"ბიძინას ხიხოს ეძახიან... რა სისულელეა! თითქოს დავით აღმაშენებელი არ იყო გეგუთელი ან ილია ჭავჭავაძე არ იყო ყვარლიდან" - კვირის პალიტრა

"ბიძინას ხიხოს ეძახიან... რა სისულელეა! თითქოს დავით აღმაშენებელი არ იყო გეგუთელი ან ილია ჭავჭავაძე არ იყო ყვარლიდან"

"ივანიშვილმა აჯობა ფულს და გამოიყენა ის სამშობლოსთვის"

"ძალიან იყვნენ მასზე დამოკიდებული, არჩეულ მთავრობას ხალხმა ბიძინას ავტორიტეტით მისცა ხმა, თუმცა ახლა ამ მთავრობასაც აქვს დამოუკიდებლად აზროვნებისა და ნაბიჯების გადადგმის უნარი. ძლიერი პოლიტიკოსები არიან, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მაინც, "ნაციონალური მოძრაობა" კი არის პაროდია", - ამბობს რეჟისორი ბუბა ხოტივარი და დასძენს, რომ ბიძიIნა ივანიშვილმა ამ ნაბიჯით ყველას დაანახა, რომ პოლიტიკიდან წასვლა უბედურება არ არის...

- პოლიტიკოსები ხშირად მიდიან და მოდიან. მაგალითად, ჩერჩილი რამდენჯერმე მოვიდა. დე გოლის წასვლა-მოსვლებს შორისაც დიდი შესვენებები იყო. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ეს გასაკვირი არ არის.

- მოულოდნელი იყო ივანიშვილის წასვლა?

- მისი ყველა სვლა მოულოდნელია. ამიტომაც არის ის ისეთივე დიდი პოლიტიკოსი, როგორიც ქველმოქმედი. რესურსები სწორად გამოიყენა - ფულმა ვერ აჯობა, ივანიშვილმა აჯობა ფულს და გამოიყენა ის სამშობლოსთვის. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. ის რომ არ მოსულიყო, საქართველო ცუდ დღეში ჩავარდებოდა, რადგან სააკაშვილის მთავრობის წევრებს ბოროტი გეგმები ჰქონდათ.

- და რატომ წავიდა?

- იმიტომ, რომ მიაჩვიოს ხალხი დამოუკიდებლად აზროვნებას. არ შეიძლება შვილს 50 წლამდე ძუძუს აწოვებდე.

ყველას დაანახა, რომ წასვლა უბედურება არ არის. ჩვენთან სკამს თუ დაკარგავენ, მიაჩნიათ, რომ ცხოვრება დაინგრა, ამას ტრაგედიად აღიქვამენ და იბრძვიან, ყველაფერს კადრულობენ, მან კი სკამი თავისუფლად დათმო და დაამტკიცა, რომ სკამისთვის არასოდეს იბრძოდა. მას სჭირდებოდა ქვეყნის გადარჩენა. ეს სურვილი აშკარად ჩანდა მაშინაც, ჩანს ახლაც და თუ ვინმე ვერ ხედავს, მისი პრობლემაა.

- წასვლით როგორ ჩანს, რომ ქვეყნის გადარჩენა უნდა?

- ძალიან იყვნენ მასზე დამოკიდებული, არჩეულ მთავრობას ხალხმა ბიძინას ავტორიტეტით მისცა ხმა, თუმცა ახლა ამ მთავრობასაც აქვს დამოუკიდებლად აზროვნებისა და ნაბიჯების გადადგმის უნარი. ძლიერი პოლიტიკოსები არიან, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მაინც, "ნაციონალური მოძრაობა" კი არის პაროდია. ივანიშვილმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა და ამით ყველა დააბნია.

- შეიძლება კვლავ დაბრუნდეს? - არა მგონია და არც უნდა დაბრუნდეს. თუ ქვეყანა დაინგრა და გარედანაც აგრესია დაიწყო, არ ვიცი, რა მოხდება, თუმცა მას ბევრი კეთილი საქმის გაკეთება პოლიტიკაში დაბრუნების გარეშეც შეუძლია.

- ცოტა მოტყუებულად ხომ არ იგრძნო თავი ამომრჩეველმა? იქნებ სხვა არჩევანი გაეკეთებინათ, თუ არჩევნებამდე ეცოდინებოდათ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდიოდა? - ძალიან ცუდი იქნებოდა, თუ ამომრჩეველი ხმას არ მისცემდა ყველაზე ძლიერ და სერიოზულ პარტიას... ივანიშვილი უფრო წინ არის, ვიდრე ბევრი ინტელექტუალი, აზროვნებითაც და კაცობითაც, ზნეობითაც და ქცევითაც... გენიალური ფილმები, სიმფონიები, პიესები თუ რომანები ჯერ იქმნება და მერე ხვდება საზოგადოება მათ მნიშვნელობასა და ფასს...

- არსებობს მოსაზრება, რომ ივანიშვილი მაინც მმართველად დარჩება...

- თავისი ავტორიტეტით ბიძინა ლაზიერია. სულ არ სჭირდება ფორმალური თანამდებობა, მაგრამ ისიც მოიშორა იმისთვის, რომ ახალგაზრდობამ ისწავლოს ამ ურთულესი ქვეყნის მართვა, რომელიც მტრებითა და პროგრამული სადისტებით არის გარშემორტყმული. მათ უნდათ საქართველოს შეჭმა, მაგრამ ვერასდროს შეძლებენ, რადგან ღმერთი დროდადრო ბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც გადაარჩენენ ხოლმე საქართველოს.

უკვე გაქცევა მინდოდა საქართველოდან, ვხედავდი, რომ "ნაცმოძრაობა" ღუპავდა საქართველოს, ვითომ კრემლის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, მაგრამ გვატყუებდნენ. ან უნდა შევკვდომოდი, ან გავქცეულიყავი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ეს კაცი, შეკრა ქართველი ერი და მოიგო არჩევნები. ეს იყო უდიდესი მოვლენა და თუ ვინმე, ვითომ ჭკვიანი, ამბობს, რომ პიროვნებას მნიშვნელობა არა აქვს, ძალიან ცდება. ამერიკა და ევროპა რომ მიგვაჩნია ეტალონად, იქ ყოველთვის პიროვნებები წყვეტდნენ ყველაფერს და არა - სისტემა. რა თქმა უნდა, სისტემაც ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ მას ქმნის ძლიერი და ნიჭიერი ადამიანი.

სააკაშვილი უცხო იყო სულიერად, მენტალიტეტით და მისი ბრბო, მინისტრებად რომ ინიშნებოდნენ და ანგრევდნენ ქვეყანას, არიან მტრები საქართველოსი. ეს ხალხმა კარგად დაინახა და "ნაცმოძრაობამ" იმიტომ წააგო არჩევნები 2012-ში.

ბიძინას ხიხოს ეძახიან... რა სისულელეა! თითქოს დავით აღმაშენებელი არ იყო გეგუთელი ან ილია ჭავჭავაძე არ იყო ყვარლიდან. კი ბატონო, თბილისელი იყო სააკაშვილი და თბილისური ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა მას დაუჭირა მხარი, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ თავი მოიჭრეს? მეც თბილისელი ვარ, მაგრამ მრცხვენოდა თბილისელობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ჩამოსულობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ვითომ ჩამოსულების აშენებული არ იყოს საქართველო!

მსოფლიოში ყველა დიდი ადამიანი პროვინციიდან იყო ჩასული. ფრანგული გამოთქმაა: "პროვინციაში იბადებიან და პარიზში იხოცებიან".

ივანიშვილის ნაბიჯების გამოთვლა და მისი ქცევის კანონზომიერების დადგენა ძალიან ძნელია. "ნაცმოძრაობამ" და მთელმა ოპოზიციამ ამიტომ ვერაფერი გაუგო მას. ეს არის ჩანჩალა, დაბალი ინტელექტის ოპოზიცია, რომელმაც თავი მოიჭრა საშვილიშვილოდ და ვეღარასოდეს გაიმარჯვებს. ახლა ჩამოყალიბდება ახალი ძალა. ღმერთი არ გაწირავს საქართველოს, ბიძინას კი თავისი საქმე აქვს. მან მთელი თავისი ნაშრომი ქვეყანას დაუტოვა.

მისი მთავარი პრინციპია: "რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია". ეს ოპოზიციას არ ესმის. ფიქრობენ, რომ თუ ბიძინა ფულს ხარჯავს, ე.ი. ეს თანამდებობისთვის სჭირდება. არ ესმით, რომ ყველაფერი, რაც ბიძინამ გასცა, მისია სწორედ იმიტომ, რომ გასცა. ის მილიონები კი, რაც მათ წაჰგლიჯეს ხალხსა თუ ქვეყანას და მიითვისეს, დაკარგულია. ასე იხმაურებენ, იყვირებენ და იქნებიან დაჭერის მოლოდინში! ისინი თავიანთი საქციელით ამტკიცებენ, რომ არც ინტელექტი აქვთ, არც ნიჭი, არიან სრულიად გადაგვარებული და მათ ვერც პოლიტიკოსებს ვუწოდებთ...

