"გამორიცხული არ არის, ბიძინა ივანიშვილმა შექმნას არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალა, არამედ - ახალი პოლიტიკური ელიტა" - კვირის პალიტრა

"გამორიცხული არ არის, ბიძინა ივანიშვილმა შექმნას არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალა, არამედ - ახალი პოლიტიკური ელიტა"

"ივანიშვილი და სააკაშვილი იმიტომ კი არ არიან პოლიტიკაში, რომ ბილეთი აქვთ აღებული, მომხრეები ჰყავთ და გავლენასაც ინარჩუნებენ"

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა და მის მიერ დატოვებული გუნდის ავკარგიანობა დღემდე განხილვის მთავარ თემად რჩება საზოგადოებაში. გააგრძელებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მართვას "კულისებიდან", თუ - არა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენ ხანს შეძლებს, მთავარი ფაქტორის გარეშე დარჩენილი პარტია მონოლითური გუნდის შენარჩუნებას; რამდენად ნიშანდობლივია ივანიშვილის განცხადება, რომ იგი "ქართული ოცნების" ოპოზიციაში ხილვას ისურვებდა; უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის ჩრდილოვანი მმართველი ისევ ივანიშვილი იქნება - ამ საკითხებზე ანალიტიკოსები გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი:

- ეს საკითხები ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - ოპოზიციის ადეკვატურობაზე, მათ გეგმებზე, პანდემიაზეც კი. ფაქტია, რომ ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს შორის გადაბარების ძალიან მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილი სტაბილურობის ერთადერთი გარანტი იყო. მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკუუმის სერიოზული ფორმირება მოხდა, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან პრობლემურია. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რეალურად, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როდის გავა ივანიშვილი პოლიტიკიდან. ერთია დეკლალირება და მეორე - რეალური შესაძლებლობა. მას ძალიანაც რომ უნდოდეს პოლიტიკიდან გასვლა, მაინც გაუჭირდება და გაუჯანჯლდება.

ფაქტია, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში და მმართველ გუნდს არცთუ ისე დიდი შანსი აქვს სრული ვადით ანუ ოთხი წლით რყევების გარეშე დარჩეს ხელისუფლებაში.

- მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირების შემდეგ გავრცელდა ვერსიები, რომ ეს "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ამაზე რას ფიქრობთ და რამდენად შესაძლებელია ასეთი პატარ-პატარა ნაღმები ოპოზიციას ხშირად დახვდეს?

- "ქართულმა ოცნებამ" დაგეგმა თუ - არა ეს პროვოკაცია, ფაქტია, რომ ის მოხდა, რაც მას ხელს აძლევდა. მე ძალიან მიკვირს მამუკა ხაზარაძისგან, როგორ აღმოჩნდა იგი ალეკო ელისაშვილთან ერთად სტუდიაში. პოლიტტექნოლოგიური, თუნდაც, პიარის თვალსაზრისით, ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. რაც შეეხება ოპოზიციისთვის დადებულ ნაღმებს, ის აუცილებლად იქნება. ამიტომაც ვთქვი, პროცესების შემდგომი განვითარება, უმეტესწილად, დამოკიდებულია ოპოზიციის ადეკვატურობაზე.

- თქვენ უკვე განცხადეთ, რომ შექმნილმა პოლიტიკურმა მოცემულობამ გაიძულათ, პოლიტიკაში ერთჯერადად მოსვლის გადაწყვეტილება მიგეღოთ. თუ ჩამოყალიბდით უკვე, როგორ ან რა ფორმით აპირებთ ამის გაკეთებას?

- ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, რამდენიმე ვერსიას განვიხილავ. ვნახოთ, რა იქნება.

რამაზ საყვარელიძე:

- ივანიშვილი ნამდვილად წავიდა თუ - არა პოლიტიკიდან და დარჩება თუ - არა იგი "ჩრდილოვან მმართველად", ამ საკითხზე მსჯელობა ცოტა არ იყოს ალოგიკურად მიმაჩნია. ივანიშვილი ისევე წავა პოლიტიკიდან, როგორც მიხეილ სააკაშვილი წავიდა. არც მას უჭირავს საქართველოში რამე ოფიციალური თანამდებობა, მაგრამ ხელს არაფერი უშლის, რომ პარტიას უკრაინიდან მართავდეს. სააკაშვილს ზოგიერთებმა მოუწოდეს, რადგან ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შენც წადიო. ესეც აბსურდია. ერთი ან მეორე იმიტომ კი არ არის პოლიტიკაში, რომ ბილეთი აქვს აღებული, მომხრეები ჰყავთ და, შესაბამისად, გავლენასაც ინარჩუნებენ.

- როგორ გგონიათ, მისი ჩრდილოვანი გავლენა ძველებურად "ქართული ოცნებით" შემოიფარგლება თუ ახალი პარტიის შექმნას ჩაუყრის საფუძველს?

- ეს, ალბათ, იმაზეა დამოკიდეული, მისგან დამოუკიდებლად ვინ როგორ მოძლიერდება. ახლა ყველასგან დისტანცია აქვს აღებული და შორიდან აკვირდება სიტუაციას. რადგან თქვა, რომ სურვილი აქვს, ქართულ პოლიტიკაში დაინახოს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" გადაიყვანს ოპოზიციაში, გამორიცხული არ არის, შესაბამისი პოტენციალის ჯგუფის გაჩენის შემთხვევაში, ნამდვილად შეუწყოს ხელი ახალი პარტიის შექმნას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი სიმპათიები თანაბრად გადანაწილდეს, როგორც ახალ პოლიტიკურ ძალაზე, ასევე - ოპოზიციაში გადანაცვლებულ "ქართულ ოცნებაზე" და, საბოლოოდ, მან შექმნას არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალა, არამედ - ახალი პოლიტიკური ელიტა - სახელისუფლებო პარტია თავისი კონსტრუქციული ოპოზიციით. ეს იქნება საბოლოო პროდუქტი.

იხილეთ ასევე: მეორედ წასვლის ეფექტი - გამოიწვევს თუ არა ივანიშვილის წასვლა სახელისუფლებო კრიზისს?!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)