"პუტინი შეშინებულია, რადგან ნავალნი გმირად დაბრუნდა" - კვირის პალიტრა

"პუტინი შეშინებულია, რადგან ნავალნი გმირად დაბრუნდა"

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ფიგურით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეშინებულია.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნავალნი, სავარაუდოდ, რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების ხელახლა გაძლიერების საფუძველი გახდება.

"პუტინი შეშინებულია. მას ეშინია, რადგან ნავალნი ამ ყველაფრის მერე, რაც მას მოუწყვეს, გმირად დაბრუნდა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ასეც მოხდებოდა და მას დააკავებდნენ, თუმცა, გამბედაობით დააფიქსირა თავისი თავი, მაგრამ ეს არამხოლოდ ნავალნიმ იცოდა, არამედ დასავლეთის მხრიდანაც ასეთი შედეგი იყო მოსალოდნელი. ხედავდნენ ამას ძალიან კარგად. რეაქციამაც არ დააყოვნა, დასავლეთი დაუყოვნებლივ ითხოვს მის გათავისუფლებას. ბუნებრივია, რუსეთის საზოგადოებაში უკმაყოფილება ძალიან დიდია, პუტინს ეშინია, რომ მისი საპირწონე პოლიტიკური ფიგურა არ გაჩნდეს. ნავალნის იმ ყველაფრისა და დასავლური მხარდაჭერის შედეგად, რაც მან მისი მოწვამვლის შემდეგ მიიღო, აქვს შანსი. ჩვენთვის რამდენად კარგია, ეს სხვა საკითხია, ბუნებრივია, თუმცა, რაც უფრო დაძაბული იქნება რუსეთში ვითარება და რაც უფრო მეტი პრობლემები შეექმნება რუსეთს, ბუნებრივია, ჩვენთვის გულის მოსაფხანი იქნება. ნავალნი, სავარაუდოდ, რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების ხელახლა გაძლიერების საფუძველი გახდება და ბაიდენის ინაუგურაციის წინ, ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ნავალნის ბედი ბუნებრივია, გაურკვეველია, მაგრამ დაკავების ფაქტი მიანიშნებს, რომ პუტინი საკმაოდ შეშფოთებულია ამ ნაბიჯით, რომელიც მან გადადგა, ნავალნის პიროვნებითაც არის შეწუხებული", - განაცხადა ბოძაშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთის მექანიზმებს რუსეთთან მიმართებით, ბოძაშვილის თქმით, ბუნებრივია, რუსეთის წინააღდმდეგ დასავლეთი სამხედრო ნაბიჯებს არ გადადგამს.

"მესამე მსოფლიო ომს რუსეთთან ვერავინ დაიწყებს. რა მექანიზმებიც აქვს დასავლეთს - იყენებს. რუსეთთან ომის სურვილი არც არავის აქვს. დასავლეთის მიდგომა რუსეთთან მიმართებით ასეთია, რომ თუ რუსეთი სამხედრო აგრესიული ტიპის ნაბიჯებით არ გამოირჩევა, ბუნებრივია, დასავლეთი მის წინააღმდეგ რაიმე აგრესიულ, სამხედრო ნაბიჯებს არ დადაგმას", - განაცხადა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "შერემეტიევოს" აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"