"ამერიკის დისკუსია ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების თაობაზე, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა" - კვირის პალიტრა

"ამერიკის დისკუსია ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების თაობაზე, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა"

გერმანულ ჟურნალ "შპიგელ"-ში (Der Spiegel) გამოქვეყნებულია 1998-2005 წლებში ქვეყნის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი აფასებს როგორც იმდროინდელ, ასევე ამჟამინდელ საერთაშორისო მოვლენებს, კერძოდ, ლაპარაკობს ნატოს პერსპექტივაზე, ნატოსა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებაზე, ყირიმის შესახებ.

ექს-კანცლერის თქმით, ყირიმის მიერთება, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენდა, მაგრამ არც ნატოს მოქმედება იყო სამართლიანი. "როცა მე კანცლერი ვიყავი, ბევრი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა გაწევრიანდა ევროკავშირში და ნატოში. ეს მათი ნება იყო და ხელს ვერავინ შეუშლიდა... რუსეთსაც მაინცდამაინც არაფერი უთქვამს. მაგრამ შემდეგ ამერიკამ სპეციალურად დაიწყო დისკუსია ნატოში საქართველოსა და უკრაინის შეყვანის თაობაზე, რაც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა, მის გარშემორტყმას... არადა, იმ დროს რუსეთი უფრო ღია სახელმწიფო იყო და მზად იყო დასავლეთთან კოოპერირებისათვის", - განაცხადა გერჰარდ შრედერმა.

"მე ვერ ვხედავ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთისადმი გამოცხადებული სანქციების აზრს. უკრაინას ყირიმი არასოდეს არ დაუბრუნდება, ამას რუსეთის არცერთი პრეზიდენტი არ გააკეთებს. ყირიმში ხომ რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს. უკრაინა რომ ნატოში გაწევრიანებულიყო, როგორც ეს ამერიკას სურს, სევასტოპოლი დასავლური სამხედრო ალიანსის მოქმედების არეალში აღმოჩნდებოდა... ზეწოლას მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში მოაქვს ნაყოფი. დღეს დასავლეთისთვის უფრო უკეთესი იქნება რეალობა გაითვალისწინოს და მოსკოვთან დიალოგი დაიწყოს", - ასეთია გერმანიის ყოფილი კანცლერის პოზიცია.. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