"ეს 10 წელი რას აკეთებდნენ? ბუზებს ითვლიდნენ თუ რა იყო მათი პასუხისმგებლობა? რაში გამოიხატებოდა სახელმწიფოს როლი?" - კვირის პალიტრა

"ეს 10 წელი რას აკეთებდნენ? ბუზებს ითვლიდნენ თუ რა იყო მათი პასუხისმგებლობა? რაში გამოიხატებოდა სახელმწიფოს როლი?"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

წერეთლის თქმით, გელათის თემა არის საზოგადოებისათვის მტკივნეული საკითხი, ხოლო თემის ამ ვითარებამდე მიყვანა გამოიწვია ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ, არაკომპეტენტურობამ და კორუფციამ.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, წულუკიანის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ 10 წლის წინ შედგა კომისია, აბსოლიტურად არასერიოზულია.

"გელათის თემა ჩვენი საზოგადოებისათვის არის ძალიან მტკინვეული საკითხი, ეს არის უპასუხისმგებლობის, არაკომპეტენტურობის და არ ვიცი იმის იქით კიდევ რა არის, კორუფციის თუ სხვა, ამ ყველაფრის ნაზავი. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რაღაც კომისია შედგა თურმე 2011 წელს, 10 წლის წინ; ეს 10 წელი რას აკეთებდნენ? ბუზებს ითვლიდნენ თუ რა იყო მათი პასუხისმგებლობა, რაში გამოიხატებოდა სახელმწიფოს როლი, სახელმწიფოს კონტროლი, კომპანიების ცვლა? ამ ტიპის უპასუხისმგებლო მართვამ და მენეჯმენტმა მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე და აბსოლუტურად არასერიოზულია მუდმივად 10 წლის წინანდელ გადაწყვეტილებებზე საუბარი", - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" და "იკორთა 2007" ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 - 12000 ლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"