"სულ რომ იზოლაციაში მოიქციოს თავი და შუშის კოლბაში ჩაჯდეს, მაინც უამრავი "საცეცი" რჩება"
"სულ რომ იზოლაციაში მოიქციოს თავი და შუშის კოლბაში ჩაჯდეს, მაინც უამრავი "საცეცი" რჩება"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს:

- ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები - ბაიდენის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში უმთავრესი ღირებულება დემოკრატია რომ იქნება, ამაზე
მან ინაუგურაციაზეც ილაპარაკა. ბაიდენის მიერ ენტონი ბლინკენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ასევე, CIA-ის დირექტორის დანიშვნაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთთან მიმართებით მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება. ენტონი ბლინკენმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ნატოში გაწევრება არ არის რუსეთის პრეროგატივა, რომ ეს, უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში, ამ ქვეყნების ავტონომიური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად
უნდა მიიღონ და მასზე გავლენა რუსეთს ვერ ექნება. ივანიშვილს ძალიან კარგად ესმის, რასაც ნიშნავს ეს ცვლილებები. ისიც კარგად იცის, რომ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდნენ - გააყალბეს და გასამარჯვებლად, ფაქტობრივად, გადაწერეს შედეგები. სწორედ ყველაფრისთვის თავის ასარიდებლად გადადგა ეს ნაბიჯი, ფორმალურად, რათა თვალი აეხვია ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ არავინ არის ისეთი მიამიტი, ეს დაიჯეროს. თითქოს, ის არ არის მთავარი პასუხისმგებელი პირი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება... რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მის ლეგიტიმაციას არ ახდენს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი. ლეგიტიმაციას ახდენს ქართველი ხალხი, რომლის უმრავლესობა, მათ შორის - "ქართული ოცნების" წიაღშიც, დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და ამიტომაც არ გააჩნია ლეგიტიმაციის ის ხარისხი, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა ჰქონდეს. ნიშანდობლივია, რომ ივანიშვილს არც ერთმა დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურმა არ მიულოცა გამარჯვება, რატომ? იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, რა მოხდა სინამდვილეში - მძიმე დარღვევებს ვგულისხმობ. ამ დარღვევებზე საუბრობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს.

- აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, ივანიშვილის წასვლით ჩვენი ამოცანა მარტივდებაო. ფიქრობთ, რომ ოპოზიციას ამით საქმე გაუადვილდა?
-  ეს არის წასვლა, ფსევდოწასვლა, დამალვა თუ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ასუსტებს "ქართულ ოცნებას", რადგან ამ პარტიაში ყველაფერი ივანიშვილის ღერძის გარშემო ბრუნავს, სხვას არავის შეუძლია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, ანუ მთელი პოლიტიკური ორგანიზმი ჩამოკიდებულია ამ ერთ კაცზე. თუ ამ პარტიას ვინმე ხმას აძლევდა, გარდა კორუმპირებული ჩინოვნიკების ოჯახებისა და ფინანსურად დაინტერესებული ადამიანებისა, ძირითადად, სწორედ რომ ბიძინას, თალაკვაძის, ან კობახიძის მხარდამჭერები იყვნენ, სხვა ამომრჩეველი მათ არ ჰყავთ...

- ამბობენ, რომ გაზაფხულიდან კვლავ ქუჩაში გადაინაცვლებთ და აქციების რეჟიმში გადახვალთ?
- ჩვენი წილი პასუხისმგებლობაა, რომ გავაერთიანოთ ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლებიდან გავუშვათ ის, ვინც 31 ოქტომბერს ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა. რომ არა არჩევნების გაყალბება, დღეს ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები, ხელისუფლებაში იქნებოდნენ. მრავალფეროვანი გეგმები გვაქვს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს. იცით, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა სერიოზული ცვლილებები, მნიშვნელოვანი გადაჯგუფება. პარტიის ახალი თავმჯდომარე, რომელიც უპრეცედენტო ფორმით ავირჩიეთ - უშუალოდ მხარდამჭერებმა გამოხატეს პოზიციები - გუნდთან ერთად გააჟღერებს გეგმებს პარტიისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, რადგან ეს პარტია არის ყველაზე მძლავრი მოთამაშე დღევანდელ ოპოზიციურ ფლანგზე. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა არჩევნებმაც.

- თუმცა ამ ბოლო ხანს არა ერთი დაპირისპირება მოხდა "ერთიან" ოპოზიციაში, თუნდაც ბოლო დროს მომხდარი დაპირისპირება მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის, იყო სხვა უთანხმოებაც…
- ამგვარი მომენტები, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ უნდა შევძლოთ აზრთა შეჯერება იმ შემთხვევაში, თუ ალეკო ელისაშვილი, მისი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი და "გირჩის" ის ნაწილი, რომელსაც იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი წარმოადგენენ, გადაწყვეტენ, დარჩნენ ოპოზიციაში და არ შევიდნენ პარლამენტში. თუ ოპოზიციაში დარჩებიან, ნამდვილად მოგვიწევს თანამშრომლობა, რათა შევასრულოთ ქართველი ხალხის დაკვეთა და კოალიციური, დემოკრატიული და ცივილიზებული მმართველობა შევქმნათ.

- "ფსევდოწასვლა" უწოდეთ ივანიშვილის გადაწყვეტილებას. ესე იგი, ბოლომდე მაინც არ გჯერათ, რომ ქართულ პოლიტიკაში იგი აღარ დაბრუნდება?
- სულ რომ იზოლაციაში მოიქციოს თავი, შუშის კოლბაში ჩაჯდეს და ჩახსნას ყოველგვარი საკომუნიკაციო არხი "ოცნების" წევრებთან, აქ მაინც უამრავი "საცეცი" რჩება - ისინი ინერციით ბოლომდე მისი დავალებების შემსრულებლებად დარჩებიან. აბა, ტიკარაძე შინაგანი მრწამსის ან პოლიტიკური გამოცდილების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს? ეს ხომ ღიმილის მომგვრელია. ივანიშვილს პირადი კადრები ჰყავს, რათა აკონტროლოს ქვეყანაში მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ საღად და გონივრულად. არჩევნებით დამტკიცდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციას უჭერს მხარს.  ოპოზიციის მიმართ მოლოდინი დიდია, ხალხი მათ მოიაზრებს ამ ქვეყნის რეალურ და ლეგიტიმურ მთავრობად, ადამიანებად, რომლებმაც მოიპოვეს ხმების უმრავლესობა.

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
ზვიო
25 იანვარი 2021 14:07
ეს ქალი ვინ არის?
aburjga
25 იანვარი 2021 12:26
გოგო შე უაზროდ მოლაპარაკევ! შენ და მიშას თუ გაქვთ ცხოვრების და პოლიტიკური აქტივობის უფლება, საქართველოზე გადაყოლილ ივანიშვილს და მის ოჯახს სუნთქვის უფლებაც გინდა ჩამოართვა?!
ლიახვისპირელი
23 იანვარი 2021 22:26
რა ნამუსით ლაპარაკობს ხალხის სახელით? ამას და მის თანამოაზრეებს რომ სინდისი ჰქონდეთ, სირცხვილით გარეთ არ უნდა გამოდიოდნენ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები