"ჩვენ დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარებიან" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარებიან"

"მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციაში არ არის საქმე. უფრო იმედიანად ვართ, როცა ვიგებთ, რომ საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან პირები, რომლებიც ჩვენს პრობლემებს კარგად იცნობენ. თუმცა გამარჯვება წინასწარ არ უნდა ვიზეიმოთ. წინ სერიოზული ბრძოლა გველის"

"ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ რთულია ამ პოზიციის დაკავება, თუმცა, თუ ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" მესამე ვადით გამოუცხადა ნდობა, ივანიშვილმა ნებით, გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა. "წინ უამრავი გამოწვევაა...…გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის პასუხისმგებლობა და სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ", - აღნიშნა კალაძემ.

როგორც უკვე ვიცით, "ქართულმა ოცნებამ" ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე, მის მოადგილედ კი ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილს არც ივანიშვილის წასვლის სჯერათ და არც ახალდაწინაურებული ლიდერების გულწრფელობის სწამთ. "თუ ივანიშვილი ნამდვილად წავიდა, ჩვენი ამოცანა მარტივდება, მაგრამ ბრძოლა არ სრულდება. ძალიან მალე შევქმნით ისეთ გარემოს, რომ ივანიშვილს ნამდვილად მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, "ქართულ ოცნებას" კი ვადამდელ არჩევნებზე დათანხმება", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე.

როგორ აპირებს "ევროპული საქართველო" "ქართული ოცნება" ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე დაიყოლიოს, ამის შესახებ აკაკი ბობოხიძე გვესაუბრება:

- "ოცნებას" აუცილებლად მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ამაში ჩვენ ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარებიან. რატომ? იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი ნონსენსია.

- არ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ახლა დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას უჭერენ მხარს. ფასილიტატორი ელჩები გეუბნებიან, რომ ჯობს პარლამენტში შეხვიდეთ და იქ განაგრძოთ პოლიტიკური ბრძოლა. - ელჩები აქამდე ასე გვეუბნებოდნენ, მაგრამ ვნახოთ, როგორ პოზიციაზე იქნებიან, როცა საერთაშორისო პარტნიორებთან უშუალოდ ჩვენ ვიმუშავებთ.

- საერთაშორისო პარტნიორებთან აქამდე არ მუშაობდით თუ ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის იმედი გაქვთ? - მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციაში არ არის საქმე. არჩევნები ვისაც უნდა მოეგო, საქართველოში მიმდინარე პროცესებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობდნენ, ვიდრე 5 ან 6 თვის წინ ახერხებდნენ. მით უფრო იმედიანად ვართ, როცა ვიგებთ, რომ საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან პირები, რომლებიც ჩვენს პრობლემებს კარგად იცნობენ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ გამარჯვება წინასწარ არ უნდა ვიზეიმოთ. წინ სერიოზული ბრძოლა გველის, პრიორიტეტები სწორად უნდა დავსახოთ.

- ამ ბრძოლაში მხოლოდ საკუთარ პარტიას მოიაზრებთ თუ ოპოზიციის სხვა წევრების იმედიც გაქვთ? - ოპოზიციასაც ვგულისხმობ, თუმცა არის გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა, მაგალითად, "ნაცმოძრაობა", რომლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ასევე გამოკვეთილი პოლიტიკური ძალაა, მაგალითად, "მოქალაქეები" და "გირჩი", რომლებიც თქვენი პარტიის ლიდერებს, ბოკერიას, უგულავასა და ბაქრაძეს დესტრუქციულ ძალად მიიჩნევენ და მოლაპარაკების ამრევებად ასახელებენ. თუმცა ამბობენ, რომ პარტიაში არიან ისინიც, ვისთანაც საერთო ენის გამონახვა შეიძლება. თქვენ ხომ არ იცით, ვინ არიან? - რა შუაშია ბოკერია, უგულავა და ბაქრაძე, პარტიის ყველა წევრს, მათ შორის მანდატიანებსაც, ერთი აზრი აქვთ ბოიკოტის შესახებ. წესით, "გირჩმა" უნდა იცოდეს, რომ "ევროპული საქართველოს" ყველა წევრმა დაწერა განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. სიმართლე ის არის, რომ "გირჩი" და "მოქალაქეები" საერთო ოპოზიციური შეთანხმებიდან გავიდნენ. ახლა ჯობია წინ და უკან სირბილს თავი დაანებონ, ნუ იტანჯებიან, შევიდნენ პარლამენტში, თუ ასე ძალიან სურთ. თუმცა, როგორც ჩანს, ელისაშვილს "ოცნება" მხოლოდ მაშინ გადაუხდის ფულს, თუ სხვა ოპოზიციურ ძალებსაც შეიყვანს პარლამენტში, მარტო მას ფასი არა აქვს.

ელისაშვილს მინდა ვკითხო, რის მიღწევას ცდილობს, როცა პოლიტპატიმრების ციხეში დატოვებას ოპოზიციას გვაბრალებს? რას გვეუბნება ბატონი ალეკო, პოლიტპატიმრები მძევლები არიან და ყველა არჩევნები უნდა დავთმოთ იმის ხათრით, რომ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ? მაშინ ყველა არჩევნების წინ დაიჭერენ ათს და შემდეგ გაათავისუფლებენ ხუთს. თუ პოლიტპატიმრების საკითხს სავაჭროდ გავხდით, ყველა არჩევნებზე შეგვევაჭრებიან.

- ხელისუფლება გეუბნებათ, დაამტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩავატარებ ვადამდელ არჩევნებსო. მაგალითად, გიორგი ვოლსკი კითხულობს, ვინ შეიძლება უკეთესად გამოიძიოს არჩევნების გაყალბების საქმე თუ არა პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ. ფასილიტატორი ელჩებიც გეუბნებიან, რომ თქვენი არგუმენტები საკმარისი არ არის, რომ არჩევნების გაყალებება ირწმუნონ. - ვოლსკის თუ სურდა არჩევნების შედეგები ჩვენთვისაც სარწმუნო ყოფილიყო, თავიდანვე უნდა გახსნილიყო უბნები და ხმები გადათვლილიყო. ამაზე ლაპარაკი უკვე ჩავლილი მატარებელია.

ხათუნა ბახტურიძე