნდაც საუკუნეების წინ არსებული არჩევნის წინაშე დადგომა. ვფიქრობ, ახლა ამერიკის ხელისუფლების სათავეში მოვიდა გუნდი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს ყურადღებას არ მოაკლებს. ახლა ყველა ნაბიჯი გასათვლელია. პოლიტიკა სიფრთხილეს, მხნეობასა და მოთმინებას მოითხოვს. უამრავჯერ მიკამათია ედუარდ შევარდნაძესთან, მაგრამ ვერ დავუკარგავთ იმას, რომ ქვეყანას ბაქო-ჯეიჰანითა და აბრეშუმის გზით ფუნქცია შესძინა. თუმცა დავძენ, არაერთი ცდომილების მიუხედავად, შთამომავლობის წინაშე მართალი რომ ვიყო, მოთმინებისა და შორსმჭვრეტელობის უნარი არ უნდა დავუკარგოთ. მის წიგნზე ვაცლავ ჰაველის წარწერაა და ეს შემთხვევითი არ არის.

- ივანიშვილის წასვლა დაუჯერებლად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ მისი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთო. როგორ ფიქრობთ, მისი ჩამოსვლისთვის ხელსაყრელი დრო ხომ არ დადგა?
- ნება მომეცით ექსპრეზიდენტის გამონათქვამებზე არ შევჩერდე. მოკლედ, გეტყვით, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ტენდენციას ვერ ვხედავ, თუმცა ვატყობ, ასპარეზი გაეხსნებათ მათ, ვინც კონსტრუქციული ოპოზიციის შესაქმნელად მოიცლის. შესაძლოა პერსონებსაც ვხედავდე, მაგრამ მოვლენებს არ დავასწრებ, თან შესაძლოა ეს ჩემი გულუბრყვილო მოსაზრება იყოს. თუმცა ეჭვი არ არის, რომ ამის რეალობა დადგა. გარდაუვალია ისეთი პოლიტიკური მიმართულების ჩამოყალიბება, რომელიც გამწარებული და რევანშით შეპყრობილი არ იქნება, "ქართულმა ოცნებამაც" უნდა იცოდეს, რომ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია მის გასანადგურებლად კი არ მოვა, არამედ, მიაჩნიათ, რომ უკეთ შეუძლიათ ქვეყნის მართვა. დღეს ისეთი აგრესიული კომენტარები კეთდება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებს გაცდენილია, რევანშის დიდი საფრთხე ძალზე თვალსაჩინოა, რევანშსა და აგრესიას კი ქვეყნისთვის სიკეთე არასდროს მოაქვს.
d
20 იანვარი 2021 20:09
შემეტენე
vava
20 იანვარი 2021 16:26
ვფიქრობ, ახლა ამერიკის ხელისუფლების სათავეში მოვიდა გუნდი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს ყურადღებას არ მოაკლებს - ეეჰ, ბატონო დავით თქვენც.
ნიკა
20 იანვარი 2021 15:18
ჯერ მხედრიონში იყავი, თბილისი გადაწვი და ჯაბას ლექსი მიუძღვენი, მერე შევარდნაძის მინისტრი იყავი, მერე სააკაშვილს უწერდი ჰიმნებს:) ახლა ივანიშვილზე ამოგდის მზე და მთვარე და შენნაირ არსებას აბა რა ჰქვია? :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები