"ჰგონიათ, რომ დაბრუნება მინდა და სასამართლოს მეშვეობით, არაჯანსაღი ბრძოლა დაიწყეს" - თამაზ მეჭიაური ივანიშვილზე, "მესამე ძალასა" და გეგმებზე
22-01-2021
"ჰგონიათ, რომ დაბრუნება მინდა და სასამართლოს მეშვეობით, არაჯანსაღი ბრძოლა დაიწყეს" - თამაზ მეჭიაური ივანიშვილზე, "მესამე ძალასა" და გეგმებზე
თიანეთის ყოფილი მერი, თამაზ მეჭიაური თავის რეგიონში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მან მერის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა იმ იმედით, რომ ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატი არჩევნებს მოიგებდა, თუმცა "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაში გადასულმა მეჭიაურმა ამჯერად გამარჯვება ვერ შეძლო. ამბობს, რომ ამის მიზეზი არჩევნების ტოტალური გაყალბება იყო.

არჩევნების შემდეგ იგი კარგა ხანს არ გამოჩენილა მედიასთან გამოჩენილა და არც განაწყენებული ოპოზიციის გვერდით დამდგარა. მისი თქმით, ამ დრომდე ტაიმაუტი ჰქონდა აღებული, თუმცა ბატონი თამაზი აქტიურად პოლიტიკაში ჩაბმას
კვლავ აპირებს. მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შანსები ისევ გაჩნდა.

რა გეგმები აქვს თამაზ მეჭიაურს და როგორ შეხვდა ყოფილი მეგობრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, - ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე ინტერვიუში თავად გვესაუბრება.

- ბატონო თამაზ, ხომ არ ნანობთ, რომ ოპოზიციონერმა მერმა
თანამდებობა დატოვეთ? გვიამბეთ, დღეს რას საქმიანობთ...
- არჩევნების შემდეგ ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში ვარ გადასული, არა პანდემიის გამო, არამედ - ისე, უბრალოდ. თიანეთის მერიაში დარჩნენ ჩემი თანაგუნდელები, ისინი აგრძელებენ საქმიანობას. მე კენჭისყრისთვის უნდა გადავმდგარიყავი, კანონმდებლობის შესაბამისად ეს აუცილებელი მოთხოვნა იყო და გადავდექი. უკან დაბრუნების ირიბი გზაც არსებობდა, მაგრამ მე ამას არ ვაპირებდი, თუმცა იქ ისედაც ქმნიან პრობლემებს. ჰგონიათ, რომ დაბრუნება მინდა და სასამართლოს მეშვეობით დაიწყეს არცთუ ჯანსაღი ბრძოლა.

ახლა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, სივრცე შედარებით გაიხსნა. ვაკვირდები პროცესებს, შევხედავ, რა იქნება და ამის მიხედვით ვიმოქმედებ. ბიძინა ხელს უშლიდა მესამე ძალის შექმნას, რომელიც ამ დრომდე ვერ შეიქმნა და რომელიც სოლიდური მოთამაშე იქნებოდა. ასე იყო დღემდე, ძირითადად - ორპოლუსიანი - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". დღესაც იმავეს ვამბობ, რაც ადრე მითქვამს: ამ მოცემულობას ორივე საკმაოდ შეხმატკბილებულად იყენებდა. "ქართული ოცნება" ამომრჩეველს აშინებდა "ბუათი" ანუ "ნაციონალური მოძრაობით", მისი ყავარჯნიანებით და ვიღაცებით... ასე თუ ისე, ეს დღემდე ამართლებდა. მას შემდეგ, რაც "ნაცმოძრაობის" საქმიანობა კრახით დასრულდა, მთავარი ოპოზიციური ძალის რეაბილიტაცია ამგვარად ხდებოდა. დღეს უკვე ასეთი მოცემულობაა - ბიძინა ივანიშვილის გარეშე მთავარ მმართველ ძალას ისედაც უჭირდა. ვნახეთ, რომ ამდენი ბრძოლის მიუხედავად, 42 პროცენტს ვერ ასცდა და ივანიშვილის გარეშე გაცილებით ნაკლებ პროცენტს მიიღებს, რაც უნდა იყოს. არც “ნაციონალური მოძრაობაა“ ისე ძალიან აღზევებული, რომ “ოცნება“ ჩაანაცვლოს, თუნდაც - მოუგოს არჩევნები, აქედან გამომდინარე, შუაში არის სივრცე  და საჭიროა მესამე ძალის შექმნა. მას შემდეგ, რაც ძველი გუნდის ნაწილი “ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, ან ჩაჩოჩებული თუ გვერდზე გაწეული არის, უმრავლესობა ღიად ვერ დგებოდა საწინააღმდეგო მხარეს, უფრო სწორად, ბევრს არ უნდოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მხოლოდ იმის გამო წასვლა, რომ  "ქართული ოცნება" არ მოსწონდა, ახლა კი არის ის მოცემულობა, რომ ამ მესამე ძალის შექმნაზე დაიწყოს მუშაობა.

- ფიქრობთ, რომ მესამე ძალა უნდა შექმნას იმ ხალხმა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" იყო, მერე კი მას გაემიჯნა და ჩამოშორდა?
- ოცნების ძველ გვარდიაში ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებიც გვერდზე გასწიეს ან თვითონ გაიწიენ რაღაცნაირად, ნებაყოფლობით. არის ის ხალხიც, რომელიც ნიჰილისტურად იყო განწყობილი ამ არჩევნებზე და ამბობდა, მაინც არაფერი შეიცვლებაო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სივრცე არსებობს, გაერთიანებას დრო დასჭირდება და წინასწარ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რამე რეცეპტი არ მაქვს, დრო გვიჩვენებს, რა და როგორ მოხდება. თუმცა იმას კი გეტყვით, რომ საუბრები უკვე დაიწყო.

- კონკრეტულად ვისთან აპირებთ თანამშრომლობას?
- ვერ დაგიკონკრეტებთ. გამოკვეთილიც არ არის, რა და როგორ იქნება. არ მინდა, ჯერ დეტალებზე ვისაუბრო. გასაგებია ისიც, რომ ყველაფერს რესურსი სჭირდება. დრო გვიჩვენებს. არ შევალ იმ თამაშში, საიდანაც ვიცი, რომ მწარედ დამარცხებული გამოვალ. ჯერ დაკვირვების პროცესში ვარ. პირველ ეტაპზე იყო კონტაქტი იმ ხალხთან, ვინც ქართული ოცნების სათავეებთან იდგა და ახლა პროცესებიდან გარიყულია. თუმცა კონსულტაციები ყველასთან შეიძლება.

-  პოლიტიკიდან წასვლის წინ ბიძინა ივანიშვილმაც არ გამორიცხა მესამე ძალის შექმნა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თავად მან შექმნას მესამე ძალა, ან, ასეთ შემთხვევაში, ხომ არ მოიაზრებთ ისევ თქვენი მეგობრის, ივანიშვილის გვერდით ყოფნას?
- მე იქ არ მოვიაზრები. ჯერ ერთი, ასაკი მაქვს უკვე. თუ უნდოდა, მე იქ ვიყავი და ყველაფერი გააკეთეს ახლა, ბოლო არჩევნებზე იმისთვის, რომ მე პარლამენტში არ შევსულიყავი. ჩემზე ნამდვილად არ არის ლაპარაკი, თუ მას რამე აქვს ჩაფიქრებული. თუმცა არ მგონია, ვფიქრობ, გამორიცხულიცაა, ივანიშვილი ღიად ჩაერიოს მესამე ძალის შექმნაში...
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდი. 3 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ვარ, მაჟორიტარულ არჩევნებში სამივეჯერ ოპოზიციიდან გავიმარჯვე. ორჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოვუგე ხელისუფლებას. წაგებებიც ყოფილა, მაგრამ მეორე ადგილის ქვემოთ არ ჩამოვსულვარ. ჩემს რეგიონში გაყალბების ფაქტებმა ყველაფერს გადააჭარბა. ამჯერად ტოტალური ხასიათი ჰქონდა გაყალბებას და გამოიყენეს ყველაფერი, რისი გამოყენებაც შეიძლებოდა. ოდესმე რომელიმე ხელისუფლებას რაც ჩაუდენია, ეს ყველა მეთოდი აითვისეს, თუმცა ეს არ არის გასაკვირი. კომისიის თავმჯდომარედ ჩვენთან ის ადამიანი იყო, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც, "ნაცმოძრაობის" დროსაც და ახლაც ამ თანამდებობაზე ზის. ამდენ ხანში გაყალბებაშიც ძალიან დასპეცდა და დაიხვეწა. მე თიანეთის მერი ვიყავი და ჩემთან ამას აკეთებდნენ და სხვაგან რას გააკეთებდნენ. თიანეთში ბიძინა ივანიშვილი თუ ჩამოვა და თავის დიდი რაოდენობით ფულს დახარჯავს, იმ შემთხვევაში მომიგებს, დანარჩენი, იქ ვინ უნდა მომიგოს? არ არსებობს. ვერ დავდებ თავს, რომ მცხეთას და დუშეთს პირწმინდად მოვიგებდი, მაგრამ კომისიის წევრები და მეთვალყურეებიც კი არ მყავდა არსად. იქ, სადაც შეხვედრებზე უარავი ადამიანი დადიოდა, ნული ხმა რომ მექნება, ეს უნდა დავიჯერო? კაცი, რომელსაც არც კი ვიცნობდი, ვინ არის ან ვის დაეკარგა, როგორ უნდა მომიგოს იმის გამო, რომ გიორგი გახარიასთან ერთად იჯდა სადღაც, კლასში? ამის გამო მისცეს მას ხმა? რაში აინტერესებთ თიანეთელებს ეს? პირწმინდად გაყალბებული იყო ეს არჩევნები.
- თანამდებობას რომ ტოვებდით, წაგებას უშვებდით?
- არა, მეორე ტურს მაინც ვფიქრობდი, მაგრამ პროცესები ისე განვითარდა, რომ ყველაფერი აქამდე მივიდა... ხომ იცით, რაც შეემთხვა ჩემს მძღოლს? (მან თვითმკვლელობა სცადა და მიზეზად ასახელებდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მხრიდან ზეწოლას - ავტ.) ფაქტობრივად, 2 კვირას კლინიკაში ვათენებდი და ვაღამებდი. საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩამიტარებია, ვეღარ ჩავატარე, მეთვალყურეებიც არ მყავდა. საეთერო დროც არ მქონდა - 4 წამი იყო და რა უნდა ჩაატიო 4 წამში? პლაკატის გაელვებასაც ვერ ასწრებდი ადამიანი. ასე რომ, დიდი გაყალბება იყო. სკეპტიკურად ვუყურებ ვადამდელ არჩევნებსაც, თუ ძირეულად არ შეიცვალა ცესკო და კანონმდებლობაც, ხელახალმა არჩევნებმა შეიძლება უკუშედეგიც გამოიწვიოს.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ელოდებოდით? რას იტყვით მის გადაწყვეტილებაზე?
- გადაწყვეტილებებს ის მე არ შემითანხმებდა და არც სხვას, მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როცა კაცი ხელისუფლებაში იძულებით მოვიდა, ის ყოველთვის წასვლაზე ფიქრობს. მოვიდა 2011 წელს, ეს მართლა მისი იძულებითი ნაბიჯი იყო, მაშინ გარისკა თავისი ოჯახით, არაფერი უჭირდა საიმისო, მაგრამ - გარისკა და მოვიდა, რასაც ვაღიარებთ. მოცემულ ვითარებაში ეს ნაბიჯი გადადგა და სწორი იყო. დროთა განმავლობაში ის ეძებდა სიტუაციას, როცა შეიძლებოდა აქედან გასვლა. ერთი პერიოდი გავიდა, მაგრამ შეხედა, რომ ისევ გაუჭირდებოდათ და მეორედ დაბრუნდა. ახლანდელ წასვლას რაც შეეხება, არ ვიცი, რამ უბიძგა, რომ მაინცდამაინც ახლა წასულიყო აქედან, მაგრამ თვითონ პოლიტიკაში ის მაინც რჩება, თავისდა უნებურად, გაყალბებულია თუ არა,  გარკვეული რაოდენობის ხალხმა ხომ სწორედ მას მისცა ხმა?

- თქვენი აზრით, ამ ნაბიჯით ხალხის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას გაექცა?
- მან მიიღო ეს ხმები და მერე თქვა, მე ამ ხალხს ვტოვებ პოლიტიკაშიო. წავა თუ არა რეალურად, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სანამ არჩევნები არ ჩატარდება, ვიდრე პოლიტიკაში მისი დატოვებული გუნდია, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული არ არის. თუმცა თუ ღიად არ გამოთქვამს მათ მხარდაჭერას, მოცემულობას ესეც ცვლის.

- გჯერათ მისი სიტყვების, რომ საერთოდ არ ჩაერევა პოლიტიკაში და კომუნიკაცია არავისთან ექნება?
- დღეს კომუნიკაციის ათასი საშუალება არსებობს. როგორ დავდო თავი, რომ ვიღაც რაღაც სიტყვას არ ეტყვის, ამას ვერ გეტყვით. როგორც ასეთი, მე სადაც უნდა ვცხოვრობდე, დამაინტერესებდა, ჩემს ქვეყანაში რა ხდება. მე მის მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს. ჩემი და მისი მოცემულობაა სხვადასხვაა. მე არც ფინანსები მაქვს, არც კაპიტალი, რომ დამიყადაღონ და თავისუფლად შემიძლია რაღაც გადაწყვეტილება მივიღო. მას რა პრობლემები აქვს, ეს ხომ არ ვიცი. შეიძლება აქვს ისეთი პრობლემები, რომელსაც ღიად ვერ იტყვის.

- ივანიშვილის მეგობარი და თანაგუნდელი იყავით, მაგრამ მეორე მხარეს, ოპოზიციაში გადახვედით, რატომ?
- მეორე მხარეს არ წავსულვარ, წავედი ჩემთვის და ჩემი პარტია გავაკეთე, რომელიც არ იყო ასოცირებული არავისთან. 2018 წელს მერის არჩევნები მოვიგე, მაგრამ მაინც უნდოდათ წართმევა ჩემთვის. სპეცდანიშნულების რაზმიც კი შემოიყვანეს და ალყაში მოაქციეს კომისია, საარჩევნო ბიულეტენები შეცვალეს და გამოაცხადეს, რომ ჩემმა მოწინააღმდეგემ მოიგო. მე მაშინ ბიძინასაც და პრემიერსაც მივაწვდინე ხმა, მითხრეს, რომ სამართლიანად გაირჩეოდა ყველაფერი. კი, მართლაც გაირჩა. "საიაც" დამეხმარა ამაში და მადლობა უნდა ვუთხრა მათ, სხვა არასამთავრობოებმაც შემომთავაზეს დახმარება, მადლობის მეტი რა მეთქმის. მაშინ, ფაქტობრივად, თიანეთი იყო პოლიგონი. მცხეთის სასამართლოზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილების  მათ მაგივრად მრცხვენია. ეს ხომ სააპელაციოში გაირჩევა და მივყვები ბოლომდე, ვიდრე დაიცავს ეს კერესელიძე, ვნახოთ. მერის არჩევნების დროს მაინც მადლობელი ვიყავი, მაშინ სასამართლოში სამართლიანობა ვიღაცისთვის მაინც არსებობდა.

- როგორ ფიქრობთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილის მეგობრობის გამო ხომ არ დაგითმეს თიანეთის მერის თანამდებოდა და დაიხიეს უკან?
- მასთან და პრემიერთან კონტაქტის საშუალება მქონდა. თანაც ყველა დოკუმენტი და პირველადი ოქმი ხელში მეჭირა და ქმედება იმდენად ამაზრზენი იყო, საბოლოოდ, ყველა მასალა ამტკიცებდა, რომ მათ ყველაფერი გააყალბეს. მართლა მოგებული იყო და ამას ბიძინაც მიხვდა, თქვა, სამართლიანად გაარჩიეთ საქმეო და ასეც გაირჩა.

