"ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ, ამიტომაც გვერჩიან ყველაზე მეტად" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ, ამიტომაც გვერჩიან ყველაზე მეტად"

"პარტიაში ყველაფერი რიგზეა და, "ქართული ოცნების" დიდი სურვილის მიუხედავად, დაშლა არ გვემუქრება, რაც უნდა პროვოკაციები მოგვიწყოს და ხალხი მოგვიგზავნოს, არაფერი გამოუვა"

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველო" ელენე ხოშტარიას შემდეგ შესაძლოა, კიდევ ორმა წევრმა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ოთარ კახიძემ დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა, ოთარ კახიძე და თქვა, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდა და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს "ნაკლებად აკეთებს", თუმცა პარტიაში რჩება. რა ხდება სინამდვილეში "ევროპულ საქართველოში", ტოვებენ თუ არა ლიდერები პარტიას და რა გამოწვევების წინაშე დგას ოპოზიციური სპექტრის ეს ნაწილი, ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი - აკაკი ბობოხიძე გვესაუბრება.

აკაკი ბობოხიძე:

- ელენე ხოშტარიამ უკვე არა ერთგზის ახსნა, რომ პარტიიდან წასვლა და დამოუკიდებლად მოქმედება დიდი ხნის წინ დაგეგმა, თუმცა იგი რჩება ჩვენს მხარდამჭერად. ოთარ კახიძემაც ახსნა, რომ პარტიიდან არსად მიდის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შესახებ კი ახლა თქვენგან მესმის. არ მგონია, ის სადმე წავიდეს. პარტიაში ყველაფერი რიგზეა და, "ქართული ოცნების" დიდი სურვილის მიუხედავად, დაშლა არ გვემუქრება, რაც უნდა პროვოკაციები მოგვიწყოს და ხალხი მოგვიგზავნოს, არაფერი გამოუვა.

- ფიქრობთ, რომ მმართველმა გუნდმა ვინმე შემოგიგზავნათ? - არა, პარტიაში შემოგზავნას არ ვგულისხმობ. დააკვირდით, როგორ იქცევა ელისაშვილი, როგორი სპექტაკლი დადგა ერთ-ერთ სატელევიზო შოუში და ყველაფერს მიხვდებით.

- რას გულისხმობთ? - ალეკო ელისაშვილმა, მინიმუმ, დადგმულ პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა, შევიდა იქ და იმ დროს, სადაც, წესით, არ უნდა ყოფილიყო. მერე იქ რა იკადრა... ოპოზიცია ხომ მრავალფეროვანია და, შესაბამისად, პოზიციები და შეხედულებებიც სხვადასხვაგვარი გვაქვს! თან გვთხოვენ, ხალხსაც დაგვანახეთ, რა ხდება შიგნითო, დავანახვებთ და - რატომ კამათობთ და ჩხუბობთო. თუ კამათი და განსხვავებული აზრების მოსმენა არ უნდა იყოს, მაშინ რის დანახვას და ყურებას ითხოვს ხალხი? ან ერთი ავირჩიოთ, ან მეორე. მე თუ მკითხავთ, მეორე ჯობია, სადაც კამათიც იქნება და შეთანხმებებიც. რაც მთავარია, ადამიანებმა ამ კამათში მტყუან-მართლის გამოცნობა უნდა იცოდნენ. ნახეთ, ელისაშვილმა ბრალი დასდო ხაზარაძეს, რომ, თითქოს, მას ომის დაწყება სურდა. მამუკამ განმარტა და სხვებმაც დაუდასტურეს, რომ სიტყვა “ომი“ სულ სხვა კონტექსტით იყო ნათქვამი. იმას აღარ ვიდავებ, ასეთი "პრივატული" საუბარი ჭორიკანა ქალივით ყველას უნდა უთხრა თუ არა.

ელისაშვილს ყველფერზე ეტყობოდა, მიზანმიმართულ პროვოკაციაში რომ მონაწილეობდა. მამუკა ეუბნებოდა, - ტყუილი რატომ გაიტანეო გარეთო, ის პასუხობდა, - რა, ქურდულ გაგებას "აწვებიო"? რა შუაში იყო ქურდული გაგება? კაცის ნათქვამს კონტექსტს რომ შეუცვლი და ქვეყანას მოსდებ, მერე ამისთვის შენიშვნას რომ მიიღებ, ეს არის ქურდული გაგება? ალეკომაც იცის, ეს ასე რომ არ არის, მაგრამ ხაზარაძის მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა. ნახეთ, რამდენი ტყუილი თქვა: იაგო ხვიჩიასგან გავიგე, რომ, ვითომ, ბადრი ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას" ჩუმ-ჩუმად ხვდებოდაო. სინამდვილეში ყველამ ვიცოდით, რომ ბადრი "ქართულ ოცნებას" ელაპარაკებოდა და ამას ოპოზიციის სახელით აკეთებდა. არანაირი საიდუმლო შეხვედრები არ ყოფილა. ელისაშვილმა არაფრით შექმნა პრობლემები. მამუკა ხაზარაძემ სწორად თქვა, - თუ ამდენი ბოღმა ჰქონდა, ხაზარაძეს მევახშედ და სისხლისმწოვლად მიიჩნევდა, როგორ დადიოდა მასთან შეხვედრებზეო?! იმთავითვე ძალიან ცუდ როლს თამაშობს ოპოზციურ ერთობაში. ჯერ კიდევ მაშინ სცადა სიტუაციის არევა, როდესაც საერთო მაჟორიტარებზე ვთანხმდებოდით და მაშინაც "ევროპულ საქართველოს" მოსდო შარი. გამოვიდა და უსინდისოდ თქვა, - ბოკერია მეხვეწებოდა, ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარი იყავიო. კი, ჩვენ ყველა ვეხვეწებოდით, რომ ოპოზიციური ერთობა შეგვექმნა. ალეკოსაც შევთავაზეთ ჩვენგან მხარდაჭერილი კანდიდატი ყოფილიყო, იქით ხომ არ ვთხოვდით მხარდაჭერას?!

- როგორ გგონიათ, ელისაშვილი მაინცდამაინც თქვენ რატომ გადაგეკიდათ? - ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ეფექტი ორი კომპონენტით ექნება - ქართველი ხალხის საპროტესტო გამოსვლები და საერთაშორისო მხარდაჭერა. ქართველი ხალხის საპროტესტო გამოსვლების გარეშე საერთაშორისო მხარდაჭერას, ცხადია, ვერ მივიღებთ. ამასთან, მხოლოდ ხალხის პროტესტითაც ვერაფერს გავხდებით, რადგან ივანიშვილს ხალხი ფეხებზე ჰკიდია და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლაზე რეაგირებს, ე.ი. ორივე კომპონენტი აუცილებელია. "ნაციონალებისგან" განსხვავებით, დიდ ელექტორალურ მხარდაჭერაზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში გვაქვს ყველაზე დიდი როლი. იმიტომ კი არა რომ სხვაზე უკეთესები ვართ, უბრალოდ ჩვენი ლიდერები წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ. ამიტომაც გვერჩიან ყველაზე მეტად.

- "ქართული ოცნება" და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთთან რა კავშირში არიან? - არ ვიცი, ნებით თუ უნებლიეთ, ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" საქმეს აკეთებს. მმართველმა გუნდმა ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლის ასეთი სტრატეგია აირჩია - სხვისი ხელით ცდილობს ანგარიშის გასწორებას. ეს უფრო მძიმე ბრძოლაა - "ქართული ოცნება" ანუ დაინტერესებული მხარე კი არა, "გულმხურვალე" ოპოზიციონერი, ბატონი ალეკო ელისაშვილი გვდებს ბრალს. ის ყოველთვის მუშაობდა ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ადამიანს ერთხელ ჩადენილი ცოდვა არ უნდა ეპატიოს. ჩვენ შევცდით, როდესაც ოპოზიციურ ერთობაზე პირველი შეტევის შემდეგ იგი ისევ გვერდით დავიყენეთ. ნახეთ, კაცი რას გევდავება? - თითქოს, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარკებას ჩვენ ვშლით. კი მაგრამ, რას ვშლით, შესთავაზა მმართველმა გუნდმა რამე წინადადება ოპოზიციას? ელისაშვილი ამბობს, რომ ამას აპირებენ, ამას დათმობენო, მაგრამ "ოცნების" ლიდერები არაფერს ამბობენ, მაგან რა იცის, რას დათმობს და რას არა ხელისუფლება?! თვითონ გვითხრას ხელისუფლებამ რამე, ალეკო ელისაშვილის პირით რატომ გველაპარაკება?!

- "გირჩისა" და "მოქალაქეების" ერთობლივი ინიციატივა რატომ იყო თქვენთვის მიუღებელი? როგორც თავად ამბობენ, მოგესმინათ და დაგესაბუთებინათ, რატომ იყო მათი ინიციატივა მცდარი. - საქმე ის არის, რომ გაყალბებული არჩევნების მიღმა, მსგავს თემებზე ლაპარაკი არასწორია. ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები საარჩევნო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარვეზის გამო კი არ "მოიგო", უბრალოდ - გააყალბა. ჩვენ ვამბობთ, ხვალაც რომ შეიცვალოს ცესკო და საარჩევნო სისტემა, "ოცნება" მაინც გააყალბებს არჩევნებს და ხელისუფლებას სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დათმობით შეინარჩუნებს, მაგალითად, არჩევნების წინ დაიჭერს 20 ოპოზიციონერს, გააყალბებს არჩევნებს და შემდეგ გვეტყვის, შემოდით პარლამენტში და იმ ოცი კაციდან ათს გამოვუშვებთო. მერე, როცა დასჭირდება, ისევ დაიჭერს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მიტაცებული არჩევნების საპირწონედ არ შეიძლება რომელიმე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დავაყენოთ. მიტაცებული არჩევნების სანაცვლოდ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და შემდეგ მოგვარდება ყველა სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა. აი, ამ მნიშვნელოვანი თემიდან ცდილობს ალეკო ელისაშვილი ყურადღების გადატანას.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)