"ოპოზიციისა და ჩვენი გზები გაიყო" - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
"ოპოზიციისა და ჩვენი გზები გაიყო" - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და მისი თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ხვდებიან. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს, სადაც ელისაშვილი და იოსელიანი ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

როგორც ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თალაკვაძესა და მდინარაძესთან შეხვედრაზე გაარკვევს, რამდენადაა მმართველი გუნდი მზად ოპოზიციის ოთხი მოთხოვნიდან სამი მაინც: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტარაციის ცვლილება, შეასრულოს.

დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა.

"გუშინ მქონდა კომუნიკაცია პარლამენტის
თავმჯდომარესთან. დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვედროდით "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, მათაც დაადატურეს ეს მზაობა, საღამოს თალაკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს 11:00 საათზე, მე და ლევან იოსელიანი მოვსულიყავით - მოვედით. რამდენადაც ვიცით, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა
მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა. ვისაუბრებთ, 4 მოთხოვნაზე, რაც მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში იყო, რამდენად აქვს "ქართულ ოცნებას" სერიოზული მზაობა. ეს გვაინტერესებს. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, ასე ვფიქრობთ. ჯერ უნდა გავიგოთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათი პრიოროტეტები ყველასთვის უკვე ცნობილია.

"ჩვენ ვაპირებთ ინდივიდუალურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, დღეს გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელზეც თავის დროზე გამოთქვეს მზაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები არის გაჭედილი, პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო. პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით რაზე მოვილაპარაკებთ, ან ვერ მოვილაპარაკებთ. პოლიტპატიმრების საკითხი იქნება დაყენებული, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი,"- განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ოპიზიციამ მათ "კოლექტიური სასამართლო" მოუწყო.

"ოპოზიციურ ერთობას რომ გავეთიშეთ ამას რაც შეეხება, გუშინ თქვენ თვითონ ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელე, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა ამას წყვეტს ამომრჩეველი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, ისინი სხვანაირად უყურებენ, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,"- განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ელისაშვილმა გუშინ "ქართულ ოცნებას" შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, სწორედ მას შემდეგ მიიღებს პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას, რაც მმართველი გუნდისგან მოისმენს, აპირებს თუ არა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე დათანხმებას.

ამასთან, გუშინ ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვდებოდა, რადგან ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს. ამასთან, მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში უნდა შედგეს შეთანხმების დოკუმენტიც, რომელსაც ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ ადგილზე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებიც იქნებიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები