"ივანიშვილი არის ყველგან - ჩიტში, გვრიტში, ტიკარაძეში, გომელაურში" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი არის ყველგან - ჩიტში, გვრიტში, ტიკარაძეში, გომელაურში"

ივანიშვილი არის ყველგან: ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, გომელაურში

ივანიშვილი წავიდა, რომ დარჩეს - ეს არის ჩემი ფორმულა. შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის კრიტერიუმი არის ის, აქვს თუ არა მას გავლენა ხელისუფლებაზე. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ისეთ მინისტრებს, როგორებიც არიან ვახტანგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი, მაია ცქიტიშვილი, ყოველდღიური კომუნიკაცია არ სჭირდებათ ივანიშვილთან, რადგან ისედაც იციან რა უნდა გააკეთონ.

"ივანიშვილის პოლიტსაბჭო არის ნათელი მაგალითი იმისა, ივანიშვილი წავიდა თუ არა. რა არის წასვლის კრიტერიუმი? - აქვს თუ არა მას ზემოქმედება ხელისუფლებაზე და არა ის, რომ ის შუშის სასახლიდან ჭორვილაში გადავიდა ან თბილისიდან საფრანგეთში წავიდა. კრიტერიუმი არის ძალაუფლების ფლობა ან არფლობა. შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება. როგორც მისი იდეოლოგები იტყოდნენ - ივანიშვილი არის ყველგან, ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, არის გომელაურში. დაცული მინისტრები, ასევე, არიან თავდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ცქიტიშვილი- მისი გამოზრდილი. რომ შევაჯამოთ ივანიშვილის წასვლა არ წასვლა, ყველა მთავარი ბერკეტი მან დაიტოვა, ის, რომ კომუნიკაცია არ იქნება ხშირი და არ იქნება მუდმივი სატელეფონო კავშირი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ან გომელაურმა და ცქიტიშვილმა. არავითარი კავშირი მათ არ სჭირდებათ, როცა საჭირო იქნება, კავშირიც იქნება და კომუნიკაციაც", - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძე კიდევ ერთ საკითხს, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს შორის გავლებულ პარალელებს შეეხო და განაცხადა, რომ მსჯელობა უნდა მოხდეს არა ფაქტებით, არამედ შედეგებით და შედეგი, გოცირიძის თქმით, არის ის, რომ სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოსულიყო და დაეპატიმრებინათ, ოპოზიციას არჩევნებში ასეთი მხარდაჭერა არ ექნებოდა.

"განსხვავებული კონტექსტია, სააკაშვილი რომ ჩამოსულიყო საქართველოში და დაეპატიმრებინათ, ეს შედეგი ექნებოდა ოპოზიციას და ეს შედეგი ექნებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" ? ფაქტებით კი არ უნდა იმსჯელო, უნდა იმსჯელო შედეგებით, შედეგის თვალსაზრისით სააკაშვილის დისტანციიდან მონაწილეობა ვნახეთ რა იყო და ეს გაყალბებაც რომ არ ყოფილიყო, შედეგი უფრო მეტი იქნებოდა,"- განაცხადა გოცირიძემ.