ბადრი ბიწაძე:"როდესაც სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად დავინიშნე, რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა" - კვირის პალიტრა

ბადრი ბიწაძე:"როდესაც სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად დავინიშნე, რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა"

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ამის შესახებ ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებით ის გამოძიების კითხვებს პასუხობდა.

როგორც ბადრი ბიწაძემ აღნიშნა გამოძიებასთან, არავითარი პრეტენზია არ აქვს, დღეს კი ჩვეულებრივი გამოკითხვა ჩატარდა და ამ საქმესთან დაკავშირებით მისი კომპეტენციის ფარგლებში უპასუხა გამოძიებას.

ამასთან, როგორც ბადრი ბიწაძე განმარტავს, წლების წინ ის ესწრებოდა კომისიის ერთ-ერთ სხდომას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის რანგში.

„კი, მე ვესწრებოდი ერთ-ერთი კომისიის სხდომას, რომელზედაც არის ჩემი ხელმოწერა და რომელიც დავადასტურე. ეს ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა იყო,სადაც იხილებოდა საზღვრის საკითხი, აზერბაიჯანი-საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იყო. მე მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ... მარტში, როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა. საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ. მე რაიმე კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იყო დელეგაციების წარმომადგენლობითი შეხვედრა, სადაც ორივე მხარე გამოთქვამს იმას, რომ რაც შეიძლება ჩქარა უნდა მოხდეს შეთანხმება მოძმე ორ რესპუბლიკას შორის...არავითარი სატელეფონო საუბარი არ მქონია ივერი მელაშვილთან. რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, ის ჩემამდე, ჩემს დროს და ჩემს მერეც მუშაობდა. უბრალო, რიგითი თანამშრომელი იყო. ასე რომ, უშუალო შეხება არ მქონია, მაგრამ მისი უფროსების მეშვეობით ვიცოდი, რომ ერთ-ერთი კეთილსინდისიერი პროფესიონალი თანამშრომელი იყო... მე მაქვს ჩემი აზრი მაქვს, როგორც პროფესიონალს და როგორც მოქალაქეს , რომ ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური“, - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

"ინტერპრესნიუსი"