- ოპოზიცია ერთპარტიულ პარლამენტზე ლაპარაკობს... - ერთპარტიული არის ოპოზიცია, ვითომ რომ დაიშალა. შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ არ აღიარებენ, რომ ცოტა ხმა მიიღეს, ამიტომ ხმაური ურჩევნიათ, რომ მათმა მხარდამჭერებმაც დაიჯერონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა კარგად იციან, რომ არაფერი გამოუვათ. დღეს რომ იყოს არჩევნები, ეგენი იმ ხმების ნახევარსაც ვერ მიიღებდნენ, რაც მიიღეს...

ქართველები გადაგვარდნენ იმიტომ, რომ მხოლოდ პოლიტიკურად და პარტიულად აზროვნებენ და არა - ზნეობრივად. ჩვენ თუ შოთა რუსთაველის შვილები ვართ, ჩვენ თუ ბიბლიისა და სახარების საფუძველზე ვცხოვრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრებაში უფრო დიდი ფასეულობები არსებობს, ვიდრე წვრილმანი პოლიტიკური გამარჯვება და მარცხია. ერთი სულიერი, ნიჭიერი გამონათება ოპოზიციისგან მოგისმენიათ? ლანძღვა-გინების მეტი გაგიგიათ რამე? ერთმანეთი სძულთ, მაგრამ ბიძინას შიში ერთნაირად ალაპარაკებთ, რადგან ხედავენ, ამ კაცმა მათ ყველაფერში აჯობა.

სხვათა შორის, ბიძინას წასვლა ყველაზე მეტად მაგათ ეწყინათ, იმიტომ, რომ ბიძინა მათ იცავდა. კოაბიტაციით ყოფილი ხელისუფლება გადაარჩინა. ბიძინა რომ არ ყოფილიყო, 2013-14-ში ყველა ციხეში აღმოჩნდებოდა. საქართველოში სისხლის ღვრა რომ არ ყოფილიყო, ბიძინა კოაბიტაციას დათანხმდა და ქვეყანას სტაბილურობა შეუნარჩუნა. მისი წასვლით ოპოზიციამ დამცველი დაკარგა, თუმცა თავის დროზე ეს ვერ დააფასეს. მომხრეებიც კი საყვედურობდნენ, ამათ რატომ იცავო, მაგრამ მან ეროვნული თვალსაზრისით დიდი საქმე გააკეთა. კოაბიტაცია პროგრესული მოვლენა იყო. ამის გარეშე შეიძლებოდა ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყო და სწორედ ეს არ დაუშვა. არადა, ყოფილი ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად იყო. ხომ გახსოვთ მათი იარაღის სამალავები?! არ იცით, ვინ არიან ეგენი, სად სწავლობდნენ და სად მიიღეს დიპლომები?! მათ უფროსებს შეხედეთ - კა-გე-ბეს აგენტები არიან!

- ვაშაძეს თუ გულისხმობთ, ის აღარ არის მათი ლიდერი. - სხვებიც არიან, რამდენიც გინდათ.

- ახლა მელიაა პარტიის თავმჯდომარე. - და მელიამ რა დაამთავრა? ან ხოშტარიამ და კიდევ რამდენმა?!

- ხვალინდელი დღე როგორი იქნება? - ძალიან კარგი. შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ამერიკამ - ყოველგვარ შტურმს შესაფერისი პასუხი უნდა გაეცეს! აბა, კიდევ სცადონ პარლამენტის აღება!..

პარლამენტი იმუშავებს ხალხისთვის, კიდევ ბევრი შევა... ცდილობენ, დაგვიხატონ საქართველოს ნგრევის სურათი, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ქვეყანა, პირიქით, შენდება... რაც შემეხება მე, ათას რამეს ამბობენ, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ არც ერთი კაპიკი არც მთავრობისა და არც ბიძინასგან არასდროს მიმიღია.

- მაგრამ მან ბევრ ხელოვანს, სპორტსმენს, მეცნიერს გაუმართა ხელი... - დიახ, ხალხი გადაარჩინა, მაგრამ მე, როგორც ნაცნობმა, ამაზე უარი ვთქვი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი შრომით უნდა ვიშოვო ოჯახის სარჩო-საბადებელი.