"ივანიშვილთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას ჩემი ინიციატივით ავიღე ვალდებულება, რომ..." - მიდის თუ არა გია ხუხაშვილი პოლიტიკაში?! - კვირის პალიტრა

"ივანიშვილთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას ჩემი ინიციატივით ავიღე ვალდებულება, რომ..." - მიდის თუ არა გია ხუხაშვილი პოლიტიკაში?!

"ბიძინა ივანიშვილის სრულ წასვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ივანიშვილი და სააკაშვილი ამ წლების განმავლობაში ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ - ისინი თან უპირისპირდებოდნენ და თან კვებავდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს. შუას გაკრეფის მუდმივი პოლიტიკა ივანიშვილს უნარჩუნებდა ხელისუფლებას, მაგრამ ასევე აძლიერებდა სააკაშვილს, როგორც მეორე პოლუსს და კეტავდა სივრცეს სხვა პოლიტიკური ცენტრებისთვის. ჩემი აზრით, ამ სიმბიოზის დარღვევა ორივე მხარეს დაასუსტებს. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც გადის თამაშიდან, ამ ეტაპზე სააკაშვილიც კარგავს აქტუალურობას, მიუხედავად იმისა, წავა ის პოლიტიკიდან თუ არა", - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი.

- ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა...

- არ მგონია, ამ თემაზე ნეგატიური მსჯელობა გამართლებული იყოს. დავიწყოთ იმით, რომ ეს მისი ქონებაა და როგორ მართავს მას და როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი საქმეა. ის ამას აკეთებს კანონის შესაბამისად და რა ჩვენი გასარჩევია, მარცხენა ჯიბეში რას დაიტოვებს და მარჯვენაში რას გადაიტანს, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. პირველი - ცხადად ჩანს, რომ ის ახდენს ამ ქონების კონსოლიდაციას, რაც ნიშნავს, რომ დისტანცირებას ბიზნესის მართვისგანაც ცდილობს. თუ აქამდე ის ყველა ამ აქტივთან ცალ-ცალკე მუშაობდა, ახლა ადგა და ყველაფერი ერთ ხელში მოაქცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მთელ მის ქონებაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ მხოლოდ საქართველოში არსებულ აქტივებზე. ეს ფონდი საქველმოქმედო საქმიანობას აქამდეც ბიძინა ივანიშვილის ფულით ახერხებდა. ამჯერად მან გადასცა არა თანხა, არამედ ქონება და უთხრა, რომ შეძლონ ამ ქონების რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და ასე გააგრძელონ საქველმოქმედო საქმიანობა. აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა და რატომ უნდა განვავითაროთ აქ რაღაც შეთქმულების თეორიები?!

გარდა ამისა, რადგან მას პირდაპირი მენეჯმენტის სფეროდან გააქვს საქართველოში არსებული აქტივები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის დასადასტურებლად, ის გარკვეული პერიოდით შეიძლება ქვეყნიდან წასვლასაც აპირებდეს.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოდან სამუდამოდ წავა - ამას არ იზამს, რადგან მისთვის ეს ქვეყანა ძალიან ძვირფასია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი წლით საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლას გეგმავდეს.

- ბატონო გია, ბრძანეთ, რომ შესაძლოა კვლავ გააქტიურდეთ პოლიტიკურად; ითქვა ისიც, რომ არ არის გამორიცხული, "ლელოში" გიხილოთ...

- არა, ეს მხოლოდ მედიის ვერსიებია... მე ამ განცხადებით შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გამოვხატე. ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას ჩემი ინიციატივით ავიღე ვალდებულება, რომ მას მართალია პოლიტიკურად გავაკრიტიკებდი, მაგრამ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობას არ მივიღებდი. თუ ის პოლიტიკიდან მიდის, შესაბამისად, ეს ვალდებულებაც მეხსნება. სწორედ ეს ვთქვი.

ასევე მიმაჩნია, რომ კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არის სახიფათო ელემენტი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკფაქტორი, ამიტომაც ვიტოვებ უფლებას, ქვეყანაში დაბალანსებული, მულტიპარტიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად მონაწილეობა მივიღო ერთჯერად პოლიტიკურ პროექტში, თუმცა ვისთან და როგორ, ამაზე ჯერ არ მიფიქრია... იხილეთ სრულად