"ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არც კობახიძე მიიღებს, არც გახარია" - კვირის პალიტრა

"ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არც კობახიძე მიიღებს, არც გახარია"

"ახლა ძალიან ადვილი დასანახავია, ვის აქვს გამიზნული საქართველოსთვის ზურგში ხანჯლის ჩარტყმა"

"ოლიგარქი, რომელიც საქართველოში ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ბევრს მისი არ სჯერა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Washington Post-ი. "დაახლოებით ათი წელია საქართველოს საკუთარი ტრამპული ისტორია აქვს: მილიარდერი, რომელმაც პოლიტიკური ძალა შექმნა, შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად იქცა. ახლა 64 წლის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი ძალისხმევა ქველმოქმედებისკენ წარმართოს... ეს შთამაგონებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები ხშირად ძალაუფლებას ეჭიდებიან და იშვიათად მიდიან ნებით. პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებისა და ანალიტიკოსების მცირე ნაწილს თუ სჯერა ამის. ფიქრობენ, რომ ის მმართველობას კულისებიდან გააგრძელებს და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელსაც მზარდ ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ", - წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მართვის სადავე ირაკლი კობახიძეს გადასცა, თუმცა გაურკვეველია, როგორ წარიმართება პარტიის ბედი ივანიშვილის გარეშე. მართლაც როგორ წარიმართება პარტიის ბედი, ნამდვილად წავიდა თუ არა ივანიშვილი პოლიტიკიდან და როგორი პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში, მმართველი გუნდის ლიდერი გიორგი ვოლსკი გვესაუბრება:

- ჩვენი კურსი არ შეიცვლება, იმავე მიმართულებებზე იქნება აგებული, როგორც ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობისას იყო. მთავარი თემა იქნება პარლამენტის გამართული მუშაობა, რასაც ასე გააფთრებით ებრძვიან ჩვენი ოპონენტები, საგამოძიებო კომისიის შექმნა და კომპეტენტურ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დეტალურად გაანალიზება იმისა, გაყალბდა თუ არა არჩევნები.

- როგორ გგონიათ, ივანიშვილს არჩევნებამდე რომ გაეკეთებინა განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, "ქართული ოცნება" არჩევნებში 48%-იან მხარდაჭერას მიიღებდა? - მან უკვე ჩამოაყალიბა ინტელექტუალური სახელისუფლებო და პარტიული ვერტიკალი, რომლის პრინციპები აღარ შეიცვლება. მართალია, პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ის ჩვენი მხარდამჭერი საზოგადოებისთვის მაინც მთავარი ფაქტორია, რომელთანაც დაკავშირებულია სადისტური რეჟიმის დამთავრება, ეფექტიანი სისტემის შექმნა, მასშტაბური პროექტების განხორციელება.

- თუმცა ივანიშვილმა თქვა, რომ "ოცნებას" სიამოვნებით იხილავს ოპოზიციაში. - ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის სურვილია უკეთესი ოპოზიციური ძალის გამოჩენა, რომელიც "ნაცმოძრაობის" მსგავსად ცოდვებით არ იქნება დამძიმებული.

- მასშტაბური პროექტები ახსენეთ. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ივანიშვილის ფაქტორი იმიტომ იყო მნიშვნელოვანი და იმიტომ უჭერდა "ოცნებას" მხარს, რომ ტარიფების განახევრების, სამუშაო ადგილებისა და ღირსეული პენსიის იმედი ჰქონდა. როგორ იმოქმედებდა მათზე ივანიშვილის განცხადება, რომ თავისი მისია შეასრულა და მშვიდად მიდის? - "ნაციონალებმა", რომლებსაც აზრადაც არასდროს გაუვლიათ შეჭირვებულთა დახმარება, უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. სოციალურად დაუცველებს არ ჰქონდათ მკურნალობისა და შვილების გამოკვების საშუალება. "ოცნებამ" ამ უაღრესად გაჭირვებულ პერიოდში ყველა სოციალურად დაუცველ ბავშვს და ომში მარჩენალდაკარგულ ოჯახს დაუნიშნა ხელფასი. იცით, როგორი სოციალური პაკეტები შეიქმნა სამედიცინო მომსახურებისთვის. არ უარვყოფთ, რომ პრობლემები ისევ არის და ვაგრძელებთ კიდეც მუშაობას სწორედ ივანიშვილის მიერ დატოვებული გუნდი.

- ვინ იქნება გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები, პრემიერი თუ პარტიის თავმჯდომარე? - ავტორიტეტული პრემიერი გახარია პასუხისმგებელია მთავრობის მუშაობაზე, მთავრობა კი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ეს მექანიზმი ჩვენთან არასდროს მუშაობდა და ჩვენ ავამუშავეთ. საერთო ძალისხმევის გამაერთიანებელია პოლიტიკური საბჭო. როცა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე, მაშინ არ ყოფილა მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, ამიტომ თქვენი შეკითხვა უმართებულოდ მიმაჩნია. სისტემა ისეა აწყობილი, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არც კობახიძე მიიღებს, არც გახარია.

- რატომ აირჩიეთ თავმჯდომარედ ოპოზიციისთვის მიუღებელი კობახიძე და არა ოპონენტებისთვისაც კი ავტორიტეტული გახარია?

- კობახიძე შესანიშნავი პიროვნება და პროფესიონალია. ოპოზიციის მოსაზრებებს გაფუჭებული კვერცხის ფასი აქვს. შესანიშნავი პიროვნებაა თალაკვაძეც. არსებობს პოლიტსაბჭოც... ამ რეალობაში არ არსებობს დაპირისპირებები და გავლენებისთვის ბრძოლა. მავნებლები ცდილობენ შეთხზული ამბების ჟურნალისტების ყურამდე მიტანას. ისიც თქვეს, კალაძეს უნდა მინისტრობაო, მაგრამ ზუსტად ვიცი, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

- როგორ შეაფასებთ "გირჩის" ინიციატივას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადგეს? - ეს ინიციატივა მოიკოჭლებს როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. არჩევნების სამართლიანობის შესამოწმებელი ერთადერთი სწორი საშუალება საგამოძიებო კომისიის შექმნაა, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, როცა მთელი ოპოზიცია "ნაციონალებს" არის აყოლილი? "ნაციონალებს" რევოლუციური სცენარის განვითარება სურთ. წარმოვიდგინოთ, რომ ყველა შევთანხმდით ვადამდელ არჩევნებზე. ამ გადაწყვეტილებას იურიდიული საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს? პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გარდა, ვის შეუძლია ასეთი საფუძვლის შექმნა? არავის! ვინც ამბობს, რომ ოქმები გადასწორებულია და ბიულეტენების თავიდან გადათვლა შეუძლებელია, ცრუობს და არ სურს გამოსავლის პოვნა. რატომ? იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მათი ლოგიკით, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში ბაჩუკი ქარდავამ თქვა, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო, ასეც უნდა მოხდეს და ამას სამართლებრივი საფუძველი არ სჭირდება.

- გაქვთ იმედი, რომ კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი შემოგიერთდებათ პარლამენტში?

- რეგიონული თუ მსოფლიო მასშტაბის სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათთან გასამკლავებლად ერთიანობაა საჭირო. ახლა ძალიან ადვილი დასანახავია, ვის აქვს გამიზნული საქართველოსთვის ზურგში ხანჯლის ჩარტყმა. მაქვს იმედი, რომ ოპოზიციურ სპექტრში გამოჩნდებიან პასუხისმგებლიანი პირები და ქვეყანას რისკის წინაშე არ დააყენებენ.

ხათუნა ბახტურიძე