"თუ ვინმეს აქვს თვალები ჩასახრელი და დასამუნათებელი თუ ვინმე არის - ეს არის ხელისუფლება" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმეს აქვს თვალები ჩასახრელი და დასამუნათებელი თუ ვინმე არის - ეს არის ხელისუფლება"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციამ სიტყვა გატეხა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამიტომ შეწყდა გიორგი რურუას გამოშვების პროცესი, დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ელისაშვილმა განმარტებები უნდა გააკეთოს, რადგან 8 მარტის შეთანხმების დამრღვევი არის ხელისუფლება. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადება საფუძველს მოკლებულია.

მისივე თქმით, ახლა შიდა ოპოზიციური თავდასხმების დრო არ არის, თუმცა ელისაშვილის განცხადება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

"უკაცრავად რა დაარღვია ოპოზიციამ?! მე ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ მწვავე განცხადებებს ვისმენდით ბატონი ალეკო ელისაშვილის მიმართ, მე ნამდვილად თავს ვიკავებდი ამგვარი შეფასებებისგან იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ოპოზიციისთვის ახლა ერთიანობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა შიდა ოპოზიციური თავდასხმების დრო არ არის იმიტომ, რომ ოპოზიციის უმთავრესი იარაღი მოლაპარაკებების მაგიდასთან და ზოგადად იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებს ოპოზიცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სწორედაც, რომ არის ერთობა.

ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა სამწუხაროდ, რომ მგონია ეს განცხადება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ბიძინა ივანიშვილს, ეკისრებოდა ხელისუფლებას იმიტომ, რომ მხოლოდ მას გააჩნია იმის ბერკეტი, რომ გაათავისუფლოს პოლიტიკური პარტიები, მათ შორის გიორგი რურუა, რომელიც დიახ 8 მარტის შეთანხმების დარღვევით დღემდე რჩება პატიმრობაში. მინდა ცალსახად გითხრათ, რომ 8 მარტის შეთანხმების დამრღვევი არის ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება. "ქართული ოცნების" ლიდერები საერთოდ უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე იყო ლაპარაკი და ამ თვალსაზრისით, თუ ვინმეს აქვს თვალები ჩასახრელი და დასამუნათებელი თუ ვინმე არის - ეს არის ხელისუფლება. ისინი ურცხვად აპელირებდნენ იმაზე, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში პოლიტპატიმრებზე არც ფორმალურ და არც არაფორმალურ ნაწილში საუბარი არ ყოფილა და მოუწიათ შემდეგ თქმა, რომ დიახ, იყო საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებზე საუბარი და ყველამ კარგად იცის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ვის ეხება, ამიტომ ამ კრიტიკას შემიძლია მხოლოდ ერთი შეფასება გავუკეთო, რომ ეს არის დაუსაბუთებელი ბრალდება და ალბათ, დამატებები და განმარტებები უნდა გააკეთოს ალეკო ელისაშვილმა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ ოპოზიციამ სიტყვა გატეხა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამიტომ შეწყდა გიორგი რურუას გამოშვების პროცესი.

ელისაშვილმა გაიხსენა, ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც თავად ესწრებოდა და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შეახსენა რვა მარტის შეთანხმების ნაწილი და როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციამ სიტყვა გატეხა. ამასთან ელისაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნულზე ოპოზიციამ თავი ჩახარა.

"რვა მარტის შეთანხმება, მე იმის მონაწილე არ ვყოფილვარ, მაგრამ მონაწილე ორ მხარეს ვიჯექი და ვისმენდი, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შეახსენა რვა მარტის შეთანხმების ნაწილი. როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციამ გატეხა სიტყვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამიტომ შეწყდა ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გამოშვების შემდეგ, რურუას გამოშვების პროცესი. ოპოზიციამ სიტყვა გატეხა, იქ, რაღაცაზე შეთანხმდნენ, რაღაცას იზამდნენ და ოპოზიციამ ის არ შეასრულა. თუ მენდობით, ეს ასე იყო. ოპოზიციამ იქ თავი ჩახარა და ძალიან უხერხული პაუზა იყო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და დასძინა: "ოქრუაშვილი გამოვიდა? - გამოვიდა, უგულავა გამოვიდა? - გამოვიდა, ვინ ვერ გამოვიდა? - რურუა, რადგან ოპოზიციამ გატეხა სიტყვა, იქ მიღწეული შეთანხმება, როგორც ჩანს".

"ინტერპრესნიუსი"