- ახლაც ამბობთ, რომ მოგებული გქონდათ და გააყალბეს, ახლა რატომ არ დაგიცვათ მეგობარმა?
- ახლა ჩემთვის არავის ეცალა, თავისი თავი გასჭირვებოდათ, ხომ ნახეთ, რა დაბალი რეიტინგი ჰქონდათ და ახლა ვინ დაიწყებდა იმას, რომ ეძებნა ჩემი სიმართლე.

- თავის დროზე რატომ გაემიჯნეთ ქართულ ოცნებას, მიზეზი რა იყო?
- პირველი და მთავარი მოთხოვნა იყო სამართლიანობის აღდგენა, რომელიც არ განხორციელდა. თორემ მე რომ იქ წყნარად ვმჯდარიყავი, ახლაც ვიქნებოდი პარლამენტში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ოცეულში მაინც ჩამწერდნენ. მაგრამ არ შემეძლო ჩუმად ყოფნა. თავს რომ იტყუებდნენ, ნატოში შევალთო, ვამბობდი ნატოს არ ვჭირდებით და გეგმებს მაინცდამაინც მაგაზე ნუ ააგებთ-მეთქი, ან მოვიდეს და დაგვეხმაროს ტერიტორიული ინტერესების გატარებაში, მარტო ჩვენ ნუ მივეხმარებით-მეთქი. ვამბობდი - ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და მერე ისინი. ესეც იყო, მაგრამ  იქიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი მაინც სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებლობა იყო.

- ბიძინა ივანიშვილთან თუ გისაუბრიათ სამართლიანობის აღდგენაზე და რას ამბობდა ის?
- მისაუბრია. მეც ვთვლი, რადგან ვიღაც “ნაცმოძრაობაში“ იყო, ამიტომ ყველა კი არ უნდა დაგვეხვრიტა, მაგრამ თავიდანვე ხომ იყო საქმეები, სადაც ძალიან მკაფიოდ, შავით თეთრზე ჩანდა დანაშაული, ხომ ჩანდა წართმეული ქონება, აქტივობები, იყო ძალადობის ფაქტები, იყვნენ უსამართლოდ  დასჯილები ადამიანები. მარტო ერთი ამნისტია გავაკეთეთ, გავუშვით ხალხი ციხიდან, მაგრამ ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა და იჭერდა, ქონებას ართმევდა, ცოტა ხანში ისევ წამყვანები გახდნენ და დღემდე არიან თანამდებობებზე. ვიღაცამ ბიზნესინტერესი ვიღაცასთან გაიყო, ვიღაცამ “ქართულ ოცნებაში“ ნაცნობი ნახა ანუ პატრონი იპოვა და ხედავთ, აგერ სადამდე მივედით. მაგალითად, მცხეთა-მთიანეთში მთლიანად ყოფილი “ნაცმოძრაობა“ აკონტროლებს ყველაფერს. მაჟორიტარიც იქიდან არის, გუბერნიაც და ყველაფერი მათი კადრებით არის დაკომპლექტებული. მე ვიყავი პირველი კოორდინატორი “ქართული ოცნების“ და ვინც მიპირისპირდებოდა მაშინ, ისინი არიან ახლა აქეთ მხარეს და მე ვარ ოპოზიცია. ისევ ჩოჩელი მოიქცა ყველაზე კარგად, ის იყო გუბერნატორი და ყველაზე დიდი დაპირისპირება მასთან მქონდა ადრე, მაგრამ ეს კაცი ისევ იქ დარჩა, მაინც “ნაცმოძრაობასთან“ არის და თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია. ეს ხალხი სჯობს იმათ, ვინც აქეთ გადმობარგდნენ და ჩვენ ჩაგვენაცვლნენ. აქამდე მიგვიყვანა თუნდაც ამ კოჰაბიტაციამ. როგორც ვიცი, სხვა რეგიონებშიც არ არის მთლად კარგად სიტუაცია და იქაც არის მსგავსი პრობლემები.

- დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე რას იტყვით? თქვენი აზრით ალეკო ელისაშვილი სწორად იქცევა?
- შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით საუბარზე თავს შევიკავებ. მე რომ მანდატი მქონდეს, გადავწყვეტდი ამ საკითხს, გააჩნია რა მოცემულობა იქნებოდა... მე ვერ მოვუწოდებ ვერავის ვერაფერს. მაგრამ, როცა შეთანხმდები, ის ბოლომდე უნდა დაიცვა, არ უნდა დაარღვიო. ელისაშვილს გარეთ არ უნდა გამოჰქონდეს, რაც მათ მოილაპარაკეს და ასე არ უნდა ესხმოდეს თავს ოპოზიციას. ყველა კარგად ხედავს, რომ ასეთი სახით მოქცევა და შესვლა, უფრო ცუდად ჩანს. ვინმეს დაშინებული უძახო და აგენტი, ასე არ შეიძლება, რასაც ამბობ, იმას მტკიცებულება უნდა. დამოკიდებულებაა ცუდი, თუ გინდა შესვლა, აღიარე და შედი, თუ თამაშობ, რომ ოპოზიცია ხარ და არ შეხვალ, მერე კი ამას აკეთებ, ეს არ არის სწორი.

- პანდემიიდან გამომდინარე, ალბათ, თქვენი დღის რეჟიმიც შეიცვალა. გვესაუბრეთ, როგორ ცხოვრობს დღეს თამაზ მეჭიაური?
- ძირითადად, შინ ვარ. ფაქტობრივად, დაკრძალვაზე და რამე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე თუ გავალ გარეთ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადამიანებს ძალიან სწრაფად კრძალავენ და ზოგიერთის გარდაცვალების ამბავი ვერც გავიგე და ვერც მივედი. განსაკუთრებით თიანეთში, ყველგან მივდივარ. ვახო ყანჩაველი, გორის ყოფილი დეპუტატი, ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, სამშაბათს მეგონა დაკრძალვა და ორშაბათს დაუკრძალავთ. მოთხოვნა ყოფილა, 72 საათში უნდა დაეკრძალათ და გული დამწყდა, რომ იქ ვერ წავედი. ვერ წავედი, ასევე, ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზეც. ძალიან მინდოდა, მაგრამ რომ ვიკითხე, უკვე დაკრძალული იყო.  ახალგაზრდობაში მას პირადად ვიცნობდი და თავს ვალდებულად ვთვლიდი, იქ მივსულიყავი. მოკლედ, ძირითადად სახლში ვარ, თუ სადმე რჩევას მკითხავენ, არ დავზარდები ხოლმე. ტელეფონით საუბრებიც ისე ძალიან არ ამიკრძალავს, როგორც ბატონმა ბიძინამ აკრძალა. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. შვილი, შვილიშვილი ან მეგობარი თუ მომაკითხავს.

- როგორც ჩანს, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებთ, უკვე ეძებთ თანამოაზრეებს?
- აქტიურად რომ ვეძებდე თანამოაზრეებს, ასე არ ხდება, მაგრამ არის მოლაპარაკებები და რაღაც ფაქტორი, რომლის გათვალისწინების გარეშე, არსად შევალ. თუ სადღაც მიდიხარ, მხოლოდ გამარჯვებაში უნდა იყო დარწმუნებული, მარტო მონაწილეობა მე არ მხიბლავს, ამას სჯობს, ვინმეს, სხვას დავუდგე გვერდში და იმას მივეხმარო. მე მაინც მგონია, რომ მესამე ძალის შექმნა აუცილებლია და უნდა შეიქმნას კიდეც. ვნახოთ, პროცესები როგორ წავა.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

გია
23 იანვარი 2021 14:27
კიდევ კარგად არის ჩვენი ქვეყანა, ასეთი აზროვნების ხალხი რომ მთავრობაში და პარლამენტში იქნება.ტიპს აზროვნება აქვს - ნოლი! და რამხელა ამბიციები აქვს? სიდან ბიჭო ამხელა ამბიციები, სიდან? ვაი ჩვენს პატრონს, მაგარი ერი დავდექით. ფუიი....
ss
23 იანვარი 2021 13:02
თამაზ, ყოველთვის კაცი იყავი და იქნები

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები