"ივანიშვილს თავისი ცხოვრების შემოდგომის გატარება წყნარად და უშფოთველად სურს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ მიეხმარება ახალგაჩენილ პოლიტიკურ ძალას"
"ივანიშვილს თავისი ცხოვრების შემოდგომის გატარება წყნარად და უშფოთველად სურს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ მიეხმარება ახალგაჩენილ პოლიტიკურ ძალას"
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, რადგან ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თემაზე წელს არ გვისაუბრია, იმედია არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენი საუბრის დაწყებას ამ თემით შემოგთავაზებთ.

ივანიშვილი პოლიტიკიდან მაშინ წავიდა, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

როგორც ჩანს, ივანიშვილის თანამებრძოლების უახლოესმა გარემოცვამ ივანიშვილის გეგმების შესახებ იცოდა, მაგრამ 31 ოქტომბერს არ იცოდნენ მათ, ვინ არჩევნების დღეს ხმა "ქართულ
ოცნებას" ივანიშვილის გამო მისცეს.

ასეა თუ ისე, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულად ითვლება. როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დადგა?


- ამ თემაზე ვერც ვილაპარაკებდით, ვინაიდან ბატონი ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოულოდნელი იყო.

ამ მოვლენის გასაანალაიზებლად, რამდენიმე გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
უპირველეს ყოვლისა, 31 ოქტომბერს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არავინ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, თვითონ ბატონმა ბიძინამაც, არ იცოდა. ყველაფერი არჩევნების შედეგებმა და არჩევნების შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა.

ამ თვალსაზრისით, ერთგვარი პოლიტიკური რუბიკონია 2021 წლის 6 იანვარი, რომელმაც, ჩემი აზრით, შეუქცევადი ცვლილებები განაპირობა პოლიტიკურ ფილოსოფიაში, ცნობიერებასა და სტრატეგიებში.

ძალიან მიკვირს, რომ იმ დღის მოვლენები ჩვენი პოლიტოლოგების მიერ საერთოდ არ არის გაანალიზებული. 6 იანვრის შემდეგ ვერც ერთი რადიკალური ოპოზიციური ლოზუნგი ვერც საერთაშორისო პარტნიორების, ვერც პოლიტიკური ელიტებისა და ვერც საქართველოს მოსახლეობის ვერავითარ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

გაყალბებული არჩევნებით აპელირება ხომ საერთოდ ანეკდოტურად გვეჩვენება აშშ-ში განვითარებული მოვლენებისა და დონალდ ტრამპის ნარატივის ფონზე. მსოფლიომ უსაფრთხოებაზე დადო ფსონი და ამ თვალთახედვიდან ნებისმიერი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ექსტრემიზმს უტოლდება.

ტყუილად ხომ არ მოუწოდა ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში უპირობოდ შესვლისკენ.გარდა ამისა, ბატონმა ბიძინამ, რასაკვირველია, მხედველობაში ის გარემოებაც მიიღო, რომ "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნები ზედიზედ მესამედ მოიგო, მეტის გაკეთება შეუძლებელია და ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მისი პოლიტიკური მისია დასრულებულია.

ტყუილად ხომ არ გაუსვა მან ხაზი იმ გარემოებას, რომ იმედი აქვს მომდევნო არჩევნებში ახალი, დაბალანსებული, ზომიერი პოლიტიკური ძალის გამარჯვების.

იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საბოლოოა, ჩემი აზრით შემდეგი ფაქტი მეტყველებს, რომელსაც პოლიტოლოგები საერთოდ არავითარ ყურადღებას არ აქცევენ, ხოლო ოპონენტები მორცხვად ივიწყებენ - იგი აღარ არის მილიარდერი - მან, როგორც თვითონ აცხადებს, 1.5 მილიარდი დოლარი საქველმოქმედოდ განათავსა, ქონების დიდი ნაწილი ფონდ "ქართუს" გადასცა, შვილებს გაუნაწილა, თავისთვის და მეუღლისთვის კი 200 მილიონი დოლარი დაიტოვა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მას თავისი ცხოვრების შემოდგომის გატარება წყნარად და უშფოთველად სურს.

ეჰ, მილიარდერი რომ ვყოფილიყავი, მეც ასე მოვიქცეოდი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ მიეხმარება ახლად გაჩენილ პოლიტიკურ ძალას, თუკი მასში შესაბამისი პოტენციალი დაინახა. მაგრამ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იგი აღარ დაუბრუნდება. შეიძლება მეშლება, მაგრამ მე ამისი გულწრფელად მჯერა. გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